RSS Feed

ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი


ააბრუნა წისქვილი – დაიწყო დაუსრულებელი ლაპარაკი.

აბუჩად აგდება – აგდება, უპატივცემლობა, შეურაცხყოფა, გამასხარავება.

„დაუპატიჟებელ სტუმარს აბუჩი ჰქვია“ (ანდაზა).

ადამის ჟამის, ადამის ხნისა – ძველისძველი, დიდი ხნისა.

ადამი ბიბლიის „დაბადების“ თავის მიხედვით, ქვეყნად გაჩენილი ადამიანის სახელია. დღეს, როცა გვინდა ვინმეს ხნოვანება, ღრმად მოხუცებულობა ან რაიმეს მეტისმეტი სიძველე აღვნიშნოთ, ვამბობთ, ადამის ჟამისა ან ხნისა არისო.

ათასი ქისა მარჩილი – ბევრი, აურაცხელი ფული, უთვალავი სიმდიდრე.

მარჩილი ძველებური ქართული ფული იყო, უდრიდა ქართულსავე ვერცხლის სამ აბაზს. ფული ძველად ქსოვილისგან შეკერილ ქისებში (მომცრო პარკებში) ედოთ. როცა უნდოდათ რომელიმე ნივთის დიდი ღირებულება გამოეხატათ, იტყოდნენ, ამას ათას ქისა მარჩილად ვერ მოგცემო.

აირია მონასტერი – წესი დაირღვა, არეულობაა, უმცროსი უფროსს აღარ ემორჩილება.

მონასტერში მკაცრი წესებია ცხოვრებისა. ეს წესები გულისხმობს იმას, რომ ყველამ უნდა იცოდეს უფროს-უმცროსობა. ამიტომ აირია მონასტერი ნიშნავს ერთხელვე შემოღებული წესრიგის დარღვევას, უგულვებელყოფას.

ალალმა დაჰქროლა – მოულოდნელი უბედურება, უეცრად შეშინება, თავზარის დაცემა, გულის გახეთქა.

ალალი მტაცებელი ფრინველია, მეტად სწრაფი და მარჯვე, წიწილებისა და პატარა ჩიტების მოტაცებაში გაწაფული. მიმინოზე პატარაა და ყომრალი ფერისა.

ალჩუ დაუჯდა – მოიგო იხეირა, გაუმარჯვდა, წარმატებდა ხვდა.

ალჩუ ჰქვია სათამაშო კოჭის ზედა, ჩაღრმავებულ მხარეს, ხოლო ქვედა მხარეს – თოხანი. როცა მაღლა ასროლილი კოჭი ისე დაეცემა, რომ ალჩუ ზევით მოექცევა, ეს მოგებას ნიშნავს და იტყვიან, მოთამაშეს ალჩუ დაუჯდა ან ალჩუ მოუვიდაო.

ამირანის ხმალს იქნევს – დიდი ვაჟკაცია, გულმაგარია, მხნეა.

ლეგენდარული ამირანის ხმალი ქართველებში დიდი ხანია ვაჟკაცობის, მძლეთამძლეობის სინონიმია. ამ თვისებებით აღჭურვილ კაცს ვერავინ მოერევა. ბუზსაც ვერავინ აუფრენს.

ანაბანა, ანბანი – საფუძველი, კანონი ხელოვნების ან ცოდნის რომელიმე დარგისა, ანდა, გადატანითი მნიშვნელობით, სრულიად უბრალო, მარტივი, ადვილად მისახვედრი რამ.

ანბანი ეწოდება ამა თუ იმ ენის ყველა ასოს, რომელნიც განლაგებულნი არიან ენის მიერ დადგენილი წესის მიხედვით. თვითონ სიტყვა ანბანი სახელია ორი პირველი ასოსი. ეს ასოები გახლავთ: ა(ანი) და ბ(ბანი). ანბანი ეწოდება წიგნსაც, რომელშიც წერისა და კითხვის ნიშნებია. ამ ნიშნების მეშვეობით ისწავლება წერა-კითხვა.

ანგელოზმა ჩამოიარა – სიჩუმეა, ხმას არავინ იღებს.

ანგელოზები ამქვეყნად ღმერთის სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად ჩამოდიან ზეციდან. ხალხის რწმენით, ისინი სახლებს მაშინ ჩამოივლიან, როცა იქ სრული სიჩუმეა. ამიტომ სახლში, როცა ყველა უცებ დაჩუმდება, იტყვიან, ანგელოზმა ჩამოიარაო.

ანკესი გადაუგდო – იტყვიან, როცა ცდილობენ, ვინმე ან რამე მოტყუებით, ცბიერებით ჩაიგდონ ხელში.

ამოღებული ხმალია – მზადაა საბრძოლველად, მოძმის მისაშვეკებლად, დასახმარებლად.

ანწუხზე აგება – უზომოდ ტანჯვა, გვემა.

ანწუხი გახურებული , მოგრძო რკინაა.

არანდით მოსახვეტია – ბლომადაა, ბევრია.

არანდი სამეურნეო იარაღია, კალოზე გალეწილი პურისა და ნამჯის მოსახვეტად ხმარობენ და მოსახვეტსა და მოუგროვებელს თითქმის არაფერს ტოვებს.

არახუნებს მოშლილი წისქვილივით – უაზროდ ლაპარაკობს.

აქ გატყდა ტაბიკი – გაჭირდა საქმე, მის აღსრულებას დიდი დაბრკოლება გადაეღობა.

როცა უღლის ტაბიკი გატყდება, ხარები ურემს ვეღარ წაიყვანენ, რადგან უტაბიკოდ უღელი კისერზე აღარ გაუჩერდებათ.

აღდგომა გაუთენდა – დიდი სასიხარულო დღე დაუდგა.

ახალ მთვარესავით გამოჩენა – იშვიათად, ძვირად, მოკლე ხნით გამოჩენა.

ახალი მთვარე თვეში ერთხელ ჩნდება და ისიც მოკლე ხნით. ამას ეფუძნება ეს გამოთქმა.

აჯამი – უვიცი, რეგვენი, შეუსმენელი, გაუგებარი.

აჯამი არაბული სიტყვაა და ნიშნავს არაარაბს. ასე უწოდებდნენ სპარსელებს, რომლებიც მიაჩნდათ უვიცებად და რეგვენებად.

აჯაფსანდალი გახდა – ძალიან აირია საქმე, თავსა და ბოლოს ვერ გაიგებ.

აჯაფსანდალი საჭმელია, გასაკეთებლად გამოიყენება ბადრიჯანი, კარტოფილი, პამიდორი, მწვანილი, თანაც ყველაფერი ერთმანეთში არეული.

ეს გამოთქმა იხმარება მაშინ, როცა ესა თუ ის საქმე საშინლად აწეწილ-დაწეწილია, ადამიანი ვერ გაიგებს, სად ან როგორ იწყება, სად ან როგორ თავდება იგი.

ბალბასებრ ფესვის გადგმა– მაგრად, მტკიცედ დამკვიდრება.

ბალბა ბალახოვანი მცენარეა, საუკეთესო საჭმელი მხალია გაზაფხულის პირზე, მაგრამ ფესვის გადგმა იცის ღრმად და მაგრად და საკმაოდ ძნელი მოსათხრელია.

ბანზე სიტყვის აგდება – თავიდან აცილება პირდაპირი პასუხისა, განგებ გაბუნდოვანება აზრისა თუ ნათქვამისა, მოლაპარაკის თავიდან მოშორება, მის ნათქვამზე პასუხის მიუცემლობა, მისი აბუჩად აგდება.

ბალბა არ მომიხარშო – ვერას მიზამ, ვერას დამაკლებ, ვერ დამჭრი იარაღით, რომ საჭირო იქნეს ჩემთვის ჭრილობაზე მოხარშული ბალბის დადება, ისიც შენი ხელით.

ბალბა მცენარეა. ქართლ-კახეთში საჭმელადაც ხმარობენ და ჭრილობის მოსარჩენადაც.

ბედნიერ ვარკსვლავზე დაბადებული – კაცი, რომელსაც ყველაფერში ხელი მოემართება.

ხალხის რწმენით, კაცი რომ იბადება, მისი სახელის ვარსკვლავიც ჩნდება. ზოგი ვარსკვლავი ბედნიერია და მის სახელზე დაბადებულ კაცს ბედნიერება მოელის ცხოვრებაში. ზოგი ვარსკვლავი კი უბედურია და მის სახელზე დაბადებული კაციც უბედურია. ამბობენ კიდეც: ეს კაცი უბედურ ვარსკვლავზეა დაბადებულიო.

ბეწვის ხიდი – დიდი რამ გასაჭირი, ძნელად გადასალახავი.

ხალხის რწმენით, ვიდრე ადამიანი სამოთხეში ან ჯოჯოხეთში შევა, ადუღებული კუპრის ზღვაზე გადებული ბეწვის ხილი უნდა გაიაროს. თუ ცოდვილია, ხიდი ჩაუტყდება და საუკუნოდ კუპრში დარჩება, ხოლო თუ კეთილია, თავისი ნამოქმედარი სიკეთე და დამდლი მხრებში შეუდგება, მშვიდობით გაატარებს ბეწვის ხიდზე და სამოთხეში შეიყვანს. აქედან იქცა ბეწვის ხიდი ძნელი საქმის, გასაჭირის დაძლევის სინონიმად.

ბეჭდის დაკვრა – დამოწმება სინამდვილისა, სისწორისა, უეჭველობისა.

გაუთლელი – უსწავლელი, უზრდელი, გაუნათლებელი.

გულზე ვარდის გადაფენა – უსაზღვროდ გახარება, ნეტარება, სიამოვნება.

დედალი – ლაჩარი, მშიშარა, ჯაბანი, მხდალი.

დედის ხსენი არ შეშრობია ტუჩებზე – პატარაა, ძუძუმწოვარა ბალღია.

ამ გამოთქმას ხმარობენ დაცონვით, ჯერ პატარაა და დიდს კი ეტოლება ქცევაშიო.

დიდი ლარი და ხაზი არ უნდა – ბევრი ლაპარაკი, ახსნა-განმარტება, მკიცება არ სჭირდება, თავისთავად ცხადია.

ლარი თოკია, რომლის საშუალებით კალატოზები კედლის სისწორეს ამოწმებდნენ. ხუროები კი საღებავში (წყლაში გახსნილ ნახშირში) ამოვლებული ლარით დასახერხ ძელზე სისწორისათვის კვალს ამჩნევდნენ – ხაზს ავლებდნენ – გაყოლებით ხერხავდნენ ძელს ფიცრებად.

საუბარში ლარსა და ხაზს ხმარობენ იმ აზრით, რომ საქმე ზედმიწევნით სწორად არის შესრულებული.

დომხალი – არეული, უწესრიგო.

დომხალი შეჭამანდია, რომელსაც ამზადებენ დოსა და ერთიმეორეში არეული სხვადასხვა მხალისგან. ამიტომ იგი სიმბოლო გახდა უწესრიგობისა.

დორანში ჩავარდნა – კეთილი ცხოვრება, სიმდიდრე, იღბალი.

დორანი ჰქვია იმ მყუდრო ადგილს წყალში, სადაც თევზები ბუდობენ, ერთად არიან თავმოყრილნი და სადაც მათი დაჭერა ადვილია. დორანში ჩავარდა კაციო, იტყვიან, როცა სიღარიბის შემდეგ ხელი მოემართება, სიმდიდრეს შეიძენს, ბედს ეწევა.

ეს ულვაში მომპარსეთ, თუ… – წვერ-ულვაში მამაკაცობის ნიშანია. ამიტომ ძველად აზრადაც არავის მოუვიდოდა, ულვაში თავისი ნებით გაეპარსა და საზოგადოებაში უულვაშოდ გამოჩენილიყო. თუ ვინმეს ულვაშს გაპარსავდნენ, გაპარსავდნენ საჯაროდ. ეს იყო სასჯელის ერთი სახე მძიმე დანაშაულის, რაიმე სააუგო საქციელის გამო. ულვაში გახლდათ ვაჟკაცის საფიცარი, პიროვნების პატიოსნების, ღირსების მაჩვენებელი. ამიტომ ულვაშს იმოწმებდნენ, როცა სიმართლის დადასტურება უნდოდათ და ცოცხალი მოწმე არ ჰყავდათ. ასეთ დროს თითებს (ცერს, სალოკ და შუა თითს) ცალ ულვაშზე მოივლებდნენ და დააყოლებდნენ: ეს ულვაში მომპარსეთ, თუ… ეს ულვაში შემირცხვეს, თუ… ეს ულვაში ძაღლისა იყოს, თუ… და ა.შ.

ეშმაკის მაშხალა – უშნო, საშინელი შესახედავი (ქალზე ითქმის).

ეჩოსავით მხოლოდ თავისკენ მიითლის – ეს გამოთქმა ნიშნავს მხოლოდ თავის თავზე ზრუნვას.

ეჩო მჭრელი სამეურნეო იარაღია, ცულის მსგავსი, რომელსაც პირი შიგნით აქვს შებრუნებული და როცა კაცი ეჩოთი ფიცარს ან ხეს თლის, ნათლი სულ მისკენ ცვივა.

ვირზე შესმა – ვინმეს საჯაროდ შერცხვენა, დასჯა, გალანძღვა.

ძველად საქართველოში დამნაშავეს, განსაკუთრებით, ზნეობის კანონის დამრღვევს, ვირზე პირუკუღმა შესვამდნენ, ვირიის კუდს ხელში დააჭერინებდნენ და მთელ სოფელს შემოატარებდნენ. მას დიდი და პატარა თავზე ლაფს ასხამდა, აფურთხებდნენ.

ზოგი ალთას იძახდა, ზოგი ბალთას – უთანხმოება, აზრისა თუ ნაფიქრის სხვადასხვაობა.

ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკაკი შანიძის გამოკვლევით, ალბანურ ანბანში პირველ ასოს ერქვა ალთ, მეორეს – ბალთ (ეს ანბანი მეორე ქართველმა მეცნიერმა, ილია აბულაძემ აღმოაჩინა 1937 წელს). ალბანელები სამხრეთ კავკასიის ბინადარი ხალხი იყო, რომელიც შუა საუკუნეებში გაქრა, თურქული მოდგმის ტომებსა და მეზობელ ხალხებში გაითქვიფა.

ამ თქმაში უპირისპირდება ორი, ერთმანეთის საწინააღმდეგო შინაარსის აზრი.

თავზე ბალბა დავადე – გაბრაზებული დავამშვიდე, დავაწყნარე, მოვარბილე.

მოხარშული მხალი ბალბა ხალხურ მედიცინაში ჭრილობაზე დასადებად, ჭრილობის დასაყუჩებლად და მოსარჩენად იხმარება. ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ გაბრაზებული ადამიანი ისევეა გამწარებული, როგორც დაჭრილი და ეს გამწარება თავში გროვდება. ბალბაც, ყოველგვარი სიმწარის დამაყუჩებელი საშუალება, სწორედ თავზე უნდა დავადოთ გაბრაზებულს დასამშვიდებლად.

თავნაბუარას გადიდენს – გულმოდგინედ და თავდაუზოგავად იმუშავებს.

გალეწილი პურის განიავების დროს მსხვილი ნალეწის ნარჩენს, რომელიც ხორბლის მარცვლებთან ერთად ძირს იყრება, ჰქვია ჩელხი, ხოლო მასზე წმინდა ბზეს, რომელიც საქონლის საკვებად არ ვარგა და ნიავს გააქვს კალოს გარეთ ბრე ანუ ნაბუარა ჰქვია. ნაბუარი მაგრად ლეწვის დროს ჰაერში ადის და თავს გადაედინება ხოლმე მლეწველს. ნაბუარის თავს გადადენა გულისხმობს გულმოდგინე, თავგამოდებულ მუშაობას ლეწვის დროს, როცა ბზე მტვრად იქცევა.

ეს გამოთქმა დაცინვით იხმარება ზარმაც კაცზეც. „რა თავნაბუარას გადიდენს!“ იტყვიან ისეთზე, ვისაც მუშაობა და საერთოდ რაიმეს გაკეთება ესიკვდილება.

თვალის დადგმა – ვინმეს/რამეს მოწონება, თავისად მიჩნევა, თავისად ნატვრა.

თვალის დადგომა – სიკვდილი.

კაკას ხიდის გავლა – ასავალ-დასავალის დაკარგვა, კვალწმინდად დაღუპვა, უკან ვეღარ დაბრუნება.

„კაკას ხიდი გაიარაო“, – ამბობენ იმერეთში, როცა საქმე უეჭველად გაფუჭდება, ან საქონელი დაიკარგება. შინაარსით ეს იგივეა, რაც კახური „ჩაილურის წყალი დალია“. როდინდელია იგი და რა დაედო საფუძვლად? იმდროინდელია, როცა საქართველოში ფეხი მოიკიდა ოსმალეთის ბაზრებისათვის ქართველი ტყვეების გაყიდვამ. დასავლეთ საქართველოდან ოსმალეთისთვის ტყვეები გაჰყავდათ გურია-სამეგრელო-აფხაზეთიდან შავი ზღვით. ქვემო იმერეთიდან – კაკას ხიდიდან, ხოლო ზემო იმერეთიდან სააბაშიოს გზით.

კაკას ხიდი რქმევია ფერსათის მთიდან გამომავალი მდინარე ხანისწყლის ნაპირზე, მიუვალ კლდეზე აშენებულ ციხეს. თუ ქვემო იმერეთში მოტაცებულ ტყვეს მდევარი ციხემდე, ანუ კაკას ხიდამდე მიეწეოდა, კიდევ იმედი უნდა ჰქონოდა მისი დაბრუნებისა, მაგრამ თუ ტყვე კაკას ხიდს გასცდებოდა, მისი გადარჩენის იმედი გადაწურული იყო.

კვაჭი – გაიძვერა, გაქნილი, მოხერხებული ადამიანი.

ეს სიტყვა პირველად იხმარა მიხეილ ჯავახიშვილმა რომან „კვაჭი კვაჭანტირაძეში“, რომლის გმირი კვაჭი განსახიერებაა გაიძვერა ადამიანისა. იგი თავისი მოხერხებულობის წყალობით სძლევს ყოველგვარ დაბრკოლებას მიზნის მისაღწევად. მისთვის ნებადართულია ნებისმიერი საშუალება, კანონიერი თუ უკანონო, პატიოსანი თუ უპატიოსნო. ზნეობრივი კოდექსი მისთვის არ არსებობს.

ლაგამის წაყრა – წესიების, კანონის უგულვებელყოფფა, თავისუფალი, მოურიდებელი, უკრძალავი, თავშეუკავებელი ლაპარაკი, თავგასულობა.

როცა ცხენი ლაგამს წაიყრის, თავისუფლება ეძლევა და მხედარს აღარ ემორჩილება. ლაგამი ხატოვნად ეტოლება ზნეობისა და წესიერი ყოფაქცევის კანონებს, რომლებიც გვაიძულებენ, წესიერება არ გადავლახოთ და სიტყვით თუ საქმით რიგიანი ადამიანისთვის შეუფერებელი რამ არ ჩავიდინოთ.

ლაგამწამოყრილი ლაპარაკი – დაუფიქრებელი, მოურიდებელი, უწესო, კადნიერი ლაპარაკი.

მოურიდებლად მოლაპარაკე ადამიანი მიმსგავსებულია ცხენს, რომელსაც პირიდან ლაგამი გამოგდებული აქვს და აღარაფერი აბრკოლებს ადამიანის ნებაზე აღარ იაროს.

მოუსვი ბაყაყური – თავიდან მომწყდი, სწრაფად მოშორდი აქაურობას.

ბაყაყი წყალში ოთხივე ფეხს ერთად ამოძრავებს, ამიტომ სწრაფად ცურავს. ამის მიმსგავსებით, ბაყაყური ჰქვია ცურვის წესს, როცა მოცურავე ოთხივე კიდურს იშველიებს. თვითონ გამოთქმა – მოუსვი ბაყაყური – იხმარება, როცა ვინმე უხამს რამეს გვეუბნება, ან წართმევა უნდა რაიმესი, რას მას არ ერგება. ასეთ დროს ჩვენ უნდა გავაგებინოთ მისი ნათქვამის თუ მოქმედების უხამსობა და ჩვენი სურვილი – მოგვშორდეს, თავს უშველოს, სანამ დროა.

მხართეძოზე ძილი, მხართეძოზე წოლა – უდარდელად ყოფნა, უზრუნველობა, უსაქმურობა, სიზარმაცე.

მხრების ჩამოყრა – დაღონება, უსასოება, გულის გატეხა.

ნაბდის გაშლა მიწა – სულ მცირედი ფართობი მიწისა.

ნამუსის ლეჩაქი – როგორც ქართველი მამაკაცისათვის ქუდი, ისე დედაკაცისათვის ლეჩაქი სიმბოლოა ნამუსიანობისა, პატიოსნებისა, ზნეობრივი სიწმინდისა, კაი ქალობისა, ერთი სიტყვით, ყოველგვარი ღირსებით შემკულობისა. ქართველ ქალს საფიცრად ჰქონდა თავისი ლეჩაქი, როცა უნდოდა ეთქვა, ზნეობრივად ფაქიზი ვარო, იტყოდა: თუ ნამუსის ლეჩაქი მხურავს, რასაც მოგახსენებ, სისწორეა, ერთი ბეწო სიყალბე არ ურევიაო.

ნამუსის ქუდის ახდა – უნამუსობა, უპატიოსნობაა.

ქუდი სიმბოლო იყო პატიოსნებისა, სინდისისა. ქუდს მოხდიდნენ მამაკაცს მაშინ, როცა უსინდისო საქმეს ჩაიდენდა და საჯაროდ დასჯიდნენ ლაფის დასხმით.

ორომტრიალი – არეულობა, ჩოჩქოლი, აურზაური, უწესრიგბა, ყაყანი, შეხლა-შემოხლა.

ორომი არის ვარცლის დასაფარებელი ფიცარი, ტაბაკის ფორმისა, რომელსაც აქვს თავისივე დაბალი, სამი-ოთხი გოჯის სიმაღლის ფეხები. ვარცლიდან ცომის გუნდებს რომ იღებდნენ თონეში ჩასაკრავად, მათ ჯერ ორმოზე აწყობდნენ იმდენს, რამდენადაც ერთ გახურებულ თონეში ჩაეტეოდა, ორომზევე გაბრტყელების შემდეგ თონეში აკრავდნენ. რადგან ქორწილსა თუ ქელეხს ბევრი პურის სჭირდებოდა, მას რამდენიმე თონეში აცხობდნენ და რამდენიმე ორომსაც ატრიალებდნენ, აქეთ-იქით მიჰქონდათ ხშირ-ხშირად, ანუ ოჯახში ორომის ტრიალი – ორომტრიალი იყო.

ორომის ხშირი ტრიალი და ხალხის ჯაჯგური ხატოვნად დაერქვა აურზაურს, შეხლა-შემოხლას, ჩოჩქოლს.

პირშავი – დამნაშავე, მტყუანი, უსირცხვილო, უპირისწყლო, სახელგატეხილი.

ძველად საქართველოში დასჯის ერთ-ერთი სახე იყო დამნაშავისათვის პირ-სახეზე საჯაროდ მურის წასმა, ანუ პირის გაშავება. მოსამართლეები სოფლის თავკაცები იყვნენ. ისინი დამნაშავეებს (ქურდებს, მეძავებს) მურით ან ნახშირით პირს უშავებდნენ და სოფელში კარდაკარ ჩამოატარებდნენ.

შემდეგში სახელი პირშავი ხატოვნად დაერქვა ყველას, ვინც რამეს აშავებდა, არღვევდა სოფლად შემოღებულ წესებს.

რა ასკილივით იქნევ თავს! – თანხმობა ყველაფერზე – მართალზეც და ტყუილზეც, ორჭოფობა.

ასკილის ბუჩქი ერთთავად ქანაობს, ნიავზეც კი.

უქასურებს – ელამუნება, ელაქუცება მოსატყუებლად.

ქასური მჭრელი იარაღის პირის ასაწყობი ქვაა. უკვე გალესილ დანას პირის ასაწყობად ამ ქვას გამოუსვამენ რამდენჯერმე და გაუსვამენ ანუ გაუქასურებენ.

„მაგრამ რომ ახალგაზრდის შეურაცხყოფა ახალგაზრობამ თავის თავზე არ მიიღოს, მოხერხებული ავტორი იქვე უქასურებს ამ უკანასკნელთ: ახალგაზრდობა ჩვენი იმედი, ჩვენი ნუგეშიო“.

ფეხის ხმის აყოლა – სხვისი მიბაძვით საქმის კეთება, კეთება იმისა, რაც არ შეგფერის, რაც შენს ძალ-ღონეს აღემატება.

ფინდაზად დაფენა – ნიშნავს დიდ პატივისცემას ვინმეს მიმართ, აგრეთვე მორჩილებას, თავის დამდაბლებას უღირსის წინაშე.

ფიანდაზი ძვირფასი ფარჩაა, რომელსაც მიწაზე უფენდნენ დიდებულთ, რათა ზედ გაევლოთ. წინათ ჯვრისწერის დროს ნეფე-დედოფალსაც ფეხქვეშ ფარჩას უფენდნენ.

ქვასაც კი წყალს გამოადენს – იტყვიან ადამიანზე, რომელიც მეტისმეტად მოხერხებულია, ყველაფრის გაკეთების შნო და უნარი აქვს, ხელი ყველგან მიუწვდება.

ქვეყანა ჩალით არის დახურული – ხალხი უპატრონოდ არის დატოვებული, დანაშაულზე არავინ აგებს პასუხს, გაჭირვებულთ ქომაგი არ ჰყავთ.

ჩალას ძველად სახურავად ხმარობდნენ ღარიბები, რადგან ყავარზე (შენობის გადასახურავი ნაპობი თხელი ფიცარია) უფრო ადვილი საშოვნელი იყო. აქედან გამოთქმა – ქვეყანა ჩალით არის დახურული – გულისხმობს ქვეყანას, სადაც ღარიბებისა და უპატრონო ხალხისთვის დაკარგულია სამართალი, არ არსებობს შველა და დახმარება.

ქუდის გვერდზე დახურვა – თავმომწონეობა, ამპარტავნობა, არხეინად, მხიარულად ყოფნა, უდარდელობა.

ყურებზე ხახვი არ დააჭრას! – ვერაფერს უზამს, ვერაფერს დააკლებს.

ძველად, ტყვეებს მონობის ნიშნად, ყურს სჭრიდნენ, ხოლო სისხლის შესაჩერებლად და სადეზინფექციოდ ჭრილობაზე ხახვს აჭრიდნენ. ამ გარემოებასთან უნდა იყოს დაკავშირებული აღნიშნული გამოთქმა.

შენი ჭირიმე – რაც შენ ჭირი და სატკივარი გაქვს, მე შემეყაროს, შენს მაგივრად მე მოვკვდე.

ჩაილურის წყალი დალია – უკვალოდ დაკარგვა რაიმესი, გათავება, მორჩომა.

ჩაილური სოფელია კახეთში, რომელსაც ჩაუდის პატარა მდინარე – ჩაილურის წყალი – ღრმაკალაპოტიანი და მაღალნაპირებიანი. ძველად მოპარულ საქონელს ქურდი ლეკები თუკი ჩაილურის წყალზე გადაატარებდნენ („ჩაილურის წყალს დაალევინებდნენ“), უკვე სამშვიდობოს ეგულებოდათ თავი. აქ მათ ხვდებოდათ მათი ლეკი დამქაშები, რომლებსაც ნაქურდალს აძლევდნენ. შემდგომში „ჩაილურის წყალდალევინებულს“ ამბობდნენ ყველაფერზე, რაც დაიკარგებოდა, რისი დაბრუნების იმედი გადაწურული იყო.

ჩიტის რძის გარდა არაფერი აკლდათ – ყველაფერი ჰქონდათ, არაფერი აკლდათ.

ამ თქმაში ის აზრია, რომ ყველაფერი ჰქონდათ, გარდა ჩიტის რძისა, რომელიც საერთოდ არ იშოვება.

ჩიქილა დამხურე ქალისა! – შემარცხვინე, მამაკაცი დედაკაცს დამამსგავსე.

ჩიქილა იგივე რიდე, მანდილი, თავსაბურავია ქალისა. კაცს მისი დახურვა არ ეკადრება, არ შეშვენის. მას მხოლოდ ქუდი უნდა ეხუროს, როგორც სიმბოლო მამაცობისა.

ციდამტკაველა – პატარა, დალეული, მეტად დაბალი, პატარა ტანის.

ციდა და მტკაველი ძველებური საზომი იყო სიგრძისა. ციდა არის მანძილი გაშლილი ხელის ცერიდან სალოკი თითის წვერამდე, რომელიც უდრის დაახლოებით 12 სმ-ს, ხოლო მტკაველი არის მანძილი გაშლილი ხელის ცერიდან ნეკის წვერამდე და უდრის დაახლოებით 20 სმ-ს.

ცეცხლი მოასვენე – ჩააქრე, გააქრე, ნუ უკიდია.

ამ სიტყვებში შემორჩენილია გადმონაშთი ცეცხლის ძველი თაყვანისცემისა. დაძინების წინ ვისაც ცეცხლი უნდა ჩაექრო, ეტყოდნენ – ცეცხლი მოასვენეო და არა ცეცხლი ჩააქრეო. ცეცხლს ჩქრობა არ უნდა ჰკადრონ.

ასევე იტყვიან მოკიდებულ სანთელზეც. მასზე, როგორც ცეცხლზე, ამბობენ – სანთელი მოასვენეო.

წურბელასავით მოკიდება – მოუშორებლობა, ჩამოუხსნელობა, თავმომაბეზრებლობა.

როცა წურბელას მოიკიდებენ სისხლის გამოსაშვებად, ისე ჩააკვდება ხორცს, მისი მოშორება მეტად ძნელია. მარილის დაყრით თუღა მოიცილებენ.

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

One response »

  1. რა კარგი პოსტია! და ერთად თავმოყრილი – პრაქტიკულიც

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: