RSS Feed

იმერეთი/Imereti


 

ეს, საქართველოს უმშვენიერესი და სტუმართმოყვარე მხარეა, ამაყი და მითოსური… სამხრეთული ტემპერამენტით, ისტორიისა და აწმყოს განსაკუთრებული ნაზავით, ნიჭიერებითა და თეატრალობით გამორჩეული, ეროვნული ტრადიციების პატივისმცემელი და ერთგულად მატარებელი…

კაცხი 

იმერეთი – ვრცელი მნიშვნელობით, დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა და მხარის მდებარეობას აღნიშნავს – ლიხსიქეთა (ლიხის ქედს იქეთ) ანუ, იმერეთი.

იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებენ, რომ აქ ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. იმერეთშია აღმოჩენილი უძველესი ქალაქების ინფრასტრუქტურის ნაშთები.

რეგიონის გული, 35 საუკუნოვანი ქალაქი ქუთაისია.. წარსულში კუტაია.. აია.. ანტიკური დროის არგონავტების ოცნების ქალაქი. კოლხი მედეასა და ოქროს საწმისის კურთხეული მიწა.

X საუკუნეში ქუთაისში ავიდა ტახტზე გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე.

1122 წლამდე საქართველოს სამეფოს რეზიდენცია ქუთაისში იმყოფებოდა.

დღესაც, იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რეგიონია. მისი ადმინისტრაციული ცენტრი – ქუთაისი, საქრთველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადდა მეორე დედაქალაქად.

იმერეთი შავი და კასპიის ზღვებს შორის ევროპისა და აზიის გზების შემკრებია. აქ თავს იყრის ერთის მხრივ აფხაზეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის რეგიონებიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან, ხოლო მეორეს მხრივ – აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, შუა აზიის ქვეყნებიდან, ირანიდან მომავალი საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები. სწორედ იმერეთში მდებარეობს თავისი მნიშნელობით კავკასიაში მეორე (ბაქოს შემდგომ), სამტრედიის რკინიგზის კვანძი.

ტაბაკინი

იმერეთს საინტერესო წარსული და არანაკლებ მნიშვნელოვანი პერსპექტივები გააჩნია მისი საინვესტიციო მიმზიდველობის წყალობით. რეალობა შესანიშნავ საფუძველს იძლევა, რომ საქართველოს შუაგულში დაწყებულმა აღმშენებლობამ ახალი მასშტაბები შეიძინოს და გამორჩეული სიტყვა თქვას თანამედროვე, დასავლური პრინციპების თანაზიარი ქვეყნის ფორმირების პროცესში.

უბისაიმერლები – დასავლეთ ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ იმერეთის ტერიტორიაზე, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობებში. იმერელთა კომპაქტური დასახლებებია საქართველოს სხვა კუთხეებშიც: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი. იმერლები საუბრობენ ქართული ენის იმერულ დიალექტზე. წარსულში ისინი გამოირჩეოდნენ კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებებით. ვახუშტი ბაგრატიონი იმერლებს ასე ახასიათებს: “ხოლო კაცნი და ქალნი, ვითარცა ვსთქუთ, ეგრეთვე იუწყე, გარნა უშუენიერესადცა და უუჰაეროვნესადცა, ვინაითგან გლეხთაცა შვილნი მიგვანან წარჩინებულთა შვილთა. სუფთანი, სამოსელთ გამწყსონი; ეგრეთვე ცხენთა, და იარაღთა, და საჭურველთა; ცქვიტნი, კისკასნი, ენატკბილნი, მსუბუქნი, ფიცხნი, ბრძოლასა შემმართებელნი და ძლიერნი, და არა სულგრძელნი მას შინა და სხუათა შინაცა, უხუნი და მომხუეჭნი, დღეისის მძიებელნი, ხუალისის არა გამომკითხველნი, მომღერალ-მგალობელნი და მწიგნობარნი წარჩინებულნი, და უმეტესნი კეთილხმოვანნი და სხუათა და სხუათა შემძინებელნი. სარწმუნოებითა და ენით არიან ქართველთა თანა აღმსაარებელნი, არამედ უცქვტესად მოუბარნი…” ანთროპოლოგიურად იმერლების დიდ ნაწილს აქვს ქერა თმა, ცისფერი, ხშირად, მონაცრისფრო თვალები, საშუალოზე მაღალი სიმაღლე. იმერლების ნაწილს აღენიშნება წინაზიურ-კავკასიური ტიპის სახე, უმრავლესობას დასავლურ ქართული, კოლხური სახე აქვს.

ქუთაისი

ჭიათურა

მოწამეთა:

ქ. ქუთაისიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთით მდინარე წყალწითელას თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ მოწამეთაში მდებარეობს მოწამეთის მონასტერი. აქ მოხვედრა შეიძლება როგორც რკინიგზით, ისე სამანქანო გზით.

1958 წელს ქუთაის-ტყიბულის გზატკეცილიდან მონასტრამდე სამი კმ-ის სიგრძის სამანქანო გზა მოიყვანეს. იგი გვერდით ჩაუვლის სოფელს, გადაჭრის რკინიგზის ლიანდაგს და დასავლეთიდან მიადგება მდინარე წყალწითელას ხეობაში ღრმად შეჭრილ ციცაბო კლდოვან მაღლობს, სადაც მოწამეთის მონასტერი მდებარეობს.

მოწამეთის მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, საქართველოს ძველი ისტორიის ბრწყინვალე მღაღადებელი, თავის წარმტაცი ხატოვანი ბუნებით წარუშლელ შთაბეჭდილებას რომ ტოვებს მნახველზე. გალავნით შემორტყმული კლდოვანტყიანი მთის დაკავებულ ადგილზეა გაშენებული, ბუნება აქ ღარიბი არაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე. როცა მწვანე სამოსში გაეხვევა ირგვლივ მდებარე მთა-გორები, მაგრამ მაინც პირქუში იერი აქვს. სამი მხრივ ამ ადგილს მდ. წყალწითელა უვლის გვერდს. წყალწითელას ხეობა, სადაც მონასტერი მდებარეობს, ერთ-ერთ დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა და იგი უდიდეს როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამას ადასტურებს აღნიშნული ხეობის ძეგლები, რომელთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მოწამეთის ხუროთმოძღვრულ კომპლექსს.

მოწამეთის შესახებ ერთ-ერთი ადრეული ცნობა დაცულია წმინდანთა ცხოვრებაში: „ადგილსაი მას, რომელსა ჰქვიან წყალწითელი, რამეთუ იყო ადგილი იგი ციხე-ქალაქ და ერ მრავალ“. მართლაც სტრატეგიული თვალსაზრისით „წყალწითელი“ უაღრესად მოხერხებული ადგილია. იგი მდინარის მიერ შექმნილი ნახევარკუნძულია და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეებითაა დაცული. სწორედ ამიტომაც ეს ციხე საშუალო საუკუნეებში მეტად მნიშვნელოვან სამხედრო – სტრატეგიულ პუნქტად გვევლინება.

მე-18 ს. დიდი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი კი მურვანის ლაშქრობის ამბავს ასე გადმოგვცემს: „შემდგომად გამეფდა ძე-სტეფანოზისა მისი. ამის მეფობის მეოთხე წელსა… მოვიდა მურვან ყრუ, დისწული მაჰმადისა სპითა უამრავითა, ვერვინ წინაღუგდა, შემუსრა სომხეთი, ქართული, რანი და ყოველი კავკასია, ხოლო სცნა რა მეფისა ეგრისს ყოფნა შავიდა არგუეთს და მუნ ეწყუნენ მენებურნი მთავარნი დავით და კონსტანტინე და მოსწყიდნენ სპათა მისნი მრავალგზის“.

მოწამეთის მონასტრის წინამძღვარი
2007 წლამდე, აწ გარდაცვლილი
არქიმანდრიტი თორნიკე (მოსეშვილი)

მტერმა მოაოხრა არგვეთის სამთავრო და ბუნებრივია, ვერც ციხე სიმაგრე „წყალწითელი“ გადაურჩა მათ რიცხვს. წმინდანთა ცხოვრებაში ვკითხულობთ: „რამეთუ ყრუსა მურვანსა გამოეღო ეოხა და დაეწვა“. დიდი წინააღმდეგობა გაუწია არგვეთის მთავრებმა. „აღიზახა ვითარცა ლომმან, და აოტნეს და განაბნინეს იგინი და ურიცხვი მოსრნეს“. მაგრამ აღესრულა მურვან-ყრუს ბრძანება და დავით და კონსტანტინე შეიპყრეს.

„ვინ ხართ თქვენი, ქვათა და ძელთა მსახურნო, რომ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა გაგიბედიათ? იქნებ არც გაგიგიათ, რომ მე დიდი ალლაჰის მოციქულის, მუჰამედის დისწული ვარ, იმ მუჰამედისა, რომელსაც ჰმონებს სრულიად არაბეთი და სპარსეთი“. და მაშინვე უპასუხა დავითმა: „ეგ შენი ქადილი ცუდი და ამაოა, რაც შეეხება დედაშენის ძმას მუჰამედს, ეგ სიქადულიც ფუჭი და უქმია, რამეთა ის მუჰამედია მაცდური და დამღუპველი მთელი თქვენი მოდგმის“.

დიდხანს სცემდნენ გახელებით და გამეტებით ხოლო ისინი იწვნენ მდუმარედ და უდტვრინელად ღებულობდნენ ყოველ დარტყმას. მურვან ყრუმ უთხრა: „დაუტოვე ქრისტეს ჯვარი, იგი ხომ შეშაა და სხვა არაფერი, მიიღე სჯული მუჰამედისა და იქნები ჩემი ჯარების უფროსი“. უპასუხა დავითმა: – „ნათელი დაუტევოთ და ბნელს შეუდგეთ? ჩვენ ღმერთმა მოგვიწოდა ნათელისაკენ, მზად ვართ ქრისტეს სახელისთვის ყოველსავე ტანჯვასა, ცეცხლსა, წყალსა, მახვილსა და სიკვდილსა“.

„ჩვენ ყურანში წერია, რომ ქრისტე მარიამის ძე კაცად შობილი და იძახდა ღვთის ძე ვარო, ამიტომ შეიპყრეს და ძელზე გააკრეს, ხოლო მუჰამედმა სპარსნი და არაბნი მოაქცია და ჭეშმარიტ ღმერთს შეაწყნარა“. ამაზე დავითმა მწარედ გაიღიმა და თქვა იქ წერია: – „სახერებიდან ისწავლეთო, გარნა თქვენ უგულისხმონი ხართ, ამიტომ არც წიგნი იცით არც ღვთის ძალა“.

ახლა კონსტანტინეს მიუბრუნდა არაბთა სარდალი „შენ რას იტყვი ყმაო“. კონსტანტინემაც დასძრა „ხმაი დამამხობელი“. „არც მე ვემორჩილები შენ ბრძანებას იმასვე ვიწამებ და ვაღიარებ, რაც ჩემმა ძმამ დავითმა აღიარა“. ათი დღე აწამეს ძმები და ათი დღის შემდეგ კიდევ სცადეს მოლაპარაკება, მაშინ უკანასკნელად დასძრა ენა დავითმა: – „ვიტყვი მხოლოდ იმას რაც თავში ვთქვი, მზად ვართ ქრისტესა და სარწმუნოების გულისთვის, თავი მივცეთ შიმშილს, წყურვილს, ცეცხლსა და წყალს, მახვილსა და ხმალს, ხოლო საბოძვარი არის საძულველ და საძაგელ წინაშე თვალთა ჩვენთა“. ორივე გააშიშვლეს და ხეზე დაჰკიდეს, მძიმე ხელკეტებით სცემეს, შემდეგ ჩამოხსნეს, ქედზე ლოდები დააკრეს და მდინარეში გადაყარეს.

მოწამეთა„ხოლო იქმნა მას ღამესა სასწაული, საშინელი და სასმენად საზარელი, უჩვეულო იყო ცაც, წყალიც, ხმელიც მაღლობიც და დაბლობიც. მთვარეც სრულქმნილი, მთვარეც მიარღვევდა ღრუბელთა უსქესს კრედსამბელს“. სამსვეტოვან შიქ-ჭავლად დაადგა ძმებს მთვარის შუქი ბრწყინავდნე „ვითარცა მთიები განთიადისადმი“. წყლიდან ამოასვენეს მარტვილნი, წყალწითელის ხევში ღრმად ჩაჭრილ კლდოვან ყელს ჩაუდგა პროცესია, აქ ადრე ხარების სახელობის ეკლესია იდგა. ნაეკლესიარში ძველთაძველი აკლდამა იყო, ამ აკლდამაში დაასვენეს მოწამენი, ამ ადგილას მოწამეთა ეწოდა.

XI საუკუნეში ბაგრატ III ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები.

როგორი სახე უნდა ჰქონოდა ეკლესიას თავდაპირველად, რასაკვირველია, ძნელი სათქმელია, მაგრამ ეკლესია შიგნით მცირე ფართობისა იქნებოდა. საკურთხეველი მოთავსებული იყო და არის ჩრდილოეთის მხარეს. ეკლესიას გუმბათი არ ჰქონდა. მე-19 საუკუნეში ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 1844-45 წლებში ლევან, მოსე და ფილიპე ბერეკაშვილებმა შეაკეთეს და გააფართოეს მოწამეთის ეკლესია იმერეთის ეპისკოპოსის დავით წერეთლის ხელმძღვანელობით. სამუშაოები მთლიანად დასრულდა 1865 წელს. დასრულდა იგი ხარების ეკლესიის შიგნით კანკელის გადაკეთებით. 1922-24 წლებში ჩვენში დაიხურა ეკლესია-მონასტრები, დაინგრა არქიტექტურის ძეგლები, დაიწვა უნიკალური წიგნები, დაიღუპა ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები და სხვა.

მოწამეთის ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა 1954 წელს, რაზედაც მიუთითებს დასავლეთის მოსაცდელში დაცული წარწერა. მასში მოხსენიებულია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი, ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი ნაომი „შავიანიძე“, მღვდელი სულაკაძე, რომელთა მეოხებით აღდგენილი იქნა წირვა-ლოცვა. ამ დროს გადაასვენეს დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ქუთაისის მუზეუმიდან მათს სამკვიდრებელში – მოწამეთის მონასტერში.

მოწამეთის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია. გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტს, ორი საკურთხევლის შვერილია, ეკლესიას აქვს ორი კარი, დასავლეთის და სამხრეთის. საკურთხეველი ჩრდილოეთ მხარეს აქვს, რაც მეტად საინტერესოა. შეიძლება ეს განაპირობა იმან, რომ ყველაზე საპატიოადგილს აღმოსავლეთის მხარეს დაკრძალული იქნენ წმინდა მოწამე დავით და კონსტანტინე, ამიტომაც საკურთხეველი ხუროთმოძღვარმა გადაიტანა ჩრდილოეთით.

საკურთხეველი გადატიხრულია XIX საუკუნის ხის კანკელით, რომელზედაც წარმოდგენილია სიუჟეტები სახარებიდან და წმინდანთა ცხოვრებიდან. საკურთხევლის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე ხის ორ მოჩუქურთმებულ ლომზე, დევს ხიდან დამზადებული ლუსკუმი, რომელშიც მოთავსებულია წმინდანების ნეშტი. ლუსკუმი დამზადებულია ვინმე სულთანოვიჩის სახსრებით, ქვემოთ დატოვებულია ადგილი, რომ მორწმუნეებმა ჩოქვით გაიარონ.

ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლო, მასზე წარწერაა: რომ აგებულია იმერეთის მიტროპოლიტის დავითის განკარგულებით 1845 წელს. იქვეა ეკლესიის მსახურთა საცხოვრებლები. დასავლეთით გრძელი მოსაცდელი, აგებულია ძველ ნაეკლესიარზე, მოსაცდელზე 1960 წელს წინამძღვრის სახლი დაუშენებიათ. ეზოში დაკრძალულნი არიან XIX-XX საუკუნეების მსახურნი ამ მონასტრისა.

მოწამეთის მონასტერი საყურადღებო ძეგლია, როგორც ისტორიული ისე საკულტო დანიშნულებით. მას საპატიო ადგილი უჭირავს ქართველი ერის კულტურის საგანძურში.

გადმოტანილია ვებ-საიტიდან: „ქუთაისი“
http://kutaisi.iatp.ge/motameta.htm

გელათი:

ქალაქ ქუთაისიდან 11 კმ-ის დაშორებით, აღმოსავლეთით, მდ. წყალწითელას თვალწარმტაც ხეობაში მდებარეობს ქართული ხურორთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი გელათის მონასტერი.

მონასტერი წარმოადგენს ხუროთმოძღვრულ ანსამბლს: მთავარი ტაძარი, რომელიც სამი წახნაგოვანი აბსიდიდან მნახველისკენაა მიმართული, მისგან აღმოსავლეთით შედარებით მცირე მოცულობის წმ.გიორგის გუმბათიანი ეკლესიაა. ხოლო დასავლეთით – წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ორსართულიანი შენობა – თაღოვანი გასასვლელით ქვემო სართულზე. ოდნავ მოშორებით, წყაროს თავზე, აღმართულია სამრეკლო, რომლის ქვედა სართულში თიხის მილებით გაყვანილია სასმელი წყალი. მთავარი ტაძრისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთით დგას XII საუკუნეში დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული აკადემიის შენობა.

გელათის მონასტერს საფუძველი XII საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა. მშენებლობა 1106 წელს დაიწყო დავით აღმაშენებლის ინიციატივით. ამ პერიოდში დაარსდა გელათში მონასტერი და აკადემია, რის წყალობითაც იგი გახდა არა მარტო საეკლესიო ცხოვრების სავანე, არამედ საერთო განათლების ცენტრი და ფილოსოფიური აზროვნების კერა. ამჟამად გელათის მონასტერი დაცულია სახელმწიფოს მიერ და ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალს წარმოადგენს.

ღვთისმშობლის მთავარი ტაძარი.

გელათის მონასტრის არქიტექტურული ანსამბლიდან თავისი სიდიდით, მხატვარული გაფორმებით და მნიშვნელობით გამოირჩევა ღვთისმშობლის ტაძარი (სიგრძე 29,20 მ, სიგანე 20,20 მ, სიმაღლე, უგუმბათოდ 20 მ, გუმბათით-36,39 მ.) ტაძრის აგება დაიწყო დავით აღმაშენებლის მიერ მონასტრის დაარსებისთანავე და დამთავრდა მისი სიკვდილის შემდეგ, მეფე დემეტრეს დროს (1130 წ.), რომელმაც მოახატვინა და აკურთხებინა ტაძარი.

შენობის ასაგებად ძირითადად გამოუყენებიათ ადგილორივი კირქვა. კედლებისათვის – რიყის ქვა და დუღაბი, შემდეგ ორივე მხრიდან მოუპირკეთებიათ ლამაზად დამუშავებული ფილაქვით, რომელიც ზოგან განსაცვიფრებელი სიდიდისაა. ტაძრის ფასადები დეკორირებულია გრძელი ჩარჩოებითა და მსუბუქი კამარნარებით. გელათის მთავარი ტაძარი დეკორის თვალსაზრისით, გარედან დასრულებული არ არის. საკურთხევლის შუა სარკმლის მინიატურული ნახევარსვეტებისა და დისკოს დახვეწილი ჩუქურთმები, ასევე სამხრეთ ფასადის სარკმლის გადაწყვეტა მოწმობს, რომ ტაძარი დეკორატიული ჩუქურთმებით უნდა ყოფილიყო მოპირკეთებული ეპოქის შესაბამისად. ტაძრის თანადროული სამხრეთის ნიშები, რომელსაც აფსიდა ტაძრის მსგავსად აქვს გამოშვერილი, ასევე შემკულია კედლის კამარნარებით. ტაძრის შიდა სივრცე გრანდიოზულია; გუმბათის 16 სარკმლიანი მასიური ყელი ეყრდნობა საკურთხევლის აფსიდის გამონაშვერ კედლებს და ორ მძლავრ საყრდენს, ფართო თაღებით უერთდება ტაძრის დასავლეთის კედლებს და ორ მძლავრ საყრდენს, ნათრექსის ზემოთ ქანდარაა. ქანდარაზე ასასვლელი კიბეები მოთავსებულია ტაძრის გვერდით კედლების ბოლოებში. ფართო, დიდებულ აფსიდას, რომელიც სამი ფანჯრით არის განათებული, ქვემოთ, საკურთხევლის მთელ სიგრძეზე, შემოუყვება ოთხსაფეხურიანი დასაჯდომი, ცენტრში კი დგას შვიდსაფეხურიანი ტახტი.

საკურთხევლის ჩრდილოეთით მოთავსებულია სამკვეთლო, ხოლო სამხრეთით – სალარო, ფართო და მაღალ ტაძარში სინათლე კედლებისა და გუმბათის ყელის ფანჯრებიდან შემოდის. ტაძარში მნახველის ყურადღებას იპყრობს საკურთხევლის აბსიდის კონქში წარმოდგენილი მაღალმხატვრული ოსტატობით შესრულებული მოზაიკური კომპოზიცია. კომპოზიციის ცენტრში, ოქროსფერ ფონზე, გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, მარჯვნივ და მარცხნივ მთავარანგელოზები – მიქაელი და გაბრიელი. მოზაიკა ტაძრის არქიტექტურის თანადროულია. ამ დროს ფერწერა ადგილს უთმობს შედარებით მოგვიანო, ძირითადად XVI-XVII საუკუნეებში შესრულებულ მხატვრობას.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჩრდილოეთის კედლის ქვედა რეგისტრის მხატვრობა (XVI ს). სადაც წარმოდგენილი არიან ისტორიული პირები: დავით აღმაშენებლი გამოსახულია მარჯვნივ მთელი ტანით, რომელსაც მარცხენა ხელში უჭირავს მთავარი ტაძრის მოდელი, მარჯვენაში – სიგელის გრაგნილი. ეს ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი, თუმცა გვიანდელი პორტრეტია დავით აღმაშენებლისა, რომელიც დამშვენებულია ასომთავრული წარწერით: ,,დიდ მეფეთა შორის წარჩინებული აღმაშენებლის საუკუნომდცა არს ხსენება დავით, ამინ“. დავით აღმაშენებლის გვერდით გამოსახულია დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი ევდემონ ჩხეტიძე (XVI ს). ვინაობის აღმნიშვნელი წარწერით. მის გვერდით წარმოდგენილნი არიან იმერეთის მეფე ბაგრატ III (1510-1565) და მისი მეუღლე ელენე. შემდეგ იმერეთის მეფე გიორგი ბაგრატის ძე (1565-1584), მისი მეუღლე რუსუდანი და მათი შვილი ბაგრატი. თითოეულ მათგანს აქვს შესაბამისი წარწერა. ჩრდილოეთის სვეტზე აღმოსავლეთიდან მიშენებულია ორსაფეხურიანი პატარა გუმბათოვანი ქვის ტახტი, რომლის კარნიზზე ვკითხულობთ: ,,მოიხსენე, უფალო, ტახტის ამის აღმაშენებელი მეფის ალექსანდრეს ძე, გელათის მიტროპოლიტი იოსებ. ამას წელსა იყო ქრისტეს აქეთ ქორონიკონი ჩღ. (1760 წ)“.

ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, ქანდარაზე ასასვლელ კიბესთან, დასაფლავებულია იმერეთის მეფე სოლომონ I (1751-1784). ტაძარს აქვს მინაშენები. ერთი მათგანი (სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან) აუშენებია დავითის შვილს დემეტრეს. გელათის მონასტერი ითვლებოდა ქართველ მეფეთა საძვალედ. XII საუკუნიდან აქ მარხავდნენ საქართველოს მეფეებს, XV საუკუნიდან (საქართველოს პოლიტიკური დანაწევრების შემდეგ) – მხოლოდ იმერეთის მეფეებს.

ხალხური გადმოცემა ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ მინაშენს უკავშირებს თამარ მეფის სახელს. აქ წელიწადში ერთხელ იმართებოდა თამარ მეფის მოსახსენებელი პარალკისი. მემატიანის აზრით, თამარი დაკრძალულია გელათის მონასტერში. თამარის თანამედროვე ისტორიკოსები აღნიშნავენ: ,,თამარი ახალს მონასტერსა გელათს დამარხესო“. სამხრეთ-აღმოსავლეთი მინაშენის კედლები მოხატულია XII საუკუნეში. ჩვენამდე მოაღწია ამ მხატვრობის უმნიშვნელო ნაშთებმა. XIII საუკუნის მეორე ნახევარში იგი ხელმეორედ მოიხატა და ეს უკანასკნელი უკეთ არის შენახული. ამავე ეკვდერში, წარმოდგენილია თამარ მეფის შვილიშვილის დავით ნარინის (1247-1289) ორი გამოასხულება, ერთი საერო, ხოლო მეორე – ბერის ტანსაცმელში.

ტაძრის ჩრდილოეთ კარიბჭეში დასაფლავებულია დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი ზაქარია ქვარიანი (გარდაიცვალა 1610წ). კარიბჭის კედლის მხატვრობა XII საუკუნისაა. აღმოსავლეთ კედელზე მოცემულია XV საუკუნის დასასრულისა და XVI საუკუნის დასაწყისის მხატვრობა – მეფე დედოფლის კურთხევა. კარიბჭის აღმოსავლეთი ეკვდერის კედლები დაფარულია XVII საუკუნის ფრესკებით.

ტაძრის უძველესი მხატვრობა წარმოდგენილია დასავლეთის კარიბჭეში. აქ შემორჩენილია 1125-1130 წლების მხატვრობის ნაშთები. მხატვრობის ძირითადი თემაა მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრება (უნიკალური XII საუკუნის ხელოვ¬ნებაში). კარიბჭის სამხრეთ ნაწილში მოთავსებულია ოთხსვეტიანი პატარა ეკვდერი, რომლის სამხრეთ კედელზე გამოსახულია იმერეთის მეფე ალექსანდრე III გიორგის ძე და მისი მეუღლე ნესტან დარეჯანი (XVII ს.) კარიბჭეში დაკრძალული არიან XIX საუკუნის სასულიერო პირები.

წმ. გიორგის ეკლესია

მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით დგას XIV საუკუნის დასაწყისში აგებული წმ. გიორგის ეკლესია. ტაძრის გეგმა და შიდა გაფორმება შეესატყვისება ეპოქის ტრადიციებს. ყურადღებას იპყრობს გუმბათქვეშა საყრდენების ორიგინალური გადაწყვეტა – მრგვალი სვეტები, რომელთა ბაზები შემკულია ფესტონების ორი რიგით. ტაძარში დაცულია სამმალიანი დაბალი ტიხარი, რომელიც დანარჩენი ნაწილისაგან ყოფს საკურთხეველს. იგი ტაძრის თანადროულია. დასავლეთის თაღის ქვეშ შესრულებული წარწერა გვამცნობს, რომ, წმინდა გიორგის ეკლესიის კედლები მოუხატვინებია დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსს ევდემონ ჩხეტიძეს (XVI ს.) იგი გამოსახულია სამხრეთის კედელზე, მის გვერდითაა იმერეთის მეფე ბაგრატ III მეუღლითურთ. გარდა ამისა, ეკლესიაში გამოსახულია სხვა ისტორიული პირებიც. ძირითადი ნაწილი კი უკავია საეკლესიო შინაარსის ფრესკებს. ეკლესიის ფასადს არა აქვს დეკორი, მაგრამ შესასვლელი მოჩარჩოებულია ლამაზი რელიეფური ორნამენტით. დასავლეთის კარიბჭის სამხრეთ ნაწილში შემორჩენილია მაღალი ოსტატობით შესრულებული მხატვრობის ნაშთი.  

წმ. ნიკოლოზის ეკლესია

მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია და აკადემიის შენობა. შენობის პირველ სართულზე თაღიანი გასასვლელია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღები მაღალია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის – შედარებით დაბალი. ეს ნაგებობა წარმოადგენს პოსტამენტს, რომელზედაც აღმართულია ჯვრის ტიპის პატარა ეკლესია. ფანჯრისა და კარის ჩარჩოები მოკლებულია ორნამენტულ მორთულობას. პირველი სართული მეორეს უერთდება ქვის კიბით. სამრეკლო.

გელათის სამრეკლოს შენობა სამსართულიანია. მათგან პირველი ორი მონასტრის დროინდელია, ხოლო მესამე-ღიასარკმლიანი გუმბათი – შედარებით გვიანდელი (XIV). პირველ სართულზე გამოყვანილია წყალი. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ წინათ წყალი მილებით შედიოდა ყველა პალატსა და სადგომში.

 დავით აღმაშენებლის საფლავი:

მთავარი ტაძრის სამხრეთით ორსართულიანი გრძელი ნაგებობაა, რომელიც წინათ ტაძრის შესასვლელს წარმოადგენდა. ტაძრის შესასვლელის ზღურბლზე მეფის ანდერძის თანახმად დაკრძალულია დავით აღმაშენებელი. საფლავს ქვაზე ვკითხულობთ: ,,ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე. რამეთუ მთნავს ამას დავემკვიდრო მე“. მონასტრის შესასვლელს სოფლის მხრიდან ჰქონია რკინის კარი. იგი მეფე დემეტრე I მოუტანია განჯიდან, როგორც ქართველ მეომართა ნადავლი 1138-1139 წლებში ლაშქრობის დროს და გელათის მონასტრისათვის უბოძებია. შემორჩენილია არაბული წარწერა, რომელიც აღნიშნავს დამზადების თარიღს (1063წ.)

აკადემიის შენობა:

XII საუკუნის ქართული კულტურა და განათლება მჭიდროდ უკავშირდება დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას. მემატიანე მოგვითხრობს: ,,დავითმა შემოიკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა სათნოებითა…“ შეკრიბა სწავლულნი და მოიწვია გელათში სამოღვაწეოდ, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთი ნიჭითა და ზნეობრივი სიფაქიზით.

გელათში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ფილოსოფოსები: იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები. მემატიანე გელათის სამეცნიერო დაწესებულების შესახებ გვამცნობს: ,,გელათი არს აწ წინამდებარე ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა“. გელათის აკადემიაში დაიწერა და ითარგმნა მრავალი ისტორიული, ფილოსოფიური და ლიტერატურული ნაწარმოები. აქ ითარგმნა ბერძნული ენიდან ქართულ ენაზე იოანე პეტრიწის მიერ არისტოტელეს, იოსებ ფლავიუსის, პროკლე დიადოხოსის, ნემესიოს ემესელის თხზულებანი, არსენ იყალთოელის მიერ ,,დიდი სჯულის კანონი“ და სხვა. აკადემიაში ისწავლებოდა: არითმეტიკა, გეომეტრია, გრამატიკა, რიტორიკა, ფილოსოფია, ასტრონომია და მუსიკა. აქ არსებობდა ობსერვატორია, საიდანაც დაკვირვებას აწარმოებდნენ ციურ მნათობებზე.

გელათში არსებობდა ოქრომჭედლობის სკოლა, სადაც იქმნებოდა ხელოვნების იშვიათი ძეგლები. საკმარისია დავასახელოთ XII საუკუნის ნაწარმოები ხახულის ხატი, რომელიც მაღალმხატვრული ოსტატობითაა შესრულებული.

გელათის აკადემიამ იარსება XVI საუკუნის 20-იან წლებამდე. აკადემიის შენობა მონასტრის დასავლეთით, ციცაბო ფლატეზე დგას. შესასვლელს მდიდრულად გაფორმებული ოთხსვეტიანი კარიბჭე აქვს, რომელიც ლამაზად მოჩუქურთმებული თაღებით ეყრდნობა სხვადასხვა ფორმის ოთხ ბოძს; ერთ-ერთი ბოძის კაპიტელზე ამოკვეთილია ლომი. კარიბჭე უკავშირდება უზარმაზარ დარბაზს. ნაგებობა ოთკუთხედი ფორმისაა, რომლის სიგრძე 25 მეტრია, სიგანე – 10. თავის დროზე იგი დახურული ყოფილა. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომებია, რომლებიც აკადემიის მსმენელთათვის იყო გათვალისწინებული. დარბაზის ჩრდილო-დასავლეთით შუა კედელთანდგას თაღებიანი ოთკუთხა მაგიდა. წყალწითელას ხეობისაკენ მიმართული მრავალი თაღოვანი სარკმელი უზრუნველყოფს შენობის კარგ განათებას.

გელათის მონასტრის გალავნის გარეთ, მთის ფერდობზე, სხვადასხვა ნაგებობათა ნანგრევებია. ისინი ისტორიულად და ფუნქციონალურად უკავშირდებიან გელათის მონასტერს. აქ უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს მონასტრის აღმოსავლეთით მაღლობზე მდებარე შენობის ნანგრევები, რომელიც მონასტრის სახელწოდებითაა ცნობილი. მკვლევარები მონასტრის მიდამოებში ვარაუდობენ ქსენონის არსებობას, რომელიც დავით აღმაშენებელმა დააარსა. მონასტრის გალავნის გარშემო არის აგრეთვე საბას საყდარი, ელიას ეკლესია, სენაკები, ქვითკირის ციხის ნანგრევები და სხვა. გელათის ხუროთმოძღვრული ანსამბლი აღორძინების ეპოქის დიდმნიშვნელოვანი ძეგლია, რომელსაც საპატიო ადგილი უკავია ქართველი ერის კულტურის საგანძურში.

 

 

 

 

ბაგრატის ტაძარი

დაახლ. 1660-1676 წწ.

ქუთაისში, უქიმერონის გორაზე, მდებარეობს გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო და ერთიანი საქართველოს პირველი მეფის-ბაგრატ III-ის სახელის მატარებელი ტაძარის ნანგრვები.

ტაძრის მშენებლობა დაიწყო X საუკუნის ბოლო მეოთხედში და დამთავრდა 1003 წელს. იგი აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. მისი კურთხევა ბაგრატ მეფეს განსაკუთრებული ზეიმით აღუნიშნავს.

 

ტაძარი წარმოადგენს სწორკუთხამკლავებიან ჯვრის მოხაზულობაში ჩაწერილ ტრიკონქს. მკლავები შიგნიდან ნახევარწრიული აფსიდებითაა დასრულებული. ღერძი წაგრძელებულია აღმოსავლეთ – დასავლეთის მიმართულებით. გუმბათი ოთხ მძლავრ თავისუფალ მდგარ ბურჯს ეყრდნობა.
ტაძრის შემორჩენილი ნანგრეები ნათლად მოწმობს, თუ რამდენად დიდებული ტაძარი ყოფილა იგი. კარიბჭეები, დეკორაციული თაღები, ჩუქურთმიანი სამკაული ქმნის ცხოველხატულ სახეს. შენობა გვაოცებს პროპორციების დახვეწილობით, დეკორის მრავალფეროვნებითა და დიდებულობით, პროფილების, სამკაულთა, თაღების შესრულების თავისუფლებითა და არტისტიზმით, კონსტრუქციული სიმსუბუქით. როგორც ჩანს ტაძარი მოხატული იყო.

 მშენებლობის დამთავდებამდე ჩრდილო – დასავლეთიდან ტაძარს სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI ს-ის პირველ ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭეები მიაშენეს. სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ღვთისმშობლის ფრესკის კვალი.

ტაძრის წარწერებში საქართველოში არაბული ციფრების ხმარების უძველესი ნიმუშია წარმოდგენილი.
XVII საუკუნის ბოლომდე ტაძარი უცვლელად იდგა. 1692 წელს იგი აფეთქებული იყო თურქების შემოსევის დროს.
ბაგრატის ტაძარს თავისი ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში.
 

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

4 responses »

  1. სასიამოვნოა ასეთ ტიპის ბლოგის ხილვა, მითუმეტეს ჩემს მშობლიურ იმერეთზე ამდენი ინფორმაციაა : )))
    წარმატებები ამ საქმეში …

    ჩემ ბლოგზე იკითხე პოსტების შემოკლებაზე

    აი ამ სურათით ყველაფერს მიხვდები : )))

    პ.ს. და ის სურათი კლდეზე რომ ტაძარია აშენებული ნამდვილად იმერეთშია?

    Reply
  2. ძალიან ვისიამოვნე ამ ბლოგით კარგი იყო.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: