RSS Feed

თუშეთი (ნაწ1)- Tusheti


 

საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს – ჩრდილოეთ განედსა 42032/-42022/ და აღმოსავლეთ გრძედის 63017/-63022/ შუა; მისი ფართობი 896 კმ2 -ია. ადმინისტრაციულად იგი შედის ახმეტის რაიონში და ზღვის დონიდან 1650-4493 მ სიმაღლეზე მდებარეობს; სოფლები კი 1900 მეტრიდან 2400 მეტრამდეა განლაგებული. თუშეთს აღმოსავლეთიდან დაღესტანი, ჩრდილოეთიდან ჩეჩნეთი, დასავლეთით ხევსურეთი, სამხრეთით კი კახეთი ესაზღვრება. მაღალმთიანი, ქედებითა და მწვერვალებით გარშემორტყმული თუშეთი დაღარულია უამრავი ხევით, რომელთაგან ჩამონადენი წყლები თუშეთის ორ მთავარ მდინარეში: პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზნებში ჩაედინება. ორივე ალაზანი სოფელ შენაქოს მახლობლად ერთდება, სცილდება თუშეთისა და საქართველოს საზღვარს, გადის დაღესტანში და კასპიის ზღვაში ჩაედინება.

თუშეთი ოთხ ძირითად თემად იყოფა. პირიქითა ალაზნის ხეობის ზემო წელის სოფლებს პირიქითი ჰქვია, გომეწრის ალაზნის ხეობის სოფლები გომეწრის თემს ეკუთვნიან, წუათას წყლის აუზში მდებარე სოფლები – წოვათას თემს შეადგენენ, ხოლო ჩაღმის თემი ორივე ალაზნის შეერთების აუზშია მოქცეული და თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრი – ომალოც ამ თემს მიეკუთვნება. თუშეთში მიმავალი სამანქანო გზა კახეთიდან, სოფელ ფშაველიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალი სამანქანო გადასასვლელის – აბანოს უღელტეხილის (2926მ.) გავლით ომალოში ჩადის. აბანოს უღელტეხილი წლის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე თვე ფუნქციონირებს და ამ დროის მანძილზეც გამუდმებით იწმინდება მეწყერებისა და კლდეთა ნაშალისაგან.

თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ორხიდიანი, მაღალბორბლიანი ტრანსპორტით არის შესაძლებელი. თბილისი – თელავი 160 კმ. თელავი – სოფელი ფშაველი 32კმ. თბილისი – ახმეტა 170კმ. სოფელი ფშაველი – ომალო 72 კმ. (ფშაველი ომალოს გზის 72-კილომეტრიანი მონაკვეთის დაფარვას მანქანა 4-5 საათს ანდომებს) თბილისი – ქვემო ალვანი 190 კმ. თელავი – ქვემო ალვანი 22 კმ. ახმეტა – ქვემო ალვანი 16 კმ. ახმეტის რაიონის სოფელი ქვემო ალვანი – ომალო 90 კმ. კლიმატი. თუშეთში ინავარ-თებერვლის ჰაერის საშუალო ტემპერატურა +3-8 რადუსია, მინიმალური კი –13-15 გრადუსი. თოვლის საფარის ხანგრძლივობაა 5-6 თვე. ივლისსა და აგვისტოში კი ტემპერატურა +14-15 გრადუსს აღწევს. ნალექების რაოდენობა მერყეობს 450-900 მმ-ს შორის. საშუალოდ 770 მმ-ია. აქედან 69% აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით მოდის, 31%-კი დანარჩენ ექვს თვეს მყარი სახით. თოვლის საფარის მაქსიმალური სისქე 2მ-ს აღწევს, მინიმალური კი 0.3 მ-ს. თუშეთის ჰავა კონტინენტურია. თვეში ღრუბლიანი დღეების რაოდენობა საშუალოდ 5,5-ია. სეტყვა აქ იშვიათია, ხორხოშელა კი უფრო ხშირად არის მოსალოდნელი. საშუალო სიჩქარის ქარი 7-14მ/წმ-ია და წელიწადში 10%-ს აღწევს.
თუშეთში ძირითადად სუსტი ქარი და წყნარი დღეები იცის.

ჰიდრორესურსები.
თუშეთში ორი მდინარეა: გომეწრის (თუშეთის) ალაზანი და პირიქითის ალაზანი თავისი მრავალი შენაკადით. ეს ორი მდინარე ერთმანეთს უერთდება სოფ. შენაქოს მიდამოებში და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დაღესტანში მიედინება ანდის-ყოუსის სახელწოდებით და კასპიის ზღვაში ჩაედინება. გომეწრის (თუშეთის) ალაზანი სათავეს იღებს ბორბალოს მთაზე დაახლოებით 3000 მ-ზე ზღვის დონიდან, ხოლო პირიქითის ალაზანი აწუნთა-თებულოს ქედის აღმოსავლეთ ფერდობებზე (3300 მ-ზე). გომეწრის (თუშეთის) ალაზანს (სიგრძე 53 კმ) შენაკადთა უმეტესობა მარჯვენა მხრიდან აქვს: შავწყალი, ვაკისძირის ხევი, ორწყალი თავისი შენაკადებით: ვესტმოს ხევი, სახარის, შავიკლდის, სამერცხლისა და საბუის ხევები. ხისოს (ჭანჭახოვანის) ალაზანი თავისი შენაკადებით: ორმოთგორის ხევი, ფიცრის ჭალის, ალატოვანის, ენჭოს და ხისოს ხევები და ნახიდურის წყალი. მარჯვენა მხრიდან უერთდება წუათის ხევი.

პირიქითა ალაზნის მარცხენა მხარის შემდინარეებია: თურსიეხის ხევი, ჭონთიოს, გირევის, ფარსმის, ჭეშოს, ცირბევის, წისქვილების, კვავლოს, დანოსა და ჩიღოს ხევები. მარჯვენა მხრიდან კი – ლაროვანის წყალი. თუშეთის მდინარეები ზამთარში ნაწილობრივ იყინებიან. თუშეთში ვხვდებით უამრავ პატარ-პატარა ზომის ტბებს, რომლებიც სხვადასხვაგვარი წარმოშობისანი არიან. სუბალპურ ზონაში (მდინარე ორწყლის სათავეებში) მყინვარული წარმოშობის ტბებია. ისინი იმდენად პატარა ზომისანი არიან, რომ არც ერთი მათგანის დიამეტრი არ აღემატება 20 მეტრს. ასეთივე ზომის ტბებს ვხვდებით შავიკლდის ხევისა და ვებუს ხევის სათავეებში. კალოანის ხევის სათავეში მდებარე ტბა (მყინვარული წარმოშობის) მთელი წლის განმავლობაში გაყინულია. ჭანჭახოვანის ქედის ჩრდილო ფერდობებზე მდებარე ტბის სიგრძე 12-15 მ-ა, სიგანე – 5-6 მ. ტბა ძალიან ღრმაა.

ნასოფლარ ჰეღოსთან გვხვდება გამდინარე ტბა სიგრძით 200 მ. თუშეთის ტერიტორიაზე ვხვდებით ჭაობებსაც, რომლებიც პატარა ტბების დაშრობით უნდა იყოს გამოწვეული. ისინი გავრცელებულნი არიან როგორც ალპურ და სუბნივალურ ზონებში, ისე სოფლების მიდამოებში. მაგალითად, სოფლების: შენაქოს, ომალოს, დიკლოს, თურსიეხისა და ხახაბოს ჭაობების არსებობაზე დიდ გავლენას ახდენს გრუნტის წყლების ზედაპირთან ახლოს მდებარეობა. თუშეთში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა სამკურნალო-მინერალური წყლები. “ჩიღოს წყალი” ძალიან მარილიანია და შეიცავს ქლორიდებს, ვეძის გორის ძირში გამოდის მჟავე წყლის ორი ჭავლი, სოფელ ხისოსთან, შენაქოსთან, ფარსმასთან, ნასოფლარსთან და ჭონთიოსთან გვხვდება ტუტე-მარილიანი წყლები, ასევე ომალოსთან არის ტუტე მარილიანი წყლის სამი ჭავლი. სოფელ დოჭუსა და ხახაბოს მიდამოებში არის რკინის შემცველი წყაროები.

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

One response »

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: