RSS Feed

9 აპრილი


”დარო, უფრო იდარებდე, თორემ სევდა დიდია – საქართველოს წმინდანები ხვალ ზეცაში მიდიან.”

 

                               

1985 წელს საბჭოთა კავშირში გარდაქმნის კურსი გამოცხადა, რამაც საზოგადოებრივი აზრის თავისუფლებას შეუწყო ხელი. ჩამოყალიბება იწყეს სხვადასხვა პარტიებმა და პოლიტიკურმა ოროგანიზაციებმა. მაშინ მათ არაფორმალურ გაერთიანებებს უწოდებდნენ. საქართველოშიც შეიქმნა ასეთი გაერთიანებები, რომელთა მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება.

ეროვნულმა მოძრაობამ განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო 1988 წლიდან. ეწყობოდა მიტინგები და საპროტესტო აქციები საბჭოთა ხელისუფლების დიქტატორული პოლიტიკის წინააღმდეგ.

1989 წლის 4 აპრილს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით მთავრობის სასახლის წინ უწყვეტი მიტინგი დაიწყო, რომლის მონაწილენიც მოითხოვდნენ აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებას. მომდევნო დღეებში მომიტინგეებს სხვა პოლიტიკური პარტიები და ჯგუფებიც შეუერთდნენ. მათ აფხაზეთის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნა უარყვეს და საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგი წამოაყენეს. მიტინგის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა შიმშილობა დაიწყო.

პოლიტიკური მოთხოვნები იმდენად მწვავე და ხელისუფლებისათვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა გადამჭრელი ზომები მიეღო და ძირშივე აღეკვეთა ეროვნული მოძრაობის გაძლიერება. 1989 წლის 8 აპრილს, კრემლის ზეგავლენით, საქართველოს რესპუბლიკური აქტივის სხდომაზე მხარი დაუჭირეს მომიტინგეთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების წინადადებას. იმავე დღეს გამოქვეყნდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება, რომლის თანახმადაც მკაცრდებოდა მიტინგებისა და დემონსტრაციების აღკვეთის პირობები. ეს ბრძანებულება უშუალოდ თბილისის მოვლენების აღკვეთის მიზნით მიიღეს. ყოველივე ამით შეიქმნა მიტინგის დარბევის იურიდიული საფუძველი.

9 აპრილის დილისათვის მიტინგის დასაშლელად მზად იყვნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარის ნაწილები. მოსკოვიდან თვითმფრინავებით გადმოისროლეს საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების 420 ჯარისკაცი გენერალ ეფიმოვის მეთაურობით. მიტინგის დაშლის ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ როდიონოვი. დილის 4 საათზე დამსჯელმა ნაწილებმა მომიტინგეებს ყველა მხრიდან შემოარტყეს ალყა. ისინი შეიარაღებული იყვნენ ხელკეტებით, ორლესული მახვილებითა და მომწამვლელი გაზით.

რამდენიმე ასეული ჯარისკაცი იერიშით შეიჭრა მთავრობის სასახლის წინა მოედანზე და შეუბრალებლად დაუწყო ჩეხვა მომიტინგეებსა და მოშიმშილეებს, რომელთა უმრავლესობა ქალები იყვნენ. მიტინგი რამოდენიმე წუთში დაიშალა და… მოედანზე დარჩა მხოლოდ 19 მოკლული ადამიანის, აქედან 16 ქალის (მათ შორის, ერთი ორსულის) გვამი. 2000-ზე მეტი ადამიანი გაზით მოიწამლა, მრავალი კი დაიჭრა.

9 აპრილის სისხლიანმა ტრაგედიამ კიდევ უფრო გააძლიერა ეროვნული მოძრაობა, კიდევ უფრო შეუპოვარი გახდა ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. და აი, 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას მიეცა საშუალება, აერჩია ეროვნული ხელისუფლება, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

გამოყენებული ლიტერატურა:
დ. შველიძე „საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენა“
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, ტ. 8
2003

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: