RSS Feed

ვაშლოვანის დაცული ტერიტორია (ხორნაბუჯის ციხე, ილიას მთა და პანტიშარა)


ჩემმა მეგობარმა თინათინ მოსიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ასეთი განცხადება:

ტური ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, 29 აპრილი – სავარაუდო მარშრუტი: ილიას მთა, ხორნაბუჯის ციხე და პანტიშარა. 

გასვლა: 7.30 მეტროს სადგური „მარჯანიშვილი” (ვისაც მეტრო აწყობს) და 7.40 კულტურის სამინისტრო (განსაკუთრებით რუსთაველებისთვის). 

მე წამსვლელთა სიაში  ჩავეწერე და კვირას ჩემს უახლოეს მეგობართან  ნანასთან ერთად შევუერთდი დანარჩენ მგზავრებს.🙂

დილიდან არაჩვეულებრივი ამინდი იყო, გზად სამწვადეც ვიყიდეთ და თინათინის მიერ მოყოლილ საქართველოს ისტორიას გულმოდგინედ ვუსმენდით.

დავიწყეთ კამბეჩოვანით, (კამბეჩანი, კამბეჩიანი კამბეჩოვანი ქიზიყის ძველი სახელწოდება) მოიცავდა ტერიტორიას მდ. ალაზნის ქვემოწელსა და მდ. მტკვარს  შორის. ცენტრი ხორნაბუჯი, ამიტომაც პირველად ხორნაბუჯის ციხეს ვესტუმრეთ, (ფოტოები  flickr –ზე)

როგორც გავიგეთ იგი ადრეფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ V ს. ქართველთა მეფე ვახტანგ გორგასალს საეპისკოპოსო კათედრალი დაუარსებია. ამავე პერიოდიდან ხორნაბუჯ, ნეკრესთან ერთად საუფლისწულო საკუთრებად გვევლინება. VI საუკუნიდან ხორნაბუჯი ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობის გამო ჰერეთის აღმ. საზღვრების დაცვის ფუნქციას ასრულებდა. ციხე-ქალაქი გაძლიერებულა მეფე თამარის დროს, ამიტომ იგი აგრეთვე “თამარის ციხის” სახელწოდებით არის ცნობილი.

XIII ს. 60-იან წლებში ციხე-ქალაქი მონღოლთა ლაშქარმა დაარბია. აღუდგენიათ და  XVII ს. ირანის შაჰის, აბას I-ის მიერ დანიშნული კახეთის გამგებლის, ფეიქარ ხანის რეზიდენცია ყოფილა. ციხე – ქალაქის საბოლოო აღდგენა და გაძლიერება კახთა მეფის, ერეკლე II-ის სახელს უკავშირდება (XVIII ს).

1970 წელს ხორნაბუჯში მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრების შედეგად შიდაციხის ქვედა ეზოში გამოვლინდა განვითარებული შუა საუკუნეების კარიბჭისა და კედლის ნაშთი, რომელიც მომდევნო ხანაში ცეცხლმსროლელი იარაღის შემოსვლასთან დაკავშირებით გადაუკეთებიათ, დაუტანებიათ სათოფურები და საგანგებო ტახტები მეთოფურების დასადგომად. შიდაციხე შედგება მრავალი სათავსისა და ურთიერთდამაკავშირებელი ვიწრო და ციცაბო კიბეებისაგან. შიდაციხის შუა და ზემო ნაწილში აღმოჩნდა 2 წყალსაცავი. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა აგრეთვე შიდაციხის დასავლეთით, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც მიწისქვეშა აკლდამების ჯგუფი გამოვლინდა. შიდაციხისა და ქალაქის ტერიტორიაზე გავლებულ საკონტროლო თხრილებში აღმოჩნდა მოჭიქული და მოუჭიქავი ჭურჭლის, ფაიანსის, ქვევრების, მოჭიქული და მოუჭიქავი კრამიტის ჭრაქებისა და სხვა ნივთების ნატეხები. გამოვლენილია როგორც ადრინდელი, ისე განვითარებული შუა საუკუნეების რკინის ისრისპირები, ქვის ბირთვები (ყუმბარები), მონეტები და სხვა ნივთები, რომლებიც ხორნაბუჯის ცხოვრების ყველაზე ინტენსიურ ხანას განეკუთვნება.

“თამარ მეფის ციხიდან” ექვსი ვერსის დაშორებით კიდევ ერთი მთაა, რომელსაც ელიას მთა ეწოდება. მას ძირს მლაშე ტბა ევლება. შუა მთაში გადმოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია ეკლესია. 

გადმოცემა ამბობს, რომ ამ მღვიმეში ილია წინასწარმეტყველისათვის ყვავს საჭმელი მოჰქონდა და, რომ მან თავისი წამოსასხამი მოწაფეს – ელისეს დაუტოვა, თვითონ კი მთის მწვერვალიდან ცაში ამაღლდა” – ალექსანდრე დიუმა 1895 წ.

შირაქისა და ელდარის ველებზე იშვიათად მოჰკრავთ თვალს ხესა თუ ძეძვის ბუჩქნარს და თუ არ იცით ვერაფრით წარმოიდგენთ, რომ აქედან სულ რაღაც ცხრა კილომეტრში პატარა სამოთხე, სიცოცხლის ნამდვილი ოაზისი იწყება-“ვაშლოვანის ნაკრძალი” (საერთო ფართობი – 10142 ჰექტარი). 

ეროვნული პარკი არის დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, საქართველოში 9 ეროვნული პარკია. ერთ-ერთი  არის ვაშლოვანის 

* ალგეთის ეროვნული პარკი
* ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
* ვაშლოვანის ეროვნული პარკი
* თბილისის ეროვნული პარკი
* თუშეთის ეროვნული პარკი
* კოლხეთის ეროვნული პარკი
* მტირალას ეროვნული პარკი
* ყაზბეგის ეროვნული პარკი
* ჯავახეთის ეროვნული პარკი   

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები გამოირჩევა არიდული ნათელი ტყეებითა და უროინა-ვაციწვერიანი სტეპებით. მთისწინეთი დაფარულია მუხნარისა და იფნარის ბუნებრივი კორომებით, სადაც შერეულია ნეკერჩხალი და თელა. აქ გავრცელებულია: კოწახური, ძეძვი, თრიმლი, ჯავჯაგა, უძრახელა და სხვა.

ვაშლოვანში 700-მდე სახეობის მცენარეა აღწერილი, თუმცა მათ შორის აღსანიშნავია, ორქიდეების მრავალფეროვნება (7 სახეობაა), ქართული ზამბახის, ეიხლერის ტიტის, მაიკოს იორდასალამის, ველური ვაზის და სხვა იშვიათი მცენარეების არსებობა.

ვაშლოვანის ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანი და მიზიდველია. ვაშლოვანში სულ 46 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი ბინადრობს. მრავლადაა ტურა, მელა, კურდღელი, მგელი, ფოცხვერი, ლელიანის კატის, გარეული ღორი, მაჩვზღარბა და ნახევარუდაბნოსთვის ასე იშვიათი დათვიც.

აქ წყლის ფრინველების სიმრავლეა, გვხვდება ყანჩები, გარეული იხვები, წითელი იხვები, შაკი, თეთრკუდა ფსოვი და ა.შ

ვაშლოვანის ფაუნაში მნიშვნელოვანი როლი უკავიათ ქვეწარმავლებსაც. აქ მათი 25 სახეობაა აღწერილი. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხმელთაშუაზღვის კუს, გრძელფეხა სცინკის, თვალტიტველა ხვლიკოს, ჯოჯოს და გველების: აზიური მახრჩობელას, ოთხზოლიანი მცურავის, ჩვეულებრივი ანკარას და გიურზას ნახვა შეიძლება.

ვაშლოვანის ტერიტორიაზე 700 სახეობის მწერია დაფიქსირებული, მათი უმრავლესობა კი პეპლებია- 109 სახეობაა.

დათვის ხევის ალესილებში პრეისტორიულ ფაუნის ნახვაცაა შესაძლებელი. გაშიშვლებული ქანების დალექილ ფენებში დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს ზღვის მოლუსკების კარგად შემონახულ ქიტინებს. ეს მოლუსკები ვაშლოვანის ყველაზე ძველი ბინადრები არიან – ჯერ კიდევ იმ დროინდელი, როდესაც აქაურობა ზღვით იყო დაფარული.

ვერ წარმოვიდგენდი სტეპები და კანიონები ამერიკის გარდა სხვაგან თუ იყო, თან ასეთ დიდ ტერიტორიაზე. უნიკალურია ვაშლოვანის ქვაბული, საკმევი ჰქვია ხეს, თუ სწორად მახსოვს და მისი უნიკალურობა გარდა ასაკისა, იმაშიც მდგომარეობს, რომ ჩვეულებრივი ფოთლები აქვს, მაგრამ წიწვის სუნი ასდის და ვაშლის ხის მსგავსია. 

პატარ-პატარა ბუდეები აუშენებიათ მერცხლებს “მერცხლების ქალაქში” რომელიც დათვის ხევის ალესილებშია გაშენებული. (იხილეთ დათვის ხევის ალესილებში “ჩამავალი მზის” ფოტოები)

პანტიშარას ბინადრობენ კასპის კუები, ისე გზად ფოცხვერსაც გადავეყარეთ მგონი.  :)🙂  არ მჯერა!  უფრო გარეული კატა მგონია

უნიკალური ქვაბული, ტყე, რომელიც მილიონ ნახევარს ითვლის, თურმე ზღვის მიმოქცევის შემდეგ, როდესაც დედამიწამ დეფორმაცია განიცადა, ეს ადგილი წყლისგან განთავისუფლდა და დღეს უნიკალური ჯიშის ცხოველებისა და ფრინველების თავშესაფარს წარმოადგენს. 

უნიკალური ქართული ჯიქი კი როგორც ჩანს აღარ ბინადრობს😦 

სპილოს ძვლის სანახავად თქვენ მოგიწევთ პიკნიკისათვის გამოყოფილ ადგილზე გაჩერება და აქედან ფეხით სავალ გზაზე წასვლა. აქ სიარული არ არის რთული, მხოლოდ მზე ძალიან მწველია. თან იქონიეთ წყალი. 

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიას ერთ დღეში ვერ დაათვალიერებთ, რამდენიმე ტურია საჭირო რომ მთლიანად შემოიაროთ  ეს ველური ბუნება.

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: