RSS Feed

Tag Archives: interesting

არ დავივიწყოთ ტაო კლარჯეთი

ოდესღაც ისტორიული საქართველოს ნაწილი ტაო-კლარჯეთი უმშვენიერესი ბუნებით და ზღაპრული სანახაობით არაერთ მოგზაურს ხიბლავდა. მე-8 საუკუნეში ეს მხარე ქართველ ბაგრატიონთა სამკვიდროდ და ქვეყნის ცენტრად გამოცხადდა. ,,გურჯისტანის ვალაიეთი’’ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის ისტორიული ნაწილი , ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა. 

ყველამ იცის, რომ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ხარჯზე, რომელიც 1918 წლის 27 აგვისტოს შედგა,რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თანხმობის გარეშე უარი თქვა ქართულ მიწებზე. 1921 წლის 23 ოქტომბერს ყარსის ხელშეკრულებით ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი ისევ თურქეთის შემადგენლობაში შევიდა,ხოლო მცირე ნაწილი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საკუთრება გახდა.

 ტაო მდინარე ჭოროხის ხეობაშია , კლარჯეთი მას ჩრდილოეთით ესაზღვრება. ტაო-კლარჯეთში მრავლადაა ( 200-ზე მეტი) ძველი ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრული ძეგლები: ოთხთა, პარხალი, ხახული, ოშკი, იშხანი, , ხანძთა , ბანა, დოლისყანა, შატბერდი და სხვა მრავალი, რომლებიც კვლავაც ინარჩუნებენ უდიდეს მნიშვნელობას საქართველოსთვის და ზოგადად კულტურისთვის, მათ ქართველების ყურადღება და ზრუნვა ესაჭიროებათ. უძველესი ეკლესიები ტაძრები დანგრეულან და ზოგიც სასწაულებრივად გადაურჩა ბუნებისა თუ ადამიანის მიერ მოვლენილ რისხვას. 

ყოველი ჩვენთაგანის ვალია გულგრილნი ნუ ვიქნებით და მეტად დავინტერესდეთ ჩვენი ისტორიული ,  უნიკალური  ძეგლებით. ამასთან დაკავშირებით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა  საქველმოქმედო კონცერტი “გელინო”

 სექტემბერში დაგეგმილი გვაქვს მეგობრებს მოვინახულოთ ეს ულამაზესი მხარე და  ისტორიული ძეგლები.  ჩვენს ისტორიას შევეხოთ და გავუფრთხილდეთ!

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

ხევსურეთი ანუ კულტურული შოკი

   არასოდეს ვყოფილვარ სამოგზაუროდ მთაში, წელს კი  ძალიან მონდოდა კერძოდ ხევსურეთის მონახულება.სურვილი იყო მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი შთაბეჭდილებებით თუ ჩამოვიდოდი, მოსაყოლი  ბევრია და თან არაფერი, ეს არასოდეს დამავიწყდება. ეს უნდა ნახო. ყოველი წვრილმანი მნიშვნელოვანი იყო და დასამახსოვრებელი.

      ჩარგალი . . . ვაჟა ფშაველა, მისი პატარა სახლი და პირადი ნივთები, ულამაზესი ეზო და თივის ზვინები, პეპლები, მთები, ტყე და მდინარე. 

განა ყველა, რაც ხმელია,

კაცისგან საწუნარია!?

ათასს ცოცხალსა ბევრჯელა

ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია.

      გზა . . .  ერთს ვიტყვი: ძალიან უნდა სურდეს  ხევსურეთის ნახვა და მთხოოს საყვარელმა ადამიანმა რომ კვლავ განვიცადო მასთან ერთად ის შიში და დაძაბულობა. არსად არ მინახავს ასეთი ვიწრო გზები, კლდეზე დაკლაკნული და მაცდური, მიმზიდველიც. გეშინია მაგრამ გინდა რომ ეს გზა გაიარო – დათვის ჯვრის უღელტეხილი, თუ მანქანა შეგხვდა მაშინ ხარ ცუდ დღეში, რომ არ იცი როგორ გაივლის ორი მანქანა იმ ვიწრო გზაზე.

     შატილი . . .  მიტოვებული, სევდიანიო ვერ იტყვი, უფრო ჩაფიქრებული სტუმრის მოლოდინში, ხელგაშლილი, გულის კარი ღიაა და მუდამ მზადაა მოგიყვეს თავისი ამბავი. ხევსურების ვაჟკაცობის და მამაცობის მომსწრეს ბევრი რამ აქვს გასახსენებელი და მოსაყოლი. ძალიან გამიხარდა დამსვენებლების ნახვა შატილში. აუშენებიათ პატარა კოტეჯები და ასულან სუფთა ჰაერზე ოჯახები, ტკბებოდნენ იმ სილამაზით რასაც ვერც მხატვარი ვერც პოეტი და ვერც ვერავინ ვერ აღწერს. ეს უნდა ნახო!

ვერც ჩემმა ობიექტივნა აღბეჭდა ის სიდიადე რასაც ჩვენ იქ ვხედავდით, ნაწილობრივ მაინც შეგექმნებათ წარმოდგენა თუ ნახავთ ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებს .

      მუცოს ხეობა . . .   მეორე “შოკი” ულამაზესი, უდიადესი, თვალწარმტაცი, ჯიხვებივით დავხტოდით ნანგრევებზე და ჩვენი ხმა ექოდ გვესმოდა შორიდან. აჭრელდა მთები და გაიხარეს ჩვენი ნახვით, სტუმრობით.

      მეტს ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ ნახეთ ფოტოები და ისიამოვნეთ.

ნ.შ  

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

This slideshow requires JavaScript.

დეკანოზ ლევან მათეშვილის ლექციები

მღვდლებს, განურჩევლად ყველას, პატივი მიაგე, ხოლო კარგების რჩევას მიჰყევი – წმ. ნილოს სინელი

აი ამ სიტყვებით დავიწყებ წერას.

            მინდა გიამბოთ ცოტა რა მამა ლევანის შესახებ, თუმცა მე მისი მრევლი არ ვარ , მყავს სხვა არაჩვეულებრივი მოძღვარი-კეთილი, გულისხმიერი, კარგი მეგობარი, მაგრამ ამჯერად დეკანოზ ლევან   მათეშვილზე გიამბობთ.

            არ დავსწრებივარ  ყველა მის ლექციას, პირველად უფრო  დამკვირვებებლი ვიყავი. ვუყურებდი მის ურთიერთობას სულიერ შვილებთან, როგორი მეგობრული, მზრუნველი და  კეთილია. ყოველ მეორე წირვის შემდეგ ატარებს ლექციას იმ თემაზე რომელიც აქტუალურია, რაც მრევლს აინტერესებს. ამჯერად მამა ლევანმა ისაუბრა, თუ რატომ არ უნდა გადავიდეს მღვდლისადმი ჩვენი დამოკიდებულება ფანატიზმში, თემა იყო ”მოძღვრის გაკერპება” ,  ასევე გვირჩია მღვდელი ისე შევარჩიოთ, როგორც ვირჩევთ მეგობარს, დაქალს თუ ძმაკაცს.

             ყოველი ლექსიის ბოლოს მრევლი  კითხავს მოძღვარს იმ პრობლემის შესახებ ,   რაც მას აინტერესებს  ”არასოდეს თვითნებურად არ გადაწყვიტოთ ხართ თუ არა ღირსნი იმ მადლის მიღების, რასაც ზიარება, ლოცვა და ეკლესიაში სიარული ჰქვია.”-გვთხოვა მამა ლევანმა. გამახსენდა პატარა გოგო რომ ვიყავი, გამოუცდელობის გამო, მეც ბევრი შეცდომები დავუშვი, მაგალითად  როცა ერთ დღეს  გადავწყვიტე ჩემი ცოდვების გამო არ  უნდა მევლო ეკლესიაში და როცა ”გავძლიერდებოდი” მერე დავბრუნდებოდი ტაძარში. დიდი ხანი გავიდა,  უფრო დავშორდი ეკლესიას და შესაბამისად უფრო ცუდად ვიყავი. რამდენჯერმე დამირეკა და მომიკითხა მგალობელმა ნათიამ, რომელსაც ”ანგელოზი” დავარქვი,  სწორედ იმ დროს გამოჩნდებოდა, როცა ძალიან მჭირდებოდა ტაძარი. ერთ დღესაც მივედი ეკლესიაში, ჩემი მოძღვარი იჯდა და სულიერ შვილებს ესაუბრებოდა, რომ დამინახა წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა (ვერ წარმოვიდგენდი თუ ვახსოვდი )და გულში ჩამიკრა. სატრაპეზოში დიდხანს ვისაუბრეთ. ”მე ხომ არ შემეშალა რამე, იქნებ მე დაგაბრკოლეო?”-მკითხა მან და მაშინ უბედნიერესი ვიყავი როცა მივხვდი რომ ასეთი კეთილი, სამართლიანი და თავმდაბალი მოძღვარი მყავდა. მეგონა ჩვენი საუბრის მერე ”მეტანიებით” დავისჯებოდი  🙂  მაგრამ სულაც არა. ბევრი მელაპარაკა, არ ჩქარობდა, წიგნები მაჩუქა, თუ რამე ვერ გაიგე მითხარი და აგიხსნიო, აღსარებისთვის მომზადება მირჩია და კვლავ მიმიღო მონატრებული შვილი ეკლესიის წიაღში. – ჩემი მოძღვრის ლოცვამ დამაბრუნა ნამდვილად.

             იმისათვის რომ არ დავუშვათ შეცდომები,  უცოდინრობის გამო  არ მივაყენოთ ზიანი ჩვენს სულიერ სამყაროს , მინდა მოუსმინოთ მამა ლევანის საინტერესო ლექციებს, რათა დარწმუნებული ვარ და დიდი იმედიც მაქვს ,  რომ თქვენს ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. 

უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ , ამინ!

 

ნ.შ

 P.S  ახლა კი წაიკითხეთ ორი მოძღვრის განმარტება, თუ რას ნიშნავს სულიერი მამა.

”… სულიერი მამა – ეს რამდენადმე სხვა მოვლენაა და სხვა მსახურება. ხშირად ეს ის მღვდელია, რომელმაც შეძლო შენ ხელახლად შობილიყავი იესუ ქრისტეში, ვინაც შენ „სულიერ გზაზე“ დაგაყენა. სულიერი მამა ეს ხელშესახები ქრისტიანული ავტორიტეტია, რომელთანაც საკუთარი სულიერი ძიებების გადამოწმება შეგიძლია. ის არ მბრძანებლობს შენს სულიერებაზე, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელმაც განვლო გაცილებით გრძელი ანდა მეტად ნაყოფიერი ეკლესიური გზა. თავად ტერმინი „სულიერი მამა“ ძალიან ტევადია და მეტყველი. „სულიერი“ განიყოფება „მშვინვიერისაგანაც“ და „ხორციელისაგანაც“ და ამ უკანასკნელთა ჩატევა სულიერი მამისა და სულიერი შვილის ურთიერთობაში ეკლესიური თვალსაზრისით დანაშაულად ითვლება. . . ” – დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი

მოძღვარს მრავალ საცთურთან უწევს ბრძოლა, და მის წინააღმდეგ განსაკუთრებულად იბრძვის ეშმაკი თავის მსახურებთან ერთად. სწორედ ამიტომაც მას ღვთის განსაკუთრებული შეწევნა და გაძლიერება სჭირდება. და როგორც ყველა ადამიანს, შენც, სულიერ შვილს, ლოცვა გმართებს მისთვის, რათა გააძლიეროს იგი ღმერთმა და განამტკიცოს. კეთილდღეობა სახლისა ოჯახის წინამძღოლზეა დამოკიდებული, მხედრის წარმატება – მხედართმთავარზე, კეთილი ნაოსნობა – მესაჭეზე. მაშ, ილოცე, რათა მოძღვარი იყოს ბრძენი და კეთილი, და ქრისტეს სამწყსოც იქნება კეთილწარმატებული. – ტიხონ ზადონელი

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

* * *

წუხელ ვიხილე დედამიწა მთვარეს აჩენდა ,

ცრემლით ვიტირე ,

რა ლამაზი ყოფილა დედა !

                                     ნ.შ   14/05/2003

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

* * *

ჩემი ფიქრი თავზე შალად დამებურა,

დამიკოცნა გული ცხარე ბაგეებით,

ცრემლი ავდრის ნარჩენებად დამეპკურა,

ქარის  კალთა მაფარფატებს გამეტებით . . .

ნ.შ      4/06/2001

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

იმერეთი

ვუმღერ და ვეტრფი  გაოცებული,

ხალხის თვალებიც მომნათებია,

მე სიხარულის განცდით ვჩურჩულებ:

ჩემი იმერეთის მწვანე მთებია.

დამესიზმრება ზოგჯერ  “ნატრული”

თითქოს უჩემოდ მოუწყენია,

მაეჭვიანებს ის სიყვარული,

მარტო დარჩენილს რომ  უმღერიან .

ავფრიალდები ღრუბლად  ქცეული,

რომ მასთან ვიყო, მატკბობდეს მუდამ,

დავეუფლები როგორც გრძნეული,

არვის მივუშვებ ახლოს მის გულთან.

მე მარტოობის დავათრევ ჩანთას,

ეს  ჩამოყრილი ობოლი მხრებია,

მონატრებისას გაგიმხელთ ახლა, რომ

ჩემი სახლი იმერეთია!

ნ.შ  18/04.2002

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

შემწვარი ვაშლი თაფლით

შემწვარი ვაშლი თაფლით

 


ვაშლი 5ცალი
თხილი 100 გრ
შაქარი 1 ს.კ
კვერცხი 1ცალი
ნაღები 150 გრ
თაფლი 1ს.კ
ნაყინი 4 ბურთულა
1.ვაშლს ამოვაცალოთ შუაგული
2.ავურიოთ თხილი,შაქარი და კვერცხი ერთად.
3.ამოვავსოთ ვასლი ათქვეფილი მასით , შევდოთ აირღუმელში და გამოვაცხოთ.
4.სოუსისთვის ქვაბსი ჩავასხათ ნაღები და ავადუღოთ.დავუმატოთ თაფლი და დაბალ ცეცხლზე კიდევ ცოტახანი ვადუღოთ.
5.სუფრაზე გატანის წინ ლანგარზე დავასხათ ცხელი ნაღები ,დავდოთ ვაშლი და ზემოდან დავალაგოთ ნაყინი.
                                                                                                           გემრიელად მიირთვით

%d bloggers like this: