RSS Feed

სამთავისი (წილკანი, სამთავისი, სხვილო, ბრეთი და დირბი)


მეორე გაჩერება: სამთავისი 

შიდა ქართლის მხარეში, , კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთის მიმართულებით 11 კმ-ის დაშორებით, მდ.ლეხურის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 680 მ, სოფელ სამთავისის ცენტრში, მდებარეობს ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული სამთავისის ტაძარი.  „კალმასობაში” ნათქვამია: „ვახტანგ გორგასალან, მეფემ საქართველოსმან აღაშენა ოთხი ეკლესიანი: წილკნის, სამთავისის, მეტეხის გაღმა მხარისა და რუისისა და ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით ოფრო აქეს სამთავისი. და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი ომჯობესიაო და მუნიდგან ეწოდება სამთავისი.”

ვახუშტი ბაგრატიონი  სამთავისის პირველ მშენებლად ასახელებს VI საუკუნის მოღვაწეს – ცამეტ ასურელ მამათაგან ერთს – ისიდორეს . იგი წერს: „… არს რეხულას აღმოსავლეთით სამთავისი, ეკლესია დიდი, გუნბათიანი, დიდმშვენიერად შენებული. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ქსნისა და ლეხურას ხეობისა. ქმნული არს იგ (13) მამათაგანისა ისიდორესაგან, და დაფლული არს იგი მუნვე“.   (აქ შეიძლება უზუსტობასთან გვქონდეს საქმე, რადგან ცნობილია, რომ 506 წლის დვინის საეკლესიო კრებას უკვე ესწრებოდა სამთავნელი ეპისკოპოსი. ასურელი მამები კი უფრო გვიან ჩამოვიდნენ.)

ეკლესიაში XI საუკუნეზე უადრესი არაფერი ჩანს. სამწუხაროდ, არც XI ს. ეკლესიას მოუღწევია ჩვენამდე თავდაპირველი სახით. იგი რამდენჯერმე დაზიანებულა და ნაგებობის ნაწილებიც დაკარგულა. მიუხედავად ასეთი ცვლილებებისა, მას თავისი ტიპისათვის დამახასიათებელი იერი შენარჩუნებული აქვს და დღესაც იმპოზანტურია.

დღევანდელი ჯვარგუმბათოვანი  ტაძარის აგება დაკავშირებულია სამთავნელ ეპისკოპოს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელთან, თარიღად კი 1030 წელია მითითებული – ტაძრის წარწერებში ჩანს.

ბროსეს  1848 წელს საქართველოში მოგზაურობის დროს უნახავს

ქ. ხატო ღმრთაებისაო შეიწყალე სული ილარიონისა ძისა ვაჩე ყანჩაელისი.

შემორჩენილია იმავე ილარიონ სამთავნელის კიდევ ორი წარწერა. ერთი მათგანი ცალკე ქვაზე უპოვია ეზოში თ. ჟორდანიას, რომელიც ამჟამად მოთავსებულია დასავლეთის ფასადზე, კარის ზემოთ.

…ილარიონ სამთავნელ ებისკოპოსმან აღაშენა ტაძარი ესე დასაბამითგან ქვეყნისა წელთა ხქლდ (6634–5604=1030 წ.) ქორონიკონსა სნ (250+780=1030 წ.)

წარწერა ახლა ძლიერაა დაზიანებული. ქვა ნაწილობრივ მოტეხილია (ზემო მხარე). როგორც ჩანს, იგი ძეგლის რესტავრაციის დროს ჩასვეს ამ კედელში.

XII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე, სამთავისი ჯერ ქართლის კათალიკოსს მიქაელს ეკავა, ხოლო შემდეგ მწიგნობართუხუცესის ანტონ ეპისკოპოსის სამფლობელო იყო.

XV საუკუნეში სამთავისი მეფე გიორგი VIII თავდადებისათვის უბოძა იოთამ ზედგენიძეს ამილახვრობასთან ერთად სამარხად (სასაფლაოდ). ამიერიდან იგი გადადის ამილახვრიანთ მფლობელობაში და სამთავისში იმარხებოდნენ იოთამის ჩამომავალნი. ხალხს შეუთხზავს სვეტიცხოვლის მსგავსი ლეგენდა. ოსტატმა ააგო მცხეთისა და ახალქალაქის (უნდა იყოს – მეტეხის), შეგირდმა კი -სამთავისის ტაძარი. მათში ყველაზე კარგი აუგია მოწაფეს და მისთვის ხელი მოუჭრია ოსტატს. ეს შეგირდი შიგ ტაძარში მარხიაო.

XV საუკუნეში ძეგლს ჩამოენგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და ფასადები.

სამთავისის ტაძარი ქვიტკირით არის ნაგები, მოპირკეთებულია კარგად ნათალი და ლამაზად წყობილი მოთეთრო ქვაფიქლით. აქვს ჯვრის ფორმა და მაღალი გუმბათი. ეკლესიის კარ-ფანჯრების ჩარჩოები სხვადასსვა სახის ორნამენტებითაა მოჩუქურთმებული. განსაკუთრებით მდიდრულად არის მოჩუქურთმებული ტაძრის აღმოსავლეთის ფასადი ჯვრებით, როზეტებით, ყურძნის მტევნებით და სხვ. მარცხენა მხარეზე მოთავსებულია საუცხოოდ შესრულებული გრიფონის ბარელიეფი. ორივე ნიშის კამარები და ფანჯრებიც შემკულია ჩუქურთმიანი ორნამენტებით. შუაში ჩასმულია ჩუქურთმიანი მოზრდილი ჯვარი, რომლის მკლავებში მოთავსებულია ლამაზად ამოკვეთილი ასომთავრული წარწერა: “ქ. ხატო ღვთაებისაო შეიწყალე სული ილარიონი ძისა ვაჩე ყანჩელისო”. სამთავისის ტაძარი ღვთაების სახელზეა აშენებული და მშენებელიც მას შესთხოვს შეწყალებას. ტაძრის დასავლეთის კედელზე ჩასმულია ხუთი ქვაფიქალი ასომთავრული წარწერით. ერთზე იკითხება. “ჰოი“. დიდისა ამილახორისა თანამეცხედრესა მეფეთ-მეფისა ასულსა მეორედ აღმაშენებელსა გაიანეს შეუნდვეს ღმერთმან ამინ”. წარწერა XV საუკუნისაა და გაიანეს ეკუთვნის, ამირინდო ამილახვარის მეუღლეს. იქვე, უფრო დაბლა, არის მეორე წარწერა, რომელიც გაიანეს შვილს სიაოშს ეკუთვნის: “ხატო ღვთაებისაო, მეოხ ექმენ მეორედ აღმშენებელსა შვილს სიაოშისა, ამინ, უფალო ღმერთო”. ამ წარწერიდან ირკვევა, რომ XV საუკუნეში, როდესაც სამთავისი ამილახვრიანთ მფლობელობაში გადავიდა, მათ უზრუნიათ ტაძრის აღდგენაზე. ტაძრის მეორედ ამშენებლები იყვნენ გაიანე (ქართლის მეფე ბაგრატ მეოთხის და) და სიაოშ ამილახვრები (გაიანეს შვილი). თავიდან აშენდა ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ ბურჯი, გუმბათი და დასავლეთ კედელი, სადაც ჩატანებულია სამშენებლო წარწერა.

ეკლესიის კედლის წარწერებიდან მარტო ერთია თავის ადგილზე. იგი მოთავსებულია აღმოსავლეთის ფასადზე, მაღლა, დეკორაციული ჯვრის მკლავებს შორის.

ეს წარწერა ჯვრის ზედა მარცხენა მხარესაა ამოკვეთილი:

ქ. ღმერთი მის შორის და იგი არ(ა შეიძრას უკუნისამდე) გაგრძელება მარჯვნივ ექნებოდა, მაგრამ აღარ შერჩენილა.

დასავლეთის კედელში ცალკე ქვაზე, კარის ზემოთ, მარჯვნივ მოთავსებული წარწერა:

ხატო ღვთაებისაო, ადიდე გლახაკი ილარიონ სამთავნელ ებისკოპოზი ძე ვაჩე ყანჩაელისა, რომელმან მარანი და საწნახელი აღაშენა. ქორონიკონსა სო (270+780=1050 წ.).

როგორც ვხედავთ, ილარიონი იქვე აშენებს 1050 წ. მარანსა და საწნახელს.

ბროსეს გამოცემული აქვს კიდევ ერთი უცნობი წარწერა. იგი მოთავსებული ყოფილა სამხრეთის კარიბჭის შიგნით, პილასტრზე; როგორც ეტყობა, XIX საუკუნის რესტავრაციის დროს გადათალეს. ამჟამად მხოლოდ მისი კვალი ჩანს აქა-იქ. წარწერა მაშინაც ძალიან ყოფილა დაზიანებული და ბროსეს სიბნელეში კარგად ვერ გაურჩევია. ჩვენ ამ წარწერის შემოწმების საშუალება აღარა გვაქვს. იგი 1056 წ. ყოფილა შესრულებული:

აქა მიიყვარა …….. მამა თევდორესი ძისა იოანე ყანჩაელისა რომელმან აღაშენა წმიდა ეკლესია ესე …. ნაშრომში ხელთა მისთანი და უფლისა ….. ვაკურთხოთ ქკნი იყო სოვ.

ქ. ხატო ღმრთაებისაო, ადიდე შენ მიერ დამყარებული ძლიერი და უძლეველი, ღვთივ გჳრგჳნოსანი ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთ მეფე გიორგი. მე იოანე სამთაჳნელმან მეფობისა მათისაგან აღვაშენე კარიბჭე ესე სალოცველად მეფობისა მათისა ინდიქტიონსა მეფობისა მათისა იბ ქორონიკონი იყო ტპჱ.

წარწერა მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდის. უპირველეს ყოვლისა, ვგებულობთ, რომ ტაძრისათვის 1168 წელს კარიბჭე მიუშენებია იოანე სამთავნელ ეპისკოპოსს. ეს წელი კი მეფეთ მეფე გიორგის მეფობის მე-12 წელი ყოფილა (ცნობილია, რომ გიორგი III ტახტზე ავიდა 1156 წელს). სამწუხაროდ, ამ კარიბჭეს ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი გადარჩენილი ფრაგმენტები გასული საუკუნის შუა წლებში არაპროფესიონალმა რესტავრატორებმა მოშალეს.

XV საუკუნის შეკეთებას გვამცნობს ორ ფილაზე ამოკითხული წარწერა. ერთ–ერთი წარწერა მოთავსებულია ტაძრის დასავლეთ კედელზე სარკმლის ზემოთ, ორ ფილაზე:

ჰოი დიდისა ამილახორისა თანამეცხედრესა მეფეთ მეფისა ასულსა, მეორედ აღმშენებელსა გაიანეს შეუნდვნეს ღმრთმან, ამინ.

ს. ბარნაველის აზრს ეთანხმება პ. კარბელაშვილიც, ფიქრობდა რომ სამთავისის ტაძრის აღდგენა მოხდა 1477 წლის მომდევნო პერიოდში, ხოლო რაც შეეხება გაიანეს, იგი უნდა იყოს იმარინდო (ამირინდო) ამილახვრის მეუღლე.

იმავე დასავლეთის ფასადზე, მარცხენა სარკმლის ქვემოთ, მოთავსებულია კიდევ ერთი დაუდევრად შესრულებული წარწერა:

წ. ხატო ღმრთაებისაო, მეოხ ექმენ მეორედა აღმშენებლისა შვილისა სიაოშიკა, ამინ, უფალო ღმერთო.

ს. ბარნაველის აზრით ეს წარწერა შესრულებულია XV საუკუნის ბოლოს ან მომდევნო საუკუნის დასაწყისში.

მომდევნო პერიოდში ტაძრის შესახებ არავითარი ცნობა არ მოიპოვება ისტორიულ წყაროებში, მაშინ, როდესაც მას უდიდესი ცვლილებები განუცდია, ჩამონგრეულა გუმბათი და თან ჩაუტანია დასავლეთის მხარის დიდი ნაწილი. ყველაფერი ეს აღუდგენიათ, მაგრამ, როგორც ჩვეულებრივად ხდებოდა ხოლმე – არა პირვანდელი სახით. 

არის ერთი არაპირდაპირი ცნობა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ტაძარი მოშლილი ყოფილა. ა. ხახანაშვილს, სამთავისის სხვა საეკლესიო ნივთებთან ერთად, გამოცემული აქვს ერთი დიდი ზომის ხატის ვრცელი წარწერა, სადაც დამკვეთები, იოთამ ამილახვრის შვილი დემეტრე და მისი მეუღლე თამარი ჰყვებიან:

ოდეს ვიხილეთ ტაძარი თქვენი ჟამთავითარებისაგან უფროსი ხატი მოშლილიყო და ტაძარსა თქვენსა აღარ ესვენა… მოვაჭედინეთ და შევამკევით ხატი ესე… და დავასვენეთ ტაძარსა და სოფელსა თქვენსა…

წარწერა შესრულებულია 1670 წელს. როგორც ჩანს, ამ წელს ტაძარი უკვე მოქმედებს, მაგრამ ახლო წარსულში საყდარი გამოსული ყოფილა მწყობრიდან. არ არის გამორიცხული, რომ ამ ხანაში ეკლესიის გუმბათიც უკვე აღდგენილი იყო.
ამ აზრს ადასტურებს აგრეთვე იმ წარწერის შინაარსი, რომელიც მოთავსებულია ეკლესიის შიგნით კედელზე. საკურთხევლის სამხრეთის კუთხის შიდა პირზე, ფრესკული მხატვრობის სპეციალურად შემოსაზღვრულ ფონზე წარწერაა, რომელიც ქარაგმების გახსნით და ნაკლული ადგილების აღდგენით შეიძლება ასე წავიკითხოთ:

დაიხატა წმინდა საკურთხეველსა ამას ბრძანებითა გივი ამილახორისითა. ღმერთმან შეუნდვეს, ამინ.

მოპირდაპირე ჩრდილოეთის სვეტზე, არსებული წარწერა უფრო დაზიანებულია. ქარაგმების გახსნით და ნაკლული ადგილების სავარაუდოდ შევსების შემდეგ შესაძლოა წარწერა ასე წავიკითხოთ:

დაიხატა წმინდა საკურთხეველისა ამას ჴელითა სამთავნელ (ეპისკოპოზ) მელიტონ, შეუნდვნეს ღმერთმან. (ქორონიკონსა) ტჲზ. თვესა ოქტომბერსა.

ქორონიკონის მიხედვით წარწერა შესრულებულია 1679 წელს, ოქტომბრის თვეში. ეკლესია კი მოხატულია „ ჴელითა სამთავნელ“ ეპისკოპოსის მელიტონის მიერ. ორივე წარწერით ირკვევა, რომ ტაძარი მოუხატიათ 1679 წელს, გივი ამილახვრის სახსრებითა და სამთავნელი ეპისკოპოსის ხელით.

აღმოსავლეთის ფასადი, ქართული ხელოვნების ისტორიის ბრწყინვალე ფურცელია. ფასადის შუა ნაწილი აწეულია და ორფერდა სახურავითაა გადახურული, გვერდითი დაბალი ნაწილები კი ცალფერდაა. ამ მარტივი მოხაზულობის ფასადის მორთულობა მთლიანად ძლიერი ხაზებითაა შესრულებული. აქ, მიუხედავად მრავალფეროვნებისა, საოცარი ჰარმონია სუფევს. ფასადის ძირითად აქცენტს სხვადასხვა ზომის ხუთი თაღი წარმოადგენს. ცენტრალურ განიერ თაღს, მაღლა, გვერდებზე, განშტოება აქვს თითო მცირე თაღის სახით. მათ ქვემოთ, ლილვებით შემოფარგლულ წრეში, ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. ქვედა რიგი შიდა მაღალი და ვიწრო თაღები ფაქტიურად ღრმა ნიშებს შემოფარგლავს. აღნიშნულ თაღებთან ერთად, ფასადზე მთავარს, ღერძზე მოთავსებული კომპოზიცია წარმოადგენს. იგი შედგება ზედა არეში განლაგებული დიდი ჯვრის, მის ქვემოთ დატანებული სარკმლის მოჩარჩოებისა და შეწყვილებული რომბებისაგან.

თითო მორთული სარკმელი მოთავსებულია განაპირა თაღებში. მათი ჩუქურთმიანი არშია, მთავარი სარკმლის მოჩარჩოებისაგან განსხვავებით, ოდნავ სცილდება კედლის ზედაპირს. ნიშების შიგნითაც თითო სარკმელია – საკურთხევლის გასანათებლად განკუთვნილი, ამ სარკმლებს მაღალი რელიეფის მქონე ჩუქურთმიანი არშია შემოუყვება. ზემო განაპირა არეებზე წერტილებივით დასმული თითო სარკმელია. აღწერილის გარდა, კიდევ ერთი საინტერესო დეტალია მარჯვენა განაპირა თაღის არეში. აქ მოთავსებულია დიდი ზომის ფასკუნჯის ჰორელიეფი.

იგი პირით ცენტრისკენაა მიმართული. თავდაპირველად ფასკუნჯის მეორე გამოსახულებაც ყოფილა, მაგრამ გამოფიტვის გამო ქვები გამოუცვლიათ ასიოდე წლის წინათ, შეკეთების დროს. ქტიტორის წარწერაც ფასადის მორთულობის საერთო ჩანაფიქრს ემორჩილება. მაღლა, ჯვრის მკლავის ოთხივე მონაკვეთში, ლამაზი ასომთავრული ასოებით შესრულებული ვრცელი წარწერაა განლაგებული (შეკეთების დროს მარჯვენა ზედა მკლავში მდებარე გამოფიტული წარწერიანი ქვა შეუცვლიათ ახლით. დანარჩენი წარწერები ადგილზეა).

გვიანდელი მხატვრობის ფრაგმენტები გადარჩენილია მხოლოდ საკურთხეველში. ძეგლი გამოირჩევა პროპორციათა ჰარმონიულობით, ვირტუოზულად შესრულებული მორთულობით. მას ახასიათებს ზოგი თავისებურება, რომელიც საფუძვლად დაედო ქართული ხუროთმოძღვრების შემდგომ განვითარებას. აღმოსავლეთის ფასადის დამუშავება, რომელსაც კვლავინდებურად ხუთთაღოვანი სისტემა უდევს საფუძვლად, ქმნის რთულ დეკორატიულ კომპოზიციას. საკურთხევლის მთავარი სარკმლის თავზე გაჩნდა უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი, სარკმლის ქვეშ კუთხით დაყენებული, ჩუქურთმით შევსებული ორი კვადრატი. სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიული დამუშავების გავლენას დიდხანს განიცდიდა ქართული ხუროთმოძღვრება; მან განსაკუთრებით იჩინა თავი XII საუკუნის I ნახევარში.

სამთავისის თითქმის ზუსტი ანალოგია ქაშვეთი, რომელიც ძმებმა აღლაძეებმა მოაჩუქურთმეს სამთავისის მიხედვით.

საკურთხევლას გვერდითი სათავსები ორ-ორსართულიანია და ერთნაირადაა გადაწყვეტილი. აქაც, ამ ტიპის სხვა ტაძრების მსგავსად, პირველ სართულზე სადიაკვნე და სამკვეთლოა მოწყობილი. ზედა სართულებში კი ე. წ. სამალავებია განლაგებული. სამალავებში ასვლა ზოგ შემთხვევაში პირველი სართულის კედლებში დაყოლებული კიბეებით, ზოგჯერ კი დარბაზის მხრიდან დატანებულ კარებში მისადგმელი კიბით ხერხდება. სამთავისში სწორედ ეს უკანასკნელი გადაწყვეტაა მიღებული. ქვედა სათავსებს კარი ცალ-ცალკე აქვს. სადიაკვნე და სამკვეთლო ორ-ორი სარკმლითაა განათებული, რომელთაგან თითო აღმოსავლეთის კედელში მდებარეობს და თითოც სამხრეთისა და ჩრდილოეთისაში. მეორე სართულის თითო წრიული სარკმელი აღმოსავლეთის კედლებშია მოთავსებული.

ტაძარში მყოფს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს საკურთხევლის გვერდითა ნაწილები სამსართულიანია. ასეთ ილუზიას ორივე მხარეს, სამალავის თავზე მოთავსებული კარის მსგავსი ხვრელები ქმნის. სინამდვილეში ისინი სარკმლებს წარმოადგენენ. მათი შიდა ფორმა სამალავების კარების მსგავსია. ფასადზე კი მცირე ზომის წრიული სარკმლების მსგავსად გამოდის. ისინი სახურავს ზემოთ გამოდიან და ძნელად შესამჩნევია.
ზედა საიდუმლო ოთახიდან უნდა იყოს ასასვლელი კონქზედა სივრცეში, საიდანაც პატარა ოთხკუთხა ხვრელით შეიძლება გუმბათის არეში გასვლა. ასეთი გადაწყვეტა ხშირად გვხვდება ამ ტიპის ნაგებობებში. სამთავისის ხუროთმოძღვარმა გუმბათი ჩვეულებრივად ოთხ საყრდენს დააყრდნო, მაგრამ ადრეული ნაგებობებისაგან განსხვავებით, აქ მხოლოდ დასავლეთის ორი საყრდენია ცალკე მდგარი, აღმოსავლეთისა კი შერწყმულია საკურთხეველთან. ჯვრის მკლავების მაღლა ატყორცნილი გადამხური კამარები ხალვათ სივრცეს ქმნიან. გუმბათის საყრდენი თაღები ნახევარწრიული მოხაზულობისაა.
ტაძრის დასავლეთის მონაკვეთს გადაკეთება ეტყობა, მაგრამ ძველი და ახალი ფენის ზედმიწევნით გამიჯვნა ყველგან ძნელდება გვიანდელი შელესილობის გამო. ზოგადად კი ასეთი სურათი წარმოგვიდგება: გუმბათის საყრდენი ჩრდილო-დასავლეთის პილონი აღუდგენიათ, მაგრამ მისთვის პირვანდელი რვაგვერდა ფორმა კი არ დაუბრუნებიათ, არამედ უწესო, ოთხკუთხა ფორმა მიუციათ. თანაც, ეს ტლანქი მასა არც ერთი ღერძის მიმართ არაა სწორად დაყენებული. შიგნით მყოფს ეს ძალზე ეცემა თვალში. რა უნდა ყოფილიყო ამის ობიექტური მიზეზი, გაურკვეველია.

ტაძრის აღდგენის შემდეგ შიდა კედლები მთლიანად მოუხატიათ. იატაკსაც არაერთი გადაკეთება განუცდია. იგი თავდაპირველად ქვისა უნდა ყოფილიყო. ამჟამად ცემენტის ხსნარით ყველაფერი ისეა მოსწორებული, პირვანდელი სურათის დადგენა შეუძლებელია. მოლესვისას მხოლოდ საფლავის ქვებია დატოვებული.
ტაძრის ფასადებს რესტავრაცია-გადაკეთება გაცილებით უფრო მეტად ეტყობა, ვიდრე ინტერიერს. მიუხედავად შესამჩნევი ცვლილებებისა, ნაგებობის საერთო არქიტექტონიკა ნაკლებადაა დარღვეული. ამიტომ, შორიდან ტაძარი მწყობრი მასებით ჩანს და მიმზიდველია. ფასადების ახლოს დათვალიერებისას კი არსებული ყველა ნაკლი თვალსაჩინო ხდება.

მცირე ეკლესია დგას დიდი ტაძრის სამხრეთით, გალავნის შუა წელზე. მისი სამხრეთი კედელი გალავანს ეკვრის. ეკლესია დარბაზულია (5,8 X 3,2 მ), ნაგებია რიყისა და თლილი ქვით. კედლის წყობაში საშენ მასალად გამოყენებულია ჩუქურთმის ოთხი ფრაგმენტი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია. მცირე ზომის სარკმლებია სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში. სამხრეთ სარკმელს გალავნის კედელი ფარავს.

2005 წლიდან ძეგლის ტერიტორიაზე დაიწყო არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენილ იქნა VI საუკუნის ბაზილიკის ნაშთები. (შემორჩენილია მთლიანი აბრისი და კედლების სიმაღლე ზოგან 1 მეტრამდე აღწევს. ბაზილიკის ნაწილი მთავარი ტაძრის ქვეშ არის მოქცეული).

გამოჩნდა ახლანდელ სამთავისზე დიდი, როგორც ჩანს, ტაძრის საძირკველი. ახალი ტაძრის ჩრდილოეთი კედელი დგას ძველი დაძრის სამხრეთის კედელზე. უფრო სწორედ ძველი ტაძრის სამხრეთი კედელი ახლის საძირკვლადაა გამოყენებული. კარგად იკითხება სამი ნავი და მეოთხე ნავი თუ მინაშენი. ვინც არ იცის რაა ნავი (ალბათ ტერმინოლოგია ყველამ არ იცის) ესაა სივრცე ან კედლებით ან სვეტებით ანდა კედლითა და სვეტებით გამოყოფილი. მაგალითად ანჩისხატი სამ-ნავიანია – ცენტრალური და ორი გვერდითი, რომელბიც გამოყოფილია სვეტებით. ახლა ოთხნავიანი ბაზილიკები (უგუმბათო ეკლესიები) ძალზე იშვიათი რამაა. როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში ნავების რაოდენობა კენტია – ერთი (დარბაზულ ეკლესიებს უწოდებენ), სამი ან ხუთი. ამიტომ, ნიკას აზრით, არაა გამორიცხული რომ ერთი ნავი (მეხუთე) თავად სამთავისის ამჟამინდელი ტაძრის ქვეშ იყოს მოქცეული, მაგრამ ეს არ გაირკვევა სანამ ტაძარში იატაკი არ აიყრება და გათხრები არ ჩატარდება.

ძველი ტაძარი უკვე რაც ჩანს ამჟამინდელზე უფრო დიდია. სავარაუდოდ ალბათ მეექვსე საუკუნისაა. აღმოჩნდა ბათქაშის (შელესილობის) მცირე ფრაგმენტები, თითქოს საღებავის კვალით. ადრეულ პერიოდში ტაძრებში ფრესკები არ კეთდებოდა. მოხატულობა იყო მაგრამ ე. წ. ანიკონური, ანუ ორნამენტებსა და შესაძლოა სიმბოლოებს გამოსახავდენენ, მაგრამ არა სიუჟეტურ ფრესკებს. თითქოს აქაც იგივე სიტუაციაა და ანიკონური მხატვრობის კვალი ნახეს.

სამთავისი კულტურულ – საგანმანათლებლო კერად ითვლებოდა. იქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: გადამწერები ილია (XVI ს) და არქიეპისკოპოსი ევდემონი (XVII ს.) მწიგნობარი და მთარგმნელი კვიპრიანე სამთავნელი (XVII–XVIII ს.ს.) ანტონ I კათალიკოსი და სხვა.

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

ფოტოები:

მოძრაობაში გადაღებული ფოტო.  კარგი გამოვიდა 🙂

ჭა რუსთაველის ქუჩაზე (სამთავისი)

ძველი აბანო სამთავისელი გლეხის ეზოში 

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a comment