RSS Feed

Tag Archives: დეკანოზი ლევან მათეშვილი

დეკანოზ ლევან მათეშვილის ლექციები

მღვდლებს, განურჩევლად ყველას, პატივი მიაგე, ხოლო კარგების რჩევას მიჰყევი – წმ. ნილოს სინელი

აი ამ სიტყვებით დავიწყებ წერას.

            მინდა გიამბოთ ცოტა რა მამა ლევანის შესახებ, თუმცა მე მისი მრევლი არ ვარ , მყავს სხვა არაჩვეულებრივი მოძღვარი-კეთილი, გულისხმიერი, კარგი მეგობარი, მაგრამ ამჯერად დეკანოზ ლევან   მათეშვილზე გიამბობთ.

            არ დავსწრებივარ  ყველა მის ლექციას, პირველად უფრო  დამკვირვებებლი ვიყავი. ვუყურებდი მის ურთიერთობას სულიერ შვილებთან, როგორი მეგობრული, მზრუნველი და  კეთილია. ყოველ მეორე წირვის შემდეგ ატარებს ლექციას იმ თემაზე რომელიც აქტუალურია, რაც მრევლს აინტერესებს. ამჯერად მამა ლევანმა ისაუბრა, თუ რატომ არ უნდა გადავიდეს მღვდლისადმი ჩვენი დამოკიდებულება ფანატიზმში, თემა იყო ”მოძღვრის გაკერპება” ,  ასევე გვირჩია მღვდელი ისე შევარჩიოთ, როგორც ვირჩევთ მეგობარს, დაქალს თუ ძმაკაცს.

             ყოველი ლექსიის ბოლოს მრევლი  კითხავს მოძღვარს იმ პრობლემის შესახებ ,   რაც მას აინტერესებს  ”არასოდეს თვითნებურად არ გადაწყვიტოთ ხართ თუ არა ღირსნი იმ მადლის მიღების, რასაც ზიარება, ლოცვა და ეკლესიაში სიარული ჰქვია.”-გვთხოვა მამა ლევანმა. გამახსენდა პატარა გოგო რომ ვიყავი, გამოუცდელობის გამო, მეც ბევრი შეცდომები დავუშვი, მაგალითად  როცა ერთ დღეს  გადავწყვიტე ჩემი ცოდვების გამო არ  უნდა მევლო ეკლესიაში და როცა ”გავძლიერდებოდი” მერე დავბრუნდებოდი ტაძარში. დიდი ხანი გავიდა,  უფრო დავშორდი ეკლესიას და შესაბამისად უფრო ცუდად ვიყავი. რამდენჯერმე დამირეკა და მომიკითხა მგალობელმა ნათიამ, რომელსაც ”ანგელოზი” დავარქვი,  სწორედ იმ დროს გამოჩნდებოდა, როცა ძალიან მჭირდებოდა ტაძარი. ერთ დღესაც მივედი ეკლესიაში, ჩემი მოძღვარი იჯდა და სულიერ შვილებს ესაუბრებოდა, რომ დამინახა წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა (ვერ წარმოვიდგენდი თუ ვახსოვდი )და გულში ჩამიკრა. სატრაპეზოში დიდხანს ვისაუბრეთ. ”მე ხომ არ შემეშალა რამე, იქნებ მე დაგაბრკოლეო?”-მკითხა მან და მაშინ უბედნიერესი ვიყავი როცა მივხვდი რომ ასეთი კეთილი, სამართლიანი და თავმდაბალი მოძღვარი მყავდა. მეგონა ჩვენი საუბრის მერე ”მეტანიებით” დავისჯებოდი  🙂  მაგრამ სულაც არა. ბევრი მელაპარაკა, არ ჩქარობდა, წიგნები მაჩუქა, თუ რამე ვერ გაიგე მითხარი და აგიხსნიო, აღსარებისთვის მომზადება მირჩია და კვლავ მიმიღო მონატრებული შვილი ეკლესიის წიაღში. – ჩემი მოძღვრის ლოცვამ დამაბრუნა ნამდვილად.

             იმისათვის რომ არ დავუშვათ შეცდომები,  უცოდინრობის გამო  არ მივაყენოთ ზიანი ჩვენს სულიერ სამყაროს , მინდა მოუსმინოთ მამა ლევანის საინტერესო ლექციებს, რათა დარწმუნებული ვარ და დიდი იმედიც მაქვს ,  რომ თქვენს ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. 

უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ , ამინ!

 

ნ.შ

 P.S  ახლა კი წაიკითხეთ ორი მოძღვრის განმარტება, თუ რას ნიშნავს სულიერი მამა.

”… სულიერი მამა – ეს რამდენადმე სხვა მოვლენაა და სხვა მსახურება. ხშირად ეს ის მღვდელია, რომელმაც შეძლო შენ ხელახლად შობილიყავი იესუ ქრისტეში, ვინაც შენ „სულიერ გზაზე“ დაგაყენა. სულიერი მამა ეს ხელშესახები ქრისტიანული ავტორიტეტია, რომელთანაც საკუთარი სულიერი ძიებების გადამოწმება შეგიძლია. ის არ მბრძანებლობს შენს სულიერებაზე, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელმაც განვლო გაცილებით გრძელი ანდა მეტად ნაყოფიერი ეკლესიური გზა. თავად ტერმინი „სულიერი მამა“ ძალიან ტევადია და მეტყველი. „სულიერი“ განიყოფება „მშვინვიერისაგანაც“ და „ხორციელისაგანაც“ და ამ უკანასკნელთა ჩატევა სულიერი მამისა და სულიერი შვილის ურთიერთობაში ეკლესიური თვალსაზრისით დანაშაულად ითვლება. . . ” – დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი

მოძღვარს მრავალ საცთურთან უწევს ბრძოლა, და მის წინააღმდეგ განსაკუთრებულად იბრძვის ეშმაკი თავის მსახურებთან ერთად. სწორედ ამიტომაც მას ღვთის განსაკუთრებული შეწევნა და გაძლიერება სჭირდება. და როგორც ყველა ადამიანს, შენც, სულიერ შვილს, ლოცვა გმართებს მისთვის, რათა გააძლიეროს იგი ღმერთმა და განამტკიცოს. კეთილდღეობა სახლისა ოჯახის წინამძღოლზეა დამოკიდებული, მხედრის წარმატება – მხედართმთავარზე, კეთილი ნაოსნობა – მესაჭეზე. მაშ, ილოცე, რათა მოძღვარი იყოს ბრძენი და კეთილი, და ქრისტეს სამწყსოც იქნება კეთილწარმატებული. – ტიხონ ზადონელი

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

%d bloggers like this: