RSS Feed

სააღდგომო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II



ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა!

აი, დგება ჟამი ყოვლისმომცველი ბედნიერებისა! გმინავს შემუსვრილი ჯოჯოხეთი, ხოლო მისი დიადი მძლეველი ზეცად მაღლდება და თან შემხვედრ გაოცებულ ანგელოზთა ხმა მიჰყვება: `ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?~ აწ უკვე ჩვენც, აღდგომის სიხარულით აღვსილნი ქრისტიანენი, პასუხად ვამბობთ: `უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი~ (ფს. 23).

“სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? აღსდგა ქრისტე და დაირღვიე შენ; აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი, აღსდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს!” (ზატიკი).

ამ დღესასწაულთა დღესასწაულს – მრავალსაუკუნოვანი მტანჯველი მოლოდინი უძღოდა წინ.

რა იყო მიზეზი კაცთა მოდგმის ასეთი ხანგრძლივი და დიდი განსაცდელისა?

ღმერთმა ადამი თავის ხატად და მსგავსად შექმნა და მთელი ხილული სამყაროს მეფედ დაადგინა. იგი იყო ერთადერთი არსება უკვდავი სულის მქონე, რომელიც თავის თავში აერთიანებდა ხორციელ და სულიერ ბუნებას. შემოქმედმა მას თავისი ბუნების თვისებები მიჰმადლა, რომელთაგან ერთ-ერთი უმთავრესის, _ თავისუფლების, _ შესახებ ამ ეპისტოლეში მინდა გესაუბროთ.

სწორედ თავისუფალი ნებით იყო ადამი უფალს დამორჩილებული, რაც სიყვარულისა და სიკეთის უშრეტ წყაროსთან, _ ღვთაებრივ მადლთან მის კავშირს განაპირობებდა.

ანგელოზთა დასსაც თავისუფალი ნება ებოძა ღვთისგან. თავისუფლების არასწორად გამოყენების გამო კი ერთ-ერთი უპირველესი ანგელოზი ამპარტავნებამ შეიპყრო, თავისი ნებით განშორდა შემოქმედს და ეშმაკად იქცა; მანვე უბიძგა ადამიანს ცდუნებისკენ, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ სამყაროს გვირგვინი _ ადამიანი ცოდვას დაემონა; შეეცვალა აზროვნების და ყოფის წესი და როგორც თვითონ, ისე მისდამი რწმუნებული სამყაროც მასთან ერთად დაეცა; ადამმა და ევამ დაკარგეს ჭეშმარიტი სიყვარული, ჭეშმარიტი სიკეთე და თავისუფლება; დასნეულდნენ ამაოების, ბოროტების, სიძულვილის, შურის, ასევე სხვა მრავალი სენით და სიკვდილსა და ხრწნილებას დაექვემდებარნენ.

ასეთი იყო კაცთა მოდგმის მდგომარეობა ქრისტეს მოსვლამდე. ჯვარცმითა და აღდგომით მაცხოვარმა ჩვენი ცოდვები აღხოცა და ჩვენი წყლულები განკურნა, შემუსრა ჯოჯოხეთი და სიკვდილი განაქარვა, დაამხო ეშმაკის მეუფება და კვლავ მოგვანიჭა ნამდვილი თავისუფლება და სიხარული. ამასთან უფალმა დაგვიბრუნა ძველი დიდების აღდგენის შესაძლებლობაც. ამიტომაც წერს პავლე მოციქული: თავისუფლებისათვის განგვათავისუფლა ქრისტემ… ნუღარ დავიდგამთ მონობის უღელს~ (გალ.5,1).” მაცხოვარმა არა მარტო ცოდვისა და ტყვეობისაგან იხსნა კაცობრიობა, არამედ ადამიანთა შორისაც ურთიერთობის სრულიად ახალი გაგება მოიტანა: `არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ~ (გალ.3,28), _ გვასწავლის მოციქული.

საოცარია, ეს სიტყვები დაიწერა მონათმფლობელობის პერიოდში, იმ დროს, როცა ქალის უფლებები უკიდურესად შეზღუდული იყო და რასობრივი დისკრიმინაციაც მკვეთრად იყო გამოხატული.

მან ეკლესიაში სიყვარულით შეაერთა საზოგადოების არა მარტო განსხვავებული, არამედ დაპირისპირებული ფენებიც და მამა ღმერთს ასე შეავედრა: `რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო ჩემდამო, და მე შენდამი~ (ინ.17,11).

თავისი მოწაფეებიც მაცხოვარმა საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან შეკრიბა: ანდრია, პეტრე, იაკობი და იოანე მეთევზეები იყვნენ, მათე _ სახელმწიფო მოხელე, ლუკა _ მხატვარი და ექიმი, პავლე _ რაბინთა სკოლაში აღზრდილი, იოსებ არიმათიელი _ წარჩინებული პირი,… და ამით გვიჩვენა, რომ ღვთის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ და ჩვენს შორის მეტ-ნაკლებობას მხოლოდ სულიერი განვითარება განაპირობებს და არა სიმდიდრე, წარმომავლობა, გარეგნობა ან თანამდებობა.

ეკლესია თავისუფალ ადამიანთა ერთობაა, ნებისმიერი ადამიანის ნავთსაყუდელია. აქ არსებული საეკლესიო იერარქია კი _ ოდენ საშუალება საეკლესიო მმართველობის განხორციელებისა და საიდუმლოებების აღსრულებისა. სახარებიდანაც ნათლად ჩანს, რომ, სახელმწიფოსგან განსხვავებით, იერარქიას ეკლესიაში თვისობრივად სხვა ფუნქცია აქვს; `ვინც ხალხის მთავრებად არიან მიჩნეულნი, _ ვკითხულობთ აქ, _ ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე, მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, ის იყოს თქვენი მსახური, ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, ის იყოს თქვენი მონა~ (მკ. 10. 43-44).

ამიტომაცაა, რომ მაცხოვარი მეგობრებს უწოდებს თავის მოწაფეებს და ფეხებს ბანს მათ; ყველა კეთილმორწმუნე ადამიანს კი შვილობის მადლს მიაგებს და პატივს ანიჭებს, ღმერთს მამა უწოდონ (`მამაო ჩვენო~). * * * მაცხოვნებელ სწავლებასთან ერთად ქრისტიანობამ ერებსა და ხალხებს თავისუფალი განვითარებისათვის საოცარი მუხტი მისცა და მნიშვნელოვანწილად განაპირობა დამოუკიდებელი ეროვნული კულტურების ჩამოყალიბება. საქართველოშიც ქრისტიანობამ ხელი შეუწყო ჩვენი ხალხის ერთიან ერად ფორმირების მრავალსაუკუნოვანი პროცესის დასრულებას და ჭეშმარიტი თავისუფლებისა და თვითმყოფადობისათვის ზრუნვის სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას. შედეგი ამისა იყო ის, რომ ჩვენთვის ქრისტიანობის დაცვა სამშობლოსა და ჭეშმარიტი თავისუფლების დაცვად იქცა.

ამ თავისუფლების სამსხვერპლოზე სიცოცხლეს ზვარაკად უშურველად სწირავდნენ მეფენიც და გლახაკნიც, ახალგაზრდებიც და მოხუცებულნიც. გავიხსენოთ XVI საუკუნე; ამ დროს საქართველოს დაპყრობას ცდილობდა ურთიერთდაპირისპირებული ორი დიდი სახელმწიფო, _ სპარსეთი და ოსმალეთი. დიდგვაროვანთა ერთი ნაწილი ოსმალეთის სულთანს ეგებოდა ფეხქვეშ, მეორე ნაწილი კი _ სპარსეთის შაჰს. შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ქართლის მეფე სვიმონი მაინც თავდაუზოგავად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. სამშობლოს ერთგული შვილი ტყვეობამაც ვერ გატეხა, იგი ბოლომდე თავისუფალ პიროვნებად, მამულისა და სარწმუნოების დამცველ რაინდად დარჩა. მისი ცხოვრება მაგალითად იქცა და მრავალნი განამტკიცა.

ხალხს თავდადების ასევე ბრწყინვალე მაგალითი უჩვენა მისმა შვილიშვილმა, მეფე ლუარსაბ II-მ, რომელმაც, სავსებით ახალგაზრდამ, თავისუფლებასა და ქრისტიანობას შესწირა სამეფო ტახტიც, სიცოცხლეც და მოწამეობრივად აღესრულა. ასობით და ათასობით გაღებულმა ასეთმა მსხვერპლმა ჩვენს ერს დიდება მოუპოვა, რამაც მრავალტანჯული ეს პატარა ქვეყანა გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა. რა თქმა უნდა, ნაწილმა ვერ გაუძლო ცდუნებას და წარმავალი კეთილდღეობა ამჯობინა თავისუფლებას. ხშირად მათ მაღალი თანამდებობები ეკავათ, ზოგიერთი კი ქვეყანასაც მართავდა, მაგრამ სინამდვილეში მონა და მსახური იყო დამპყრობლისა. ეს ყველაფერი ნათლად წარმოაჩენს იმ რეალობას, რომ თავისუფლებაცა და მონობაც შინაგანი, სულიერი მოვლენაა და მას ადამიანიცა და ერიც თავისი ნებით ირჩევს. ჩვენმა ხალხმა არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს განწყობა სასიქადულო პოეტმა, აკაკი წერეთელმა ძალიან მოკლედ, მაგრამ მრავლისმთქმელად ამ სიტყვებით გადმოსცა: `სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი~. შინაგანი როგორი სილაღე, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის როგორი სიყვარულია მასში გაცხადებული! ამ განწყობას, რა თქმა უნდა, რწმენა განაპირობებდა. ქართველმა იცოდა, რომ ქრისტიანული ცხოვრებითა და ქვეყნისათვის თავდადებით სასუფეველს დაიმკვიდრებდა და ამდენად, მისთვის სიკვდილი არსებობის ერთი სახიდან მეორე სახეში გადასვლის საშუალებას წარმოადგენდა.

ამ აზრის შემცველია გენიალური ქართული სიტყვა _ გარდაცვალებაც; რაც გულისხმობს იმას, რომ პიროვნება კი არ ქრება, არამედ იცვლება, სიცოცხლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის. ჩვენს ენაში სხვა ასევე მეტად საინტერესო გამოთქმებიცაა.

მშვენიერი მიმართვაა, მაგალითად, ლაზური `შური მშინე~ (`სულის მომხსენიებელი~). ასე უწოდებს ლაზი თავის პატარა შთამომავალს, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი მისი სულის მომხსენიებელი იქნება; საინტერესო გამოთქმაა `ცაშა ეხტიც~ (ანუ ცაში ახტი, ცას ეწიე), რომელსაც გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც იყენებენ და ყოველდღიური სამადლობელი დალოცვის ფორმადაც. გავიხსენოთ თუნდაც ხევსურეთში დაცული უძველესი წესი ახლადშობილ ბავშვზე, მეორე, ე.წ. სულის სახელის დარქმევისა, როდესაც მას გარდაცვლილი უახლოესი ნათესავის სახელს არქმევენ; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიციად აქვთ მიცვალებულთა სახელზე კვერების გამოცხობა; სიკვდილ-სიცოცხლის სიახლოვეზე მიუთითებს ისიც, რომ თითქმის ყველგან ლხინის სუფრაზე გარდაცვლილთა მოსაგონარ-შესანდობარი ისმევა, ჭირის სუფრაზე კი _ ცოცხალთა სადღეგრძელოები და სხვა. ასეთია საზოგადოდ ჩვენი მენტალიტეტი.

* * *

აქვე მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც: ჩვენმა წინაპრებმა, ფარნავაზისა და ქუჯის მსგავსად (ძვ. წ. აღ. III ს.), 1790 წელს კიდევ ერთხელ დაადასტურეს და საჯაროდ განაცხადეს სხვადასხვა კუთხის ქართველთა ერთობის შესახებ;შედგა დოკუმენტი, სახელწოდებით – `ივერიელთა ერთობის ტრაქტატი~, რომელსაც ხელი მოაწერეს მეფე-მთავრებმა. ეს იყო პასუხი საქართველოს გახლეჩისა და დაქუცმაცების მოსურნეთა მიმართ, რომელნიც ცდილობდნენ ჩვენი სამშობლოს დაყოფას და სხვადასხვა კუთხის ერთმანეთისადმი გაუცხოებას.

ეს პროცესი შემდგომაც გაგრძელდა, რასაც ჩვენი ერის სასიქადულო შვილებმა, _ წმიდა ილია მართალმა (ჭავჭავაძემ), მისმა თანამებრძოლებმა და ასევე მთელმა საზოგადოებამ საკადრისი პასუხი გასცეს.

აღნიშნული თემა XX ს-ში კვლავ წინ წამოსწია კომუნისტურმა რეჟიმმა და მას მიზანმიმართული პოლიტიკის სახე მისცა. ამან გამოიწვია აფხაზებისა და ოსების გაუცხოება მათთვის ნათესაური და ბუნებრივი ქართული გარემოსგან და შედეგად მივიღეთ დღეს არსებული კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, გლობალური პოლიტიკური დაპირისპირების გამოვლენაა, მაგრამ ამისთვის ნიადაგი დიდი ხნით ადრე მომზადდა.

დღესაც ზოგიერთი უცხოელი მეცნიერი და ექსპერტი ისევ ახორციელებს მიზანმიმართულ ანტიქართულ სამეცნიერო-იდეოლოგიურ კამპანიას. ამიტომაც გამოვედით ინიციატივით, მთელს ერს კვლავ დაედო `ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი~ და ამით ჩვენს დროში კიდევ ერთხელ გაგვეცა პასუხი ავისმსურველთათვის.

ახალ ტრაქტატზე ხელმოწერა დაიწყო გასული წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 2010 წლის სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე შეგროვილი ხელმოწერები კი დაიდება ტაძრის საკურთხეველში და ყველა ამ ადამიანის სახელით აღევლინება ლოცვა ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისათვის (ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ დოკუმენტზე ყველას ხელმოწერა იყოს). მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ეს მოხდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის 1000 წლისთავზე.

უფლის საოცარი განგებულებით ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიას ებოძა როგორც ყოვლადწმიდა მარიამის კვართი, რომელიც ზუგდიდშია დასვენებული, ისე კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც I საუკუნიდანვე სვეტიცხოვლის ტაძარშია დაკრძალული. ამიტომ იქცა სვეტიცხოველი საქართველოს უპირველეს ტაძრად, სადაც უძველესი დროიდან იხარშება მირონი, ეკურთხებოდნენ მეფენი, ეკურთხებიან პატრიარქნი და მღვდელმთავარნი; აქვეა მათი ძვალთშესალაგიც.

ამ უდიდეს სულიერ მნიშვნელობასთან ერთად სვეტიცხოველს, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული ისტორიულ-პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, _ იგი არის ერთიანი და ძლიერი საქართველოს სიმბოლო, რადგან XI საუკუნიდან, როდესაც დასრულდა განახლება-გამშვენება ამ წმიდა ტაძრისა (თავდაპირველი სახით სვეტიცხოვლის ეკლესია IV ს-ში აშენდა), ჩვენი ქვეყნის ზეობის ხანას ჩაეყარა საფუძველი.

ვაცნობიერებთ კი, რომ ცხოველსმყოფელი სვეტის საფუძველში თავად განკაცებული ღმერთის _ ჩვენი მაცხოვრის კვართი განისვენებს, რომლისგანაც მომდინარე საოცარ მადლს განსაკუთრებული კრძალვით უნდა მივეახლოთ?! ეს ჩვენი ერისთვის მომადლებული უდიდესი წყალობაა უფლისა, რაც დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს.

საერთოდ, წმიდანთა ნაწილები და ყოველი სიწმინდე ღვთაებრივი მადლის წყაროა, რომელთანაც თანაზიარების საშუალებას უფალი სხვადასხვა სახით გვანიჭებს. მადლის მქონეა: სიწმინდეები, ნაკურთხი წყალი, ჯვარი, ხატები, სანთელი, პური, ღვინო, ზეთი,… მაგრამ მადლის სისავსით წმინდა ზიარებას ვერაფერი შეედრება.

იგია უპირველესი და უდიდესი საიდუმლო ქრისტეს ეკლესიისა! იგია ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არსობრივი სიახლე, რაც კი კაცობრიობის ცხოვრებაში ოდესმე მოხდა ან მოხდება მეორედ მოსვლამდე.

ყველა წირვაზე იესო ქრისტე დაიკვლის ჩვენთვის, რათა მორწმუნენი არათუ მიეგებონ ჩვენთვის ჯვარცმულ ძეს ღვთისას, არამედ მიიღონ მისი ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი, რათა განუყოფლად და შეურევნელად შეუერთდნენ მას. ზოგიერთს ჰგონია, რომ წმიდა ზიარების პური და ღვინო მხოლოდ სიმბოლურად მიგვანიშნებს მაცხოვრის ხორცსა და სისხლზე, რაც უდიდესი მკრეხელობა და მწვალებლობაა.

წმიდა ზიარების წინ სათქმელ ლოცვებში არაერთხელ არის გამოთქმული ეკლესიის დოგმატური სწავლება იმის შესახებ, რომ ყოველ წირვაზე იესო ქრისტე ასრულებს საიდუმლო სერობას და, როგორც მაშინ თავის მოციქულებს, ისე ჩვენც მოგვიწოდებს: `მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი, . . . და ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა~ (მთ. 26. 26,28). სამწუხაროდ, ჩვენ, მცირედმორწმუნეობის ან სულიერი სიბრმავის გამო, ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, თუ როგორი რწმენითა და პასუხისმგებლობით გვმართებს ამ საიდუმლოსთვის მომზადება.

მეტად გულსატკენია, რომ ზოგიერთი ადამიანი, მართლია, ხშირად ეზიარება, მაგრამ სულიერად საერთოდ არ იცვლება და ჩვეული მანკიერი ცხოვრების წესს აგრძელებს. ასეთი ადამიანი თუ არ გამოსწორდა, დაიღუპება. კიდევ უფრო მძიმე სასჯელს იმსახურებენ უღირსად მზიარებელნი, რაც სნეულების ან მათი სხვა სახით დასჯის მიზეზი ხდება.

გულწრფელი აღსარებითა და სინანულით მიღებული ზიარება კი სულისა და ხორცის საკურნებელია, რითაც ადამიანის ცოდვითი მიდრეკილებებისაგან თანდათანობით გათავისუფლებაში, მის სულიერ ფერისცვალებაში ვლინდება. მადლობა ღმერთს, ასეთი მრევლიც მრავლად გვყავს.

შევნიშნავთ, რომ არსებობენ ისეთი `მორწმუნენიც~, რომელნიც, მართალია, თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, მაგრამ აღსარებისა და წმიდა ზიარებისაგან შორს დგანან და მიაჩნიათ, რომ ეს მათთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს, რაც უდიდესი შეცდომა და უდიდესი ცოდვაა!

ეს ფაქტობრივად ქრისტიანობაზე უარის თქმას ნიშნავს, უარის თქმას ნიშნავს იმ მაცოცხლებელ ენერგიაზე, თავისი მოწამებრივი ღვაწლით რომ გვიბოძა უფალმა. ამიტომაც, თუ ჩვენი ხრწნადი ბუნება წმიდა ზიარების საშუალებით მუდმივ კავშირში არ იქნება მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელ ღვთაებრივ მადლთან, შემოქმედს მოწყვეტილნი, სულიერად მოვკვდებით. გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: `როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ ძალგიძთ~ (ინ. 15,4).

მაშ, ყველა შიშითა და კრძალვით დავეწაფოთ ღვთიურ მადლს ზიარებისა! ეს კი ბუნებრივად გულისხმობს ცოდვისაგან განდგომას.

აი, როგორ გვმოძღვრავს პავლე მოციქული: `ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმინდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა. ასეთი რამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ~ (გალ.5. 16-17). `ცოდვის საზღაური სიკვდილია!~ (რომ. 6.22).

ხოლო სულის ნაყოფია: `სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება~… (გალ. 5. 19-23). და `ისინი ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან … ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი~ (რომ. 8.14,17).

უფალი ბრძანებს: `რას არგებს კაცს, თუ შეიძენს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?~ (მკ. 8, 36-37) მთელი დედამიწის სიმდიდრე არ ღირს ერთი ადამიანის სულად, რადგან იგი ხატებაა ღვთისა. ამიტომაც უმნიშვნელო, უბრალო პიროვნება არ არსებობს. თითოეული ადამიანი უნიკალურია, დაჯილდოებული განუმეორებელი და განსაკუთრებული ნიჭით, ოღონდ ჩვენ ეს უნდა აღმოვაჩინოთ.

ადამიანი უნდა დაფიქრდეს თავის დადებით და უარყოფით თვისებებზე და ეცადოს დადებითი მხარე კიდევ უფრო განავითაროს, ცოდვითი მიდრეკილებები კი დათრგუნოს და თანდათანობით ჩამოიცილოს. ქრისტიანთათვის დედამიწა არ არის სამოთხე; ეს არის განსაცდელებით სავსე ადგილი და მთავარია, ჩვენ სწორი პასუხი გავცეთ ყოველდღიურ გამოწვევებს.

შეგვიძლია სხვისი სიხარულის გაზიარება, ან გასაჭირში თანადგომა?! შეგვწევს უნარი შენდობისა?! ვართ მშვიდნი თუ შურით სავსენი?! ადამიანის მოყვარულნი თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის მზრუნველნი?! საერთოდ, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ნებისმიერი ადამიანისათვის აქ, ამქვეყნად, იწყება.

ამ რეალობის წინაშე დგას კაცობრიობაც და თითოეული ჩვენგანიც უკვე 2000 წელია. ყოველივე ამის გათვალისწინებით არის, რომ ეკლესია ასე ხშირად მოუწოდებს საზოგადოებას ზნეობის დასაცავად და ქრისტიანული გზით სვლისაკენ. განა შეიძლება გულგრილი ვიყოთ მაშინ, როდესაც ხდება ქრისტეს სწავლების უგულებელყოფა, ავხორცობისა და ძალადობის პროპაგანდა და, საერთოდ, ხალხის სულიერი დეგრადირებისათვის ხელშეწყობა; ამის მოქმედნი, ალბათ, ვერ აცნობიერებენ, რომ თავსაც იღუპავენ და ათასობით ადამიანსაც დიდ ცოდვაში აგდებენ. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ მაცხოვრის მკაცრ გაფრთხილებას: `ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს, თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისაგან არა ხართ… ~ (ინ. 8.47).

განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ კარგად გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩემო საყვარელო შვილო, ჩაიხედე შენს სულში და გაარკვიე, რა გზით მიდიხარ, ვისი ნების აღმსრულებელი ხარ და ვის ძედ გსურს რომ იწოდებოდე? ეს უმნიშვნელოვანესი კითხვაა, რომელსაც პასუხი აუცილებლად უნდა გასცე; არა აქვს მნიშვნელობა სასულიერო პირი ხარ თუ საერო, ქართველი თუ არაქართველი, ხალხისგან პატივდებული თუ საზოგადოებისგან მიტოვებული. უნდა იცოდე ისიც, რომ ნებისმიერ პიროვნებას აქვს შესაძლებლობა, განეშოროს ცოდვას და, ყველაზე დაცემულ მდგომარეობაში მყოფმაც კი, მთლიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება, ხოლო უფლის ნებასთან თავისი ნების შეერთებით (სინერგიით) მოიპოვოს ჭეშმარიტი თავისუფლება და ღვთის დიდი წყალობა. ქრისტესთან ყოფნის სიხარული იმდენად ყოვლისმომცველი და ენით აღუწერელი გრძნობაა, რომ მას ვერავითარი მიწიერი განცდა ვერ შეედრება. ეს იმდენად დიდი ნეტარებაა, რომ იგი ვერ დაითრგუნება ვერანაირი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილით.

ნუთუ ბოროტმა უნდა გვძლიოს და ამ ზეციურ მადლსა და გამოუთქმელ წყალობას განგვაშოროს? ნუთუ ისე უნდა განვვლოთ ეს ცხოვრება, რომ ვერ ვიგრძნოთ ნამდვილი ბედნიერებისა და თავისუფლების სიხარული? ნუ იყოფინ! წმიდა მოციქული ბრძანებს, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია (იაკ.2.26), ამიტომ მსურს თქვენი ყურადღება ორ უპირველეს ქრისტიანულ სათნოებაზე შევაჩერო; ეს არის პატიმართა შეწევნა და სნეულთა მიხედვა.

სახარებაში უფალი თავის თავს ადარებს როგორც პატიმარს, ისე სნეულს და ამბობს: `სნეული ვიყავი და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემს სანახავად, … რადგან, რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ~ (მთ. 25. 36,40).

ამიტომაც იყო, რომ რამდენიმე წლის წინ ლოცვა_კურთხევა მივეცი მრევლს, კვირაში ერთი დღე მაინც (მაგ. შაბათი) გამოეყოთ ამ სათნო საქმეთა აღსასრულებლად და ეს კურთხევა მინდა ისევ ყველას შეგახსენოთ (ხოლო, ვისაც ამის გაკეთება არ შეუძლია, ილოცონ მათთვის).

ხელისუფლებას კი ვთხოვ, შექმნან ისეთი სისტემა, სადაც უფრო მეტად იქნება დაცული პატიმართა და სნეულთა უფლებები.

ვფიქრობ, სასწრაფო და გადაუდებელი მკურნალობა უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ, რომ ადამიანი უსახსრობის გამო არ გარდაიცვალოს და ექიმებსაც და სახელმწიფოსაც ღვთის წინაშე მორალური პასუხისმგებლობა ამაზე არ დაეკისროს.

ამასთან, კარგი იქნება თუ სადაზღვევო_სამედიცინო სისტემაზე გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით საზოგადოების ფართო მასები უფრო მეტად იქნებიან ინფორმირებულნი (განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრებნი), რათა მათ სრულად ისარგებლონ ამ სიახლით.

ძალიან მნიშვნელოვანია პატიმრების თემა;

მათ შორის ბევრია გაჭირვების გამო შედარებით მცირე დანაშაულის ჩამდენი, ზოგიერთი კი შემთხვევით ან სხვისი მიზეზით იმყოფება ციხეში. მიმაჩნია, რომ ასეთი კატეგორიის პატიმრები განსხვავებულ მიდგომას საჭიროებენ და მათი გათავისუფლება ან მიმაგრების ადგილებზე გადაყვანის პროცესი უნდა დაჩქარდეს.

ასევე ცალკე კატეგორიად უნდა გამოიყოს ავადმყოფი პატიმრებიც, განსაკუთრებით ტუბერკულოზით დასნეულებულნი; მათ ინტენსიური მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ.

საერთოდ, ციხეში მყოფთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მეუღლესთან ცალკე შეხვედრის შესაძლებლობის მიცემა. დღეს არსებული იზოლაცია, ერთი მხრივ, მიზეზი ხდება ოჯახების დანგრევისა, მეორე მხრივ, კი პატიმარში არაჯანსაღი ფსიქიკური პროცესების განვითარებისა.

ადამიანისათვის სასჯელად ისიც კმარა, რომ მას თავისუფლება აქვს აღკვეთილი; სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ იგი გამოსწორებული, სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი დაუბრუნდეს საზოგადოებას. * * * და ბოლოს, ჩვენთვის ყველაზე აქტუალურ პრობლემას, _ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს მინდა მოკლედ შევეხო.

მიმაჩნია, რომ ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოსთვის საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი მეზობლებთან ურთიერთობაში, მთავარი იარაღი დიპლომატია და პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა უნდა იყოს.

ასევე საჭიროა პირდაპირი დიალოგის დაწყება აფხაზებთან და ოსებთან, რათა აღდგეს ჩვენს ხალხებს შორის ნდობა. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მიმდინარეობს მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი და ერთად ცხოვრება ჩვენ მაინც აუცილებლად მოგვიწევს. არ ვიცი, ეს მათთვის რამდენად მისაღებია, მაგრამ მათი გადარჩენის გარანტია სწორედ ამაშია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ აღნიშნული კონფლიქტი საერთაშორისო ძალთა დაპირისპირების შედეგია, ბუნებრივია, მათ გარეშე ამ პრობლემის მოგვარება გაჭირდება; მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის საპირწონე სხვა ღირებულებები არ არსებობს.

მე ყოველთვის იმედით ვარ აღვსილი და მჯერა, ადრე თუ გვიან საქართველო გაერთიანდება; მჯერა იმისაც, რომ მიწიერი გაგებით როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა, უფლისათვის შეუძლებელი არაფერია. მთავარია, ვეძიებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და ყოველივე მოგვეცემა. მაშ, შევთხოვოთ მაცხოვარს, ჯოჯოხეთის მსგავსად შემუსროს ჩვენს გულში არსებული ცოდვისა და ვნების სამეფოც, რათა ღვთის მადლით განწმენდილნი ვიქცეთ ტაძრად სულისა წმინდისა და შევძლოთ სწორედ აქ, ჩვენს გულში, განვამზადოთ ახალი საკურთხეველი და ახალი სამეფო ტახტი ჩვენთვის ჯვარცმული და აღდგომილი იესოსთვის.

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

მაშ, `გარდაიქეცინ გლოვაი თქვენი სიხარულად და მწუხარებაი იგი მხიარულებად~ ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

აღდგომა ქრისტესი

თბილისი, 2010 წელი

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s