RSS Feed

ქრისტიანული ქორწინება და ცოლ-ქმრობა


იოანე ოქროპირი

ცოლ-ქმრულ მოვალეობათა შესახებ წმიდა წერილის განმარტება და ხალხისთვის ქადაგება მოძღვართა ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა. ამ მხრივ, წმიდა იოანე ოქროპირის სწავლება ქრისტიან მეუღლეთა მოვალეობების შესახებ თავისი სიღრმითა და სისრულით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

წმიდა იოანე ოქროპირი თავის დარიგებებში მეუღლეთა ურთიერთობაში არსებული ნაკლოვანებების მხილებისას ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ მათ გარეგნულ გამოვლინებებზე, არამედ ხსნის მათ გამომწვევ ფარულ მიზეზებსაც. იოანე ოქროპირი განსაკუთრებით განმარტავს მეუღლეთა მხრიდან საკუთარი მოვალეობებისადმი ერთგულების აუცილებლობას. მისი მხილება ემსახურება სიბილწის მთელი არსით წარმოჩენას და მისი აღმოფხვრის საუკეთესო საშუალებების მითითებას. თოთხმეტ საუკუნეზე მეტია გასული იოანე ოქროპირის ეპოქიდან, მაგრამ თანამედროვე საზოგადოების პრობლემათა განხილვისას შევნიშნავთ, რომ ახლაც. ისევე, როგორც მაშინ, ადამიანები ხშირად ცხოვრობენ არაჯანსაღი სურვილებით, ქორწინდებიან სხვადასხვა ბილწი ვნებებით აღტკინებულნი, არღვევენ ქორწინების უბიწოებას, წესისამებრ არ ასრულებენ მოვალეობებს. ამ უსჯულოების შესაბამისად კი იმკიან სხვადასხვაგვარ უბედურებებს.
ამ დიდი მოძღვრის შეგონება, რომელიც მაშინდელი ქრისტიანი მეუღლეების სულთა ცხონების საქმეს ემსახურებოდა, არც დღეს არის მნიშვნელობას მოკლებული. იგი დღესაც ისევე დადებითად მოქმედებს ქრისტიანთა სულებზე.
ცოლ-ქმრის მოვალეობათა უმწიკვლოდ შესრულება მხოლოდ იქ არის შესაძლებელი, სადაც ამ კავშირს პატივს სცემენ. ქორწინების არსის არასწორი გაგება, ბუნებრივია, ვერ გახდება საფუძველი მათი მოვალეობების უმწიკვლო შესრულებისათვის. ცოლ-ქმრული კავშირის განსაკუთრებულობის წარმოსაჩენად იოანე ოქროპირი ეყრდნობა სამ ძირითად მომენტს: ადამიანის ბუნებრივ ლტოლვას ამ კავშირისაკენ, ღვთაებრივი კანონის ძალას და იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც წმიდა ეკლესია ანიჭებს ქორწინების საიდუმლოს. განმარტავს რა პავლე მოციქულის სიტყვებს – “საიდუმლოი ესე დიდ არს, ხოლო მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიისა” (ეფეს. 5, 32), მიუთითებს, რომ ეს კანონი მაღლა დგას ყოველგვარ ადამიანურ ჩვევებსა და ანგარებიან გათვლებზე და, ვინაიდან იგი თავისი წარმოშობით ღვთიურია, გულისხმობს არა მხოლოდ ხორციელ კავშირს, არამედ, წმ. მოციქულის სიტყვებზე დაყრდნობით, ქრისტეს ეკლესიასთან ერთობას. “საიდუმლო ესე დიდ არს”. რატომ, თუნდაც იმიტომ, რომ ქალწული, რომელიც მანამდე არ იცნობდა თავის საქმროს (უფრო სწორად, იქამდე, სანამ ის საქმრო გახდებოდა), პირველსავე დღეს მთლიანად ეთვისება მას და უყვარს, როგორც საკუთარი სხეული. მეორე მხრივ, ვაჟიც, რომელსაც მანამდე არც კი ენახა თავისი რჩეული, შეხვედრის პირველივე დღიდან უპირატესობას მას ანიჭებს და ყველა მეგობარზე, ახლობელზე და თვით თავის დედ-მამზეც მაღლა აყენებს. მშობლებიც კი, რომლებიც ქონების დაკარგვის შემთხვევაში დიდ მწუხარებას მიეცემოდნენ, თავის შვილს მანამდე უცნობ ადამიანს აძლევენ, თან სიმდიდრის გარკვეულ ნაწილს სჩუქნიან და ამას ყველაფერს დიდი სიხარულით აკეთებენ.

წმიდა მოციქული, სწორედ, ამ გარემოებას უსვამს ხაზს, რომ ქალ-ვაჟი ტოვებს რა მშობელს და უკავშირდება ერთმანეთს, ეს კავშირი უფრო მყარი და სერიოზულია, ვიდრე ერთი ადამიანის მეორესთან შეჩვევაა, რადგანაც ეს ურთიერთობა არის ღვთაერბრივი, ღმერთის მიერ დადგენილი და არა – ადამიანური. სწორედ, ამიტომ ამბობს მოციქული: “საიდუმლო ესე დიდ არს”, შემდეგ მიუთითებს ამ კავშირის მსგავსებას ქრისტესა და ეკლესიას შორის მიმართებასთან: როგორც საქმრო ტოვებს მამას და მიდის საცოლესთან, ასევე დატოვა მაცხოვარმა მამისეული ტახტი და შეუერთდა თავის სასძლოს, ანუ ეკლესიას. ჩვენ კი არ მოგვიწოდა ზეცაში, არამედ თვითონ მოვიდა ჩვენთან. სწორედ ამიტომ ამბობს მოციქული: “საიდუმლო ესე დიდ არს!” დიდებულია ეს საიდუმლო მაშინაც, როცა ადამიანთა მოდგმას ეხება, მაგრამ პავლე მოციქული მიგვითითებს, რომ იგივე ურთიერთობაა ქრისტესა და ეკლესიას შორისაც, ამით თვითონაც განცვიფრებულია და ზემოთ აღნიშნული სიტყვების შემდეგ დასძენს: “ხოლო მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიისა” (ეფეს. 5,32).
საქორწინო კავშირი არის არა მხოლოდ ფიზიკური ერთიანობა, არამედ ცოლ-ქმრის შინაგანი, სულიერი მთლიანობა, რაც აუცილებელია ურთიერთშემწეობისათვის მორალური სრულყოფილებისაკენ სწრაფვაში, ამიტომ ოჯახის ერთობა, ქორწინებით დაკავშირებული და, ამგვარად, ღვთისაგან ნაკურთხი, ადამიანთა ურთიერთობის საუკეთესო ფორმა იქნება, თუ თითოეულ პიროვნებას გაცნობიერებული ექნება ქორწინების ზნეობრივი მიზანი და ამ მიზნისკენ სწრაფვის აუცილებლობა. “ისმინეთ ესე, ქმრებო, ისწავლეთ ცოლებო, – ამბობს ოქროპირი და მიუთითებს აბრაამისა და სარას წმინდა ცხოვრებაზე, – ყველამ უნდა მივბაძოთ მათ. დაე, ქმარი ცოლისთვის იყოს ყველაზე ძვირფასი, ხოლო ცოლი – ქმრისთვის ყველაზე საყვარელი. ქალი მეუღლის თანამოაზრე უნდა იყოს, ამაზეა დამოკიდებული მთელი სამყაროს კეთიდღეობა. რადგანაც მსოფლიოში უამრავი ქალაქია, ქალაქები ოჯახებითაა დასახლებული, ხოლო ოჯახი – ცოლი და ქმარია. როდესაც მათ შორის რაიმე უთანხმოებაა, ეს აუცილებლად აისახება საზოგადოებაზე, ხოლო მისი გართულებული ვარიანტი შეიძლება საზოგადოებრივი კონფლიქტის, ან უარეს შემთხვევაში, ომის სახითაც მივიღოთ. ქორწინება შეიძლება იყოს როგორც დიდი უბედურების, ასევე დიდი სიკეთისა და კეთილდღეობის სათავე. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: “ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა” (ეფეს. 5,22). რატომ ენიჭება ამას ასეთი მნიშვნელობა? პასუხი ცალსახაა: როდესაც მეუღლეები ურთიერთშეთანხმებულად ცხოვრობენ, სწორად ზრდიან შვილებს – ეს მეზობლებზე, მეგობრებსა თუ ნათესავებზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი თავდაყირა დგება და ომის დროს ჯარის ხელმძღვანელებს შორის უთანხმოებით გამოწვეულ აურზაურს ემსგავსება.

ადამიანთა საზოგადოება ქორწინების მნიშვნელობას ოქროპირის დროსაც და ახლაც არასწორად იგებს. IV საუკუნეში არსებობდა მარკიანესა და მანიქეის მწვალებლობები, რომლებიც გმობდნენ ქორწინებას, აცხადებდნენ მას არა ღვთისაგან დადგენილად, არამედ – ბოროტი ძალების მიერ დაწესებულ კანონად და ამის საფუძველზე ქადაგებდნენ ქალწულების დაცვის აუცილებლობას. ჩვენს დროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცოლ-ქმრულ ურთიერთობას ცოდვად აცხადებენ და თავიანთ მიმდევრებს მოუწოდებენ ამ ურთიერთობისაგან თავის შეკავებისაკენ, რადგან, მათი თქმით, ქორწინებაში მყოფთათვის ცხონება შეუძლებელია. სწორედ ამგვარად მოაზროვნეთათვის დაწერა იოანე ოქროპირმა წიგნი ქორწინების შესახებ. იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ ქალწულება არ შეიძლება იყოს ღვთისაგან მოსაწონი, თუ ის ქორწინების გმობის საფუძველზე იქადაგება, რადგან ამ შემთხვევაში ქალწულებას იცავენ არა თავისუფალი ნებით, არამედ – იძულებით. ქორწინების გმობა არის არა ქრისტიანული, არამედ – ეშმაკის ჩაგონებით გამოწვეული, რომელიც იმავდროულად, სიწმინდის მტრადაც გვევლინება. “სად მიგიჩინოთ ადგილი? – ეკითხებოდა ოქროპირი ქალწულ ერეტიკოსებს, – იუდეველებთან? შეუძლებელია, რადგან ისინი პატივს სცემენ ქორწინებას. ჩვენთან? მაგრამ თქვენ ხომ არ გესმის ქრისტეს სიტყვები, რომელიც პავლე მოციქულის სიტყვებით გვამცნობებს: “პატიოსან არს ქორწილი ყოველითავე და საწოლი შეუგინებელ” (ებრ.13,4). “მათთვის, – განაგრძობს ოქროპირი, – განმზადებულია ცრემლი, მწუხარება, საუკუნო სატანჯველი, რადგანაც მათ ქალწულება ღვთის კანონის საწინააღმდეგოდ აირჩიეს. მწვალებლების უბიწოება შეურაცხყოფს ღვთის სიბრძნეს. აშკარაა მათ მოქმედებაში ეშმაკის ზეგავლენა. მათი ქადაგება, რომ ნამდვილად ბოროტი ძალებისადმი მორჩილებაა, ამას არა ჩემი, არამედ მოციქულის სიტყვები ადასტურებს: “ხოლო სული წმიდაი ცხადად იტყვის, რამეთუ უკანაისკნელთა ჟამთა გან-ვინმე-ჰსდგენ სარწმუნოებისაგან და ერჩდნენ იგინი სულთა მათ მაცთურთა და მოძღურებასა ეშმაკთასა… აყენებდნენ ქორწილსა და განაშორებდნენ საჭმელთა, რომელნი ღმერთმან დაჰბანა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათვის და რომელთა იციან ჭეშმარიტებაი (I ტიმ. 4,1-3).

ქორწინების გმობის მიზეზი ამ მოძღვრების მიმდევართა მიერ სულის გადარჩენისა და ხსნის არასწორი გაგებაა, ამის საფუძველზე ქორწინება მათ სულის ცხონების საწინააღმდეგო ურთიერთობად მიაჩნიათ. იოანე ოქროპირი ილაშქრებს ასეთი მცდარი მოძღვრების წინააღმდეგ, მიუთითებს აკვილასა და პრისკილას მაგალითზე და სვამს კითხვას: “რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ აქედან? უწინარესად ის, რომ დაუშვებელია ქორწინების გმობა, ოჯახის, შვილების აღზრდის, საზოგადოებრივი საქმიანობის ცხონების საწინააღმდეგო ქმედებად მიჩნევა. აკვილა და პრისკილა ცოლ-ქმარი იყვნენ, ჰქონდათ სამხატვრო სახელოსნო და ზნეობრივად გაცილებით დიდ სიმაღლეზე იდგნენ, ვიდრე ზოგიერთი მონასტერში მცხოვრები”. სხვაგან მას ისაია წინასწარმეტყველის მაგალითი მოჰყავს, რომელსაც ცოლი ჰყავდა და ამას არ შეუშლია მისთვის ხელი, ეხილა უფლის დიდება. “მეუღლეობა არ არის ჩვენთვის დაბრკოლება ცათა სასუფევლისაკენ მიმავალ გზაზე, რადგანაც ცოლი რომ მზაკვრობის სათავე ყოფილიყო, მას ღმერთი ადამს არ დაუდგენდა თანაშემწედ. განა არ ჰყავდა წმიდა ისაია წინასწარმეტყველს ცოლი? მაგრამ ამას არ დაუბრკოლებია ის მადლის მისაღებად. ის ცხოვრობდა ცოლთან, მაგრამ იყო წინასწარმეტყველი. განა მოსეს არ ჰყავდა ცოლი? ამის მიუხედავად ღმერთს ესაუბრებოდა და ღმერთიც ისმენდა მის ვედრებას. აბრაამსაც ჰყავდა ცოლი, მაგრამ ეკლესიის მამამთავარი გახდა. შეუშალა ხელი ქორწინებამ? მაკაბელთა დედაც ხომ ცოლი იყო, ეკლესიას კი შვიდი წმიდანი შვილი შესძინა, მათი წამების მოწმე გახდა, და მაინც კლდესავით შეურყეველი იყო, თითოეული შვილის წამების შემყურე, შვიდმაგი ტანჯვის გადამტანი. ის დედა იყო და ბუნებრივ ინსტიქტს შეიძლებოდა მისი რწმენა დაეჩრდილა, მაგრამ სულიერ ჭიდილში ის არ დამარცხებულა. წმიდა პეტრე მოციქული – ეკლესიის დამაარსებელი, ქრისტეს მხურვალედ შემყვარებელი, რიტორთა დამმარცხებელი, გაუნათლებელი – მაგრამ ბრძენივით მეტყველი, ელინური სიბრძნის დამარღვეველი, თავისი ბადით მთელი სამყაროს მომნადირებელი – განა უცოლოდ იყო? სახარებაში ვკითხულობთ: “ხოლო სიდედრი სვიმონისი დავრდომილ იყო” (მარკ. 1,30). ბუნებრივია, თუ ჰყავდა სიდედრი, ცოლიც ეყოლებოდა. გავიხსენოთ, თუნდაც, ქორწილი კანას გალილეაში, როდესაც ქრისტემ წყალი ღვინოთი შეცვალა და ამგვარად აკურთხა ქორწინება. ქორწინების მოწინააღმდეგენი მიუთითებენ ცოლის მხრივ ქმარზე ცუდი ზეგავლენის მაგალითებზე და ამის საფუძველზე აკეთებენ ქალის დამამცირებელ დასკვნას, რომ ის არის ყველა უბედურების და ბოროტების მიზეზი. წმიდა იოანე ოქროპირს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო, უპასუხოდ დაეტოვებინა ასეთი არაქრისტიანული შეხედულება. მას მოჰყავს სათნო ცოლების მაგალითები, ხოლო საპირისპირო შემთხვევების ახსნისას მამაკაცის სისუსტეს მიიჩნევს იმის მიზეზად, რომ ცოლს შეუძლია მისი ცდუნება. “თუ შენი ცოლი კეთილია, – ამბობს ის, – შენი დამხმარეა და თუ არ არის, შეეცადე თავად შენ, რომ დამხმარედ გაიხადო. იობის ცოლიც ავისმზრახველი იყო, რადგან ქმარს ღვთის გმობისაკენ მოუწოდებდა, მაგრამ ვერაფერს გახდა, ის თითქოს ქარბუქს აყენებდა, მაგრამ ნავი მაინც თავის გზით მიდიოდა, მისი თავდასხმები ნაყოფს ყრიდა, ხე კი უვნებლად იდგა, ფოთოლი გასცვივდა, ფესვი კი უვნებელი გადარჩა. ამას იმისათვის ვამბობ, რომ არავინ იწუწუნოს ცოლის ცუდი საქციელის გამო. ბოროტია ის? გამოასწორე! თუ შენ მეტყვი, რომ ქალმა განმდევნა სამოთხიდან, მე გიპასუხებ: ქალმა აღგამაღლა ზეცამდე. იობის ცოლი ბოროტია? სუსანა კეთილია. ეგვიპტელი მრუშია? სარა უბიწოა!”.

იოანე ოქროპირი ასახელებს ორ უმთავრეს მიზეზს, რის გამოც ადამიანს ქორწინების კანონი დაუდგინდა: ქორწინება კაცობრიობის გამრავლებას ემსახურება და არის ძირითადი პირობა სიძვის თავიდან ასაცილებლად. იოანე ოქროპირი სუსტი ნებისყოფის ადამიანებს მოუწოდებდა, დაქორწინებულიყვნენ, რათა ამ გზით დაეცვათ თავი ავხორცობისაგან, “ქორწინება, – ამბობს ის, – არის დაწესებული შვილების გასაჩენად და უფო იმიტომ, რომ სხეულის ბუნებრივი მოთხოვნილებები დაიოკო. ამაზე მიუთითებს პავლე მოციქულიც: “ხოლო სიძვისათვის კაცად-კაცადსა თვისი ცოლი ესვინ” (Iკორ. 7,2). მას არ უთქვამს, შვილების გასაჩენადო, არამედ ხაზს უსვამს ქორწინების, სწორედ, ამ დანიშნულებას. თავდაპირველად ქორწინების მთავარი მიზანი გამრავლება იყო, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც მთელი დედამიწა დასახლდა ადამიანებით, მისი ძირითადი მისია ავხორცობის თავიდან აცილება გახდა, რადგან თუ ადამიანი უქორწინებლად მიეცემა ვნებებს, სულს დაიღუპავს, ქორწინება კი გაათავისუფლებს მას სიბილწისაგან და ძალას მისცემს, შეინარჩუნოს სიწმიდე”.
იოანე ოქროპირი საგანგებოდ განმარტავს პავლე მოციქულის სიტყვებს – “სიძვისათვის კაცად-კაცადსა თვისი ცოლი ესვინ”, – “ჯვრისწერა დადგენილია არა სიღარიბის თავიდან ასაცილებლად და სიმდიდრის მოსაპოვებლად, არამედ – ავხორცობისაგან თავდასაცავად, თავშეკავებული ცხოვრებით ღვთის მცნებების აღსასრულებლად. ქორწინებას მოაქვს ცოლით კმაყოფილება – ესაა მისი ნაყოფი და სარგებელი. ადამიანმა იმისთვის უნდა იქორწინოს, რომ იცხოვროს მშვიდად და უბიწოდ”…
იმისათვის, რომ ადამიანმა ჯვრისწერით სულის სიმშვიდე და სიმყუდროვე მოიპოვოს, ოჯახში ერთსულოვნება და მშვიდობა დაამყაროს, დიდი სიფრთხილეა საჭირო. ოქროპირი ქორწინების მსურველებს ურჩევს, კარგად გაეცნონ ქრისტეს ეკლესიის მიერ ჯვრისწერასთან დაკავშირებულ კანონებს, კარგად ჩაუფიქრდნენ, აწონ-დაწონონ და ამგვარად მოიპოვონ ოჯახური ბედნიერების უფლება.
ცოლ-ქმრული ბედნიერება უმთავრესად დამოკიდებულია პიროვნებათა ხასიათის თავისებურებებზე. საცოლისა და საქმროს არჩევისას იკვეთება მომავალი ოჯახის კეთილდღეობისა და უბედურების ალბათობა. იოანე ოქროპირი ამ საკითხს უმთავრეს ყურადღებას აქცევს. საცოლეში ვაჟი უწინარესად სათნო სულსა და ზნეობრივ სიწმინდეს უნდა ეძებდეს. ბევრს არა აქვს ცოლისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც გონება კარნახობს, ამიტომაც ვურჩევ მამაკაცებს, ცოლად ისეთი ქალი მოიყვანონ, რომელიც ზნეობითა და სათნო საქციელით გამოირჩევა”.

იოანე ოქროპირი ქორწინებას განიხილავს, როგორც ორი გულის კავშირს, რომელიც დამყარებული უნდა იყოს გულწრფელობასა და ურთიერთნდობაზე, რათა ზუსტად ასახავდეს ქრისტეს დამოკიდებულებას ეკლესიისადმი, ამიტომაც ის ცდილობდა, ყველა საშუალებით დაემტკიცებინა, რომ ანგარებიანი ე.წ. “კეთილგონივრული” არჩევანი ქალის მხრივ, შეურაცხმყოფელია ქორწინების სიწმინდისათვის, დამამცირებელი მისი ღირსებისათვის და მავნებელი – თავისი შედეგებით.
ოქროპირი გვირჩევს, რომ უმჯობესია ქორწინება ღარიბთან, მაგრამ ზნეკეთილთან, ვიდრე მდიდართან, “საჭიროა მხოლოდ ერთი რამ ვეძებოთ – სულიერი სიკეთე და ზნეობრივი სიწმინდე, რადგანაც ამაზეა დამოკიდებული ოჯახური სიმშვიდე ბედნიერება და სიყვარული. ვინც ცოლად ირთავს თავისზე მდიდარს, ქორწინება არა ქალზე, არამედ – ქალბატონზე”.
ანგარებითი ქორწინების გარდა არსებობს ე.წ. სიყვარულით ქორწინება, ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ვნებით ნაკარნახევი კავშირი. ამ ნაბიჯს, ძირითადად, ახალგაზრდები, ცხოვრებაში გამოუცდელნი დგამენ. ხშირ შემთხვევაში ასეთი ქორწინების საფუძველი არის ადამიანის არა შინაგანი მშვენიერება, არამედ – გარეგანი ხიბლი და არცაა გასაკვირი, რომ ასეთი ქორწინების უმრავლესობა უიღბლოა. იოანე ოქროპირი არაერთხელ მიუთითებდა ახალგაზრდებს ხორციელი გატაცების მავნებლობაზე და იმ მწარე, ამაო სინანულზე, რომელიც ამ გატაცებას მოჰყვება ხოლმე ხშირად. ჯვრისწერის მსურველებსა და მათ მშობლებს ის არწმუნებდა, რომ ხორციელი სილამაზე არაარსებითია და წარმავალი, ის არ შეიძლება, ოჯახური ბედნიერების შეურყეველი გარანტი იყოს, ხოლო ჭეშმარიტი, ანუ გულის სილამაზე, სულის თვისებებში უნდა ვეძებოთ, რომელთა გარეშეც ხორციელ სილამაზეს ფასი არა აქვს. “სილამაზე არის არა სხეულში, – ამბობს ის მათეს სახარების ერთი ადგილის განმარტებისას, – არამედ ხასიათის იმ თვისებებში, რომელთაც სული აყალიბებს. მე გარწმუნებთ, რომ ამ ქვეყნად ყოველივე ამაღლებულ სულზეა დამოკიდებული. თუ სული ხარობს, ადამიანის სახეც ისეა გაბრწყინებული, თითქოს ვარდი ეშლებოდეს ღაწვებზე , თუ მწუხარედაა, თითქოს სხეულიც შავი სამოსლით იმოსება, ხოლო თუ უზომოდ მხიარულობს, ხორცი თითქოს უძლურდება. შურიანი სული სხეულს ადუნებს და აფერმკრთალებს, ხორცი განსაკუთრებით სათნოა, როდესაც მასში სიყვარულით გამთბარი სული სახლობს. ამიტომ ბევრი ქალი შეიძლება, არ გამოირჩეოდეს განსაკუთრებული სილამაზით, მაგრამ მაინც მომხიბვლელი იყოს და პირიქით, შეიძლება ხორცით ლამაზი იყოს, მაგრამ არ გიზიდავდეს სულიერი მშვენიერების სიმწირის გამო. თავად განსაჯე: თეთრ სახეს როგორ ხიბლს ჰმატებს სირცხვილის გრძნობით შევარდისფერებული ლოყები და, მეორე მხრივ, ურცხვი სული, გარეგნულ გამოხატულებაში ყოველგვარ ცხოველზე შემზარავია. მორცხვი და მოკრძალებული ადამიანი თავისთავად სათნოა. არაფერია ქვეყნად უფრო მშვენიერი, ვიდრე კეთილი სული. ამიტომ, როდესაც ხედავ ლამაზ გარეგნობას, ეცადე, გამოიცნო, როგორია შინაგანი სამყარო და, თუ ის უშნო აღმოჩნდება, მაშინ გარეგანიც მოიძულე”.

საცოლის შერჩევისას მხოლოდ ფიზიკური მშვენიერებით ტკბობა ერთობ სახიფათოა, რადგან მარტოოდენ ამ მოტივით ნაკარნახევი სიყვარული ძალიან ხანმოკლეა და მაშინვე ქრება, როდესაც დამალული სულიერი სიმახინჯე გამოიკვეთება. “სილამაზემ სათნოების გარეშე – ოქროპირის თქმით – შეიძლება მოგხიბლოს ათი, ოცი, თუნდაც ოცდაათი დღით, მაგრამ ამ ძალას უფრო ხანგრძლივად ვერ ინარჩუნებს, რადგან სიყვარულით აღტკინება ქრება ბოროტების გამოვლენისთანავე და პირიქით, ქალები რომლებიც დაჯილდოვებულნი არიან შინაგანი ღირსებებით, დროთა განმავლობაში უფრო დიდ სიყვარულს იმსახურებენ თავიანთი ქმრებისაგან”. ასე რომ, იოანე ოქროპირი ლამაზ ქალებს ურჩევს, არ გადიდგულდნენ და ნუ ჩათვლიან ლამაზ გარეგნობას სიყვარულისა და ოჯახური ბედნიერების მოპოვების გადამწყვეტ საშუალებად. “ხორციელი სილამაზე მიჩვევის შემდეგ ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა, სულიერი კი დღითიდღე მეტად გიზიდავს. ამგვარად, თუ გსურს, სათნო ეყო ქმარს, მოკრძალებითა და სათნოებით შეიმკე. ეს კაცის მოხიბვლის ერთადერთი საშუალებაა, რომელსაც ვერც სიბერე, ვერც ავადმყოფობა ვერაფერს ავნებს. სულიერი სილამაზე ყველა ფიზიკურ ნაკლს გადაფარავს. ის არც შურს აღძრავს, არც ეჭვიანობას, მისთვის უცხოა ყოველგვარი პატივმოყვარეობა.
მაგრამ, რადგან შეუძლებელია ადამიანის გულის ბოლომდე გამოცნობა, რადგან არავითარ ადამიანურ სიფრთხილეს და კეთილგონიერებას არ შეუძლია მომავლის განჭვრეტა და, რადგანაც კეთილი ცოლი, სოლომონ ბრძენის თქმით, ღვთის წყალობაა, ამიტომ საცოლის არჩევისას მთლიანად უნდა მივენდოთ უფლის ნებას და მორჩილად ვითხოვოთ მისგან კეთილი ცოლი. საქმროს არჩევისას ქალის მშობლებისათვის ამოსავალი უნდა იყოს არა მისი მაღალი მდგომარეობა საზოგადოებაში, არამედ მისი სულიერი ღირსებები, რომელთაგანაც უმთავრესი უნდა იყოს ღვთისმოსავობა. ამიტომ ოქროპირი ქალის მშობლებს მოუწოდებს, რომ ეს არჩევანი ღმერთს მიანდონ: “ეძებე შენი ქალიშვილისათვის ქმარი, რომელიც მისი დამცველი და მფარველი იქნება. ნუ ეძებ ფულს, ბრწყინვალებას, წარმომავლობას, გვარიშვილობას, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ეძებე ღვთისმოსავობა, სიმდაბლე, ჭეშმარიტი სიბრძნე, თუ გინდა, რომ შენმა შვილმა სიამოვნებითა და სიხარულით იცხოვროს”.
როცა ვაჟი აკეთებს კეთილგონივრულ არჩევანს, შესაბამისად ქალიც და ღვთის კურთხევაცაა მათზე, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ საბოლოო ბედნიერერბას. მათ ისე უნდა წარმართონ ერთმანეთთან დამოკიდებულება, რომ ღირსნი გახდნენ ღვთის წყალობისა, რათა ქორწინება, ანუ სიხარულის წყარო, არ იქცეს მათთვის საშინელებად მათივე მიზეზით.
ქორწინების შემდგომ ქალ – ვაჟის ბედი დამოკიდებულია მათ სიყვარულზე, ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე. “არაფერია უფრო ფასეული იმაზე, რომ გიყვარდეს და უყვარდე, როდესაც მეუღლეები თანამოაზრეები არიან, ეს, ზირაქის თქმით, ნეტარებაა, სადაც ეს არის, იქ სიმდიდრეცაა და ბედნიერებაც და პირიქით, ამ დანაკლისს სხვა ვერაფერი ავსებს და ყოველივე უსიამოვნების წყაროდ იქცევა”.
მეუღლეთა სიყვარული არ უნდა იყოს დამოკიდებული მათ ფიზიკურ ურთიერთმიზიდულობაზე, არ უნდა ჩაქრეს იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო ერთ-ერთი მათგანი დაკარგავს მომხიბვლელობას. ამ აზრს ის განსაკუთრებით უნერგავს ქმრებს, რადგანაც ზოგიერთ მათგანს სიყვარული უქრება, თუ ცოლები რაიმე მიზეზით ძველ მიმზიდველობას კარგავენ. ქმრის სიყვარული ცოლისადმი უნდა იყოს მუდმივი და იმდენად მყარი, რომ ყველანაირ უბედურებას, წყენასა თუ განსაცდელს გაუძლოს, იოანე ოქროპირი შეაგონებს ქმარს: “იზრუნე შენს ცოლზე, როგორც ქრისტე ზრუნავს ეკლესიისათვის, სულის დათმობაც რომ მოგიხდეს, ან თუნდაც ყველაფრის დაკარგვა, რაც არ უნდა მძიმე განსაცდელი შეგემთხვეს, არ უნდა თქვა მასზე უარი, რადგანაც ამის დათმენა არაფერია იმასთან, ქრისტეს რომ აქვს გაღებული თავის ეკლესიისათვის. ცოლი ქმრისათვის იმდენად საჭირო თანამგზავრია, რომ აუცილებელია ქმარს ეს ყოველ წამს ახსოვდეს და უნდა უყვარდეს იგი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცოლი მისი არსების ნაწილია, არამედ, იმიტომაც, რომ ღმერთმა დაადგინა კანონი: “ამისათვის დაუტევოს კაცმან მამაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა”. (დაბ.2,24). პავლე მოციქულიც, სწორედ, იმიტომ შეგვახსენებს ამ კანონს, რომ ყველა საშუალებით გააღვივოს სიყვარული. სწორედ, ამაში მდგომარეობს მოციქულის სიბრძნე: ის ხან ღვთაებრივი, ხან ადამიანური კანონებით მოუწოდებს ქმრებს, უყვარდეთ ცოლები. ამ ხერხს იმოიტომ მიმართავს, რომ ღირსეულ მამაკაცებზე ღვთაებრივი შეგონება ჭრის, ხოლო შედარებით სუსტებსა და მდაბლებზე – უბრალო, ადამიანური ენით საუბარი. ამგვარად, მოციქული იწყებს ასე: “ქმარნო, გიყვარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემ შეიყვარა ეკლესია” (ეფეს.5,25), შემდეგ კი გადადის ადამიანურ, იოლად გასაგებ მსჯელობაზე: “ესრეთ ჯერ არს ქმართა ცოლდთა თვისთა სიყვარული, ვითარცა ხორცთა თვისთა… ამისათვის დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა და იყვნენ ორნივე იგი ერთხორც”(ეფე.5,28,30).

მუღლეთა შორის სიყვარულისა და თანადგომის განსამტკიცებლად დიდ როლს თამაშობს ურთიერთშეგონების აუცილებლობა, რაც, რა თქმა უნდა, ორმხრივი უნდა იყოს. არ იქნება არც გაგება, არც სიყვარული მათ შორის, როდესაც თითოეული მეორისაგან მოითხოვს სიყვარულსა და ერთგულებას, თავად კი თავს არიდებს ვალდებულებიბის აღსრულებას. თითოეული მათგანი გაგებით უნდა მოეკიდოს ნაკლსა და სისუსტეს და მოთმინებით აღიჭურვოს უსიამოვნების, წყენისა თუ უნებლიე შეცდომის დროს.
როდესაც კაცს ბოროტი ცოლი ხვდება, ვალდებულია, მოითმინოს და მორჩილებით მიიღოს ეს როგორც ღვთისაგან მოვლენილი განსაცდელი მისი ცოდვების მისატევებლად. “თუ ცოლი აგიმხედრდება, – ამბობს ოქროპირი, – შინ დაბრუნებულს მხეცივით გაავებული გხვდება, ენით გწამლავს, საშინელი ასატანია, რომ ის, ვინც ღმერთმა დამხმარედ დაგიდგინა, შენი მტერი ხდება. მაგრამ კარგად დაფიქრდი: ხომ არაფერი სიავე ჩაგიდენია ახალგაზრდობაში ქალის წინააღმდეგ? იქნებ ქალისადმი მიყენებული ჭრილობა ქალის მიერვე უნდა იქნეს გამოსწორებული? სხვა ქალის წყლულს დასტაქარივით მკურნალობს შენი საკუთარი ცოლი. ავი თანამეცხედრე ხომ ცოდვების გამოსასყიდად ეძლევა კაცს. წმინდა წერილიც ადასტურებს, რომ ბოროტი ცოლი მიეცემა ცოდვილ კაცს, როგორც შხამსაწინააღმდეგო საშუალება, რათა აღხოცოს მისივე ცოდვების სიავე”.
თუ იოანე ოქროპირის სწავლების მიხედვით, ცოლის აუტანელი ხასიათი ღვთის სასჯელია ქმრისათვის, ცხადია, მან ეს სასჯელი სრული მოთმინებით უნდა აიტანოს და არ უნდა უპასუხოს მას მრისხანებით. ეს დაუშვებელია, რადგან ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას მოთმინებისა და სიმდაბლის შესახებ. ქმარმა ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს სიყვარული ცოლის მიმართ. ამიტომ იოანე ოქროპირი გმობს ცოლისადმი არაადამიანურ დამოკიდებულებას, რაც არც თუ იშვიათად გვხვდება, განსაკუთრებით დაბალ ფენებში. ჭირვეული ცოლის გამოსწორების კარგ საშუალებად მას მიაჩნია მოთმინებით შეგონება და არა საყვედური და, მით უმეტეს, ცემა-ტყეპა.

ყველაზე კარგი მეთოდი ცოლის ცუდი ხასიათის გამოსასწორებლად არის ქმრის კეთილგონივრული თავმდაბლობა და ზრუნვა ამა თუ იმ მანკიერების სიმშვიდით აღმოსაფხვრელად. “არ შეიძლება, შვილების დედა, ცხოვრების თანამგზავრი, სიხარულის წყარო, მხოლოდ და მხოლოდ შიშითა და მუქარით ვაცხოვროთ, ამბობს ოქროპირი, პირიქით, საჭიროა, მას სიყვარულითა და მზრუნველობით ვექცეოდეთ… რაც უნდა შეგცოდოს ცოლმა, ყველაფერი აპატიე, ასწავლე მას სიკეთე და მორჩილება. თუ მასში არის სიბილწე, განდევნე ეს მანკიერება და არა თვითონ ქალი. თუ მრავალი მცდელობის შემდეგ დარწმუნდეი, რომ მისი გამოსწორება შეუძლებელია და ის ჯიუტად განაგრძობს თავისას, მაინც არ გააგდო, რადგან ის შენი სხეულის ნაწილია. დაე, შენი ცოლის მანკიერებანი გამოუსწორებელი დარჩეს, შენთვის სხვა ჯილდოა გამზადებული, რადგან შენ ასწავლე მას, ღვთის სიყვარულის გამო გადაგაქვს ამდენი უსიამოვნება და ითმენ ბოროტ ცოლს.” იოანე ოქროსპირი ქმრებს არიგებს, როგორ ჯობს ცოლების შეგონება: “თუ ცოლი სამკაულებისა და ბრჭყვიალა მორთულობის მოყვარულია, როგორ უნდა მიაღწიო ამის გამოსწორებას? არ უნდა აუკრძალო ყველაფერი ერთბაშად, არამედ დაიწყო უმარტივესიდან. თუ მოუთმენლობით შეპყრობილი ერთი ხელის მოსმით მოინდომებ მის გარდაქმნას, წარმატება გამორიცხული იქნება. მაშ ასე, ნუ წაართმევ მაშინათვე ძვირფას სამკაულს, არამედ ჯერ ნება დართე, შეიმკოს ისინი. მასზე ზემოქმედების საშუალებებიდან გამორიცხე შიში და მუქარა, მოეპყარი ლმობიერად, აუხსენი, რომ შენ არ მოგწონს ეს სამკაული. შენი საუბარი წამართე ისე, რომ მისი გულისწყრომა არ გამოიწვიო, არაფერი უთხრა არც გეჰენიაზე და არც სასუფეველზე, რადგანაც დასაწყისში ამას არავითარი აზრი არა აქვს. დაარწმუნე, რომ შენ ის ბუნებრივი უფრო მოგწონს, ანუ ისეთი, როგორიც ღმერთმა შექმნა და არა ფერუმარილ წასმული. თუ მრავალი მცდელობის მიუხედავად ის მაინც არ შეისმენს, არ შეწყვიტო ამ თემაზე საუბარი, განაგრძე არა განრისხებულმა, არამედ სიყვარულითა და ალერსით. გარწმუნებ, ცოტა ხანში ვეღარ დაინახავ მის შეღებილ სახეს. თუ შენ გადაჩვევ მას ერთ ცუდ თვისებას, დანარჩენებსაც ადვილად დაძლევ. ამის შემდეგ შეგიძლია, გადახვიდე ბრწყინვალე სამკაულებზე და მათზეც ასევე იმსჯელო. შენც ამ შრომით მიემსგავსები ერთგულ მონასა და მომთმენ მიწადმოქმედს. იმისთვის რომ მოიპოვოს და ბოლომდე შეინარჩუნოს ცოლზე ზეგავლენა, ქმარმა მისი სწავლება თანაცხოვრების პირველი დღიდანვე უნდა დაიწყოს. ამისთვის უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო სიტუაცია, ერთად ცხოვრების ყველა ეტაპზე ყურადღებითE უნდა დააკვირდეს ცოლის საქციელს, მიუთითოს მოვალეობებზე და მათი შესრულების გზით ზნეობრივი სრულყოფილების მიღწევის აუცილებლობაზე. წმინდა იოანე ოქროსპირი ცოლთან დამოკიდებულებაში უამრავ სხვა ნიუანსთან ერთად ქმარს ურჩევს, ქორწილის შემდეგ თავი შეიკავოს ყველაფრისაგან, რაც ქალწულს თავმოყვარეობას შეულახავს. სწორად მოიქცევი, თუ კარგა ხნით დაიცავ მის სიწმინდეს და მოუფრთხილდები მას, რადგანაც, კიდევაც რომ არ იყოს უმანკო, მას დასჭირდება შეგუება ახალ და მისთვის უცნობ ცხოვრებასთან. ამასთან არ არსებობს უფრო ხელსაყრელი დრო დარიგებებისათვის, ვიდრე ის პერიოდია, როცა ის პატივს სცემს ქმარს, ჯერ კიდევ აქვს მის მიმართ კრძალვა და შიში. ამ დროს მას გააცანი ქრისტიანული წესები და ისიც დაგემორჩილება, რადგან მორჩილებას არაფერი უწყობს ხელს ისე, როგორც იმის ცოდნა, რომ სიყვარულითა და კეთილგანწყობით ეპყრობიან. გაინტერესებს როგორ უნდა გამოხატო სიყვარული? ესაუბრე ასე: მე მქონდა შესაძლებლობა, შემერთო მდიდარიც და სათნოც, მაგრამ უარი ვთქვი მასზე და შევიყვარე შენი ცხოვრების წესი, შენი პატიოსნება, მოკრძალება, უბიწოება. შემდეგ გადადი იმის მთკიცებაზე, თუ რა წარმავალია სიმდიდრე, მაგრამ მარტო ამ კუთხით ნუ წარმართავ საუბარს, რადგან ერთთავად სიმდიდრის მგმობელი მომაბეზრებელი იქნება, ამიტომ საუბარი შემდეგი სახით წარმართე: როცა შემეძლო დავქორწინებულიყავი მდიდარზე, არ გადავდგი ეს ნაბიჯი, რადგან წარმავალი სიმდიდრის მოპოვება არაფერს ნიშნავს. მე უპირატესობა მივანიჭე შენს სათნოებას, რომელიც ოქროზე მეტად ფასობს. ბრძენი და ზნეობრივი მეუღლე ყველაფერზე ძვირფასია, ამიტომაც მე შენ აგირჩიე, შეგიყვარე და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ერთად ღირსეულად განვვლოთ ეს ცხოვრება, რათა იმქვეყნადაც ერთად ვიყოთ. ახლანდელი ყოფაც ხანმოკლეა, წარმავალია და ამაოა. ჩვენ ღვთის სათნოდ უნდა ვიცხოვროთ, რათა მომავალ ცხოვრებაში ქრისტეს შევუერთდეთ მარადიული სიხარულით აღსავსენი. შენი სიყვარული ჩემთვის ყველაფერზე უპირატესია, არაფერია ჩემთვის იმაზე საშინელი, ვიდრე უთანხმოება შენთან. ბედმა ყველაფრის დაკარგვა, უღარიბეს ადამიანად ქცევა რომ მარგუნოს, ყველაფერს ავიტან, თუ შენ გეყვარები, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ შენც ასევე უნდა მოიქცე”. შემდეგ დაურთე მოციქულის სიტყვები, რათა განუმტკიცო აზრი, რომ ღვთისათვის სათნოა თქვენი სიყვარული: “ამისათვის დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა და იყვნენ ორივენი იგი ერთ ხორც (მათე 19,5), ასე რომ, უნდა ვეცადოთ, არ ოყონ ჩვენ შორის უთანხმოება, რადგან ჩვენი ურთიერთგაგება ჩემთვის ყველანაირ სიმდიდრესა და სიამოვნებას აღემატება”.
თავად განსაჯე, განა ასეთი სიტყვები ცოლისთვის ყველა საჩუქარზე ძვირფასი არ იქნება? ნურც იმის შეგეშინდება, რომ ამგვარი დამოკიდებულების გამო გაამაყდება. ყოველთვის შეეცადე, დაარწმუნო შენს სიყვარულში და ნახავ, რომ მასაც უფრო მეტად შეუყვარდები. თუ ის რამე მოსაწონს ჩაიდენს, შეაქე და გაიოცე, თუ რამე არ გამოუვა, ეს ხშირად ემართებათ ახალგაზრდა ქალებს. რჩევა მიეცი მოიძულოს ფული და სიძუნწე და შეიმკოს იმ სამკაულით, რომელსაც მაღალი ზნეობა ჰქვია. ყოვალთვის ერთად ილოცეთ, იარეთ ყოველდღე ეკლესიაში და შინ ერთად იმსჯელეთ ტაძარში მოსმენილის შესახებ. თუ მას სიღარიბე აშინებს, მიუთითე წმიდა მოციქულებზე – პეტრესა და პავლეზე, რომლებიც სიღატაკეშიც უფრო დიდ პატივში იყვნენ, ვიდრე მეფეები. ასწავლე, რომ სიღარიბეზე დიდი უბედურება ღვთის შეურაცხყოფაა. თუ მსახურის აყვანას მოისურვებ, შეეცადე აირჩიო არა უღირსი და უპასუხისმგებლო, არამედ ისეთი, რომელიც თქვენს ოჯახს არ შეარცხვენს. შეეცადე ცოლის გონებიდან წაშალო სიტყვები “ჩემი” და “შენი”, თუ ის იტყვის: “ეს ჩემია”, უპასუხე: “რას ნიშნავს “ჩემი?”, არ მესმის, რას გულისხმობ, რადგან მე არაფერი მაქვს საკუთარი. რა საჭიროა ამის ხაზგასმა, როდესაც ისედაც ყველაფერი შენია?” ეს იქნება არა მლიქვნელური, არამედ ბრძნული საუბარი. ამგვარად შეძლებ მისი მრისხანების ჩაქრობას და მწუხარების განქარვებას. ნურასოდეს დაელაპარაკები უხეშად, არამედ ესაუბრე პატივისცემით, სიყვარულითა და ალერსით. მიაგე ჯეროვანი პატივი და მას აღარ დასჭირდება დაფასება სხვებისაგან, რადგან შენი პატივისცემითაც კმაყოფილი იქნება. ასწავლე მას ღვთის შიში და თქვენი სახლი სიკეთითა და უფლის მადლით აღივსება”.

ჯვრისწერით შეერთებულ ცოლსა და ქმარს არ აქვთ უფლება, უარი თქვან თავიანთი ვალდებულებების აღსრულებაზე, როდესაც ოქროპირი პავლე მოციქულის ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს განმარტავს, ამბობს: “მოციქული იმიტომ უსვამს ხაზს სიყვარულის აუცილებლობას, რომ სიყვარულის შემთხვევაში აღარ იარსებებს ბატონი, დამოუკიდებელი ინდივიდი, არამედ ერთი მეორის მონა იქნება. ასე რომ, როდესაც შენს საცდუნებლად გამზადებულ მეძავს დაინახავ, თავს შეაგონე, რომ შენი სხეული შენ კი არა, შენს ცოლს ეკუთვნის. ასევე უნდა მოიქცეს ცოლიც, თუ ვინმე მისი სიწმინდის შებღალვას მოინდომებს. ახალი და ძველი აღთქმის ზოგ ადგილებში ქმარს მეტი უფლებები და უპირატესობა ენიჭება: “ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე” (შესაქმ, 3,16). პავლე მოციქული ცოლისა და ქმრის მიმართებას ერთმანეთისადმი გარკვეული თვალსაზრისით განასხვავებს: კაცად-კაცადმან თავისი ცოლი ეგრეთ შეიყვარეთ, ვითარცა თავისი თვისი; ხოლო ცოლსა მას, რაითა ეშინოდეს ქმრისა” (ეფეს. 5,33). ამ სიტყვებში, არც მეტი, არც ნაკლები, ქმრის ძალაუფლება იგულისხმება. კაცს მართლაც, აქვს უპირატესობა მინიჭებული, მაგრამ რაც შეეხება უბიწოებას, მოციქული ხაზგასმით ამბობს, რომ ამ საკითხში ცოლსაც და ქმარსაც თანასწორად მოეკითხება. “ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით”… (Iკორ. 7,5). რას ნიშნავს ეს? პასუხი ცალსახაა: არც ცოლი და არც ქმარი, არ უნდა შეეწინააღმდეგოს მეორის ნებას. განშორების დროს ბევრ უსიამოვნებას აქვს ადგილი. ხშირად იქმნება ღალატისა და ოჯახის დანგრევის საშიშროება, ამიტომაც მოციქული ხაზს უსვამს, რომ ცოლ-ქმარი უკიდურეს შემთხვევაში და მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით უნდა დაშორდნენ ერთმანეთს. თუ ვინმე ჩემი ნებართვით იღებს რაიმეს, ეს არ არის ქურდობა, მაგრამ თუნ უნებართვოდ ან ძალადობით მიითვისებს, ეს უკვე ყაჩაღობაა. ქრისტემ პავლე მოციქულის პირით გვამცნო მეუღლეთა განუშორებლობაზე. ზოგიერთმა ცოლმა კი, ვითომდა, თავშეკავების მოტივით მიატოვა ქმარი და უფრო დიდ ცოდვაში ჩავარდა”.
ცოლი და ქმარი ვალდებულნი არიან, ერთმანეთს უერთგულონ. ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია. ბუნებრივია, იოანე ოქროპირი მკაცრად გმობს ამ სიბილწეს. დღევენდელ საზოგადოებაში მეუღლენი უფრო სცოდავენ, და ბუნებრივია, ეს პრობლემა მეტად აქტუალურია. იოანე ოქროპირი ასე მიმართავს ქმარს, რომელიც ცოლს ღალატობს: “რა გამართლება აქვს ამ საქციელს? ნურაფერს მეტყვი ვნების დაუოკებლობის შესახებ, სწორედ, ამისთვის არსებობს ქორწინება. ღმერთმა ხომ წინასწსრ იზრუნა შენი სიმშვიდისა და პატიოსნებისათვის – მოგცა ცოლი, რათა შენი ბუნებრივი ლტოლვა მეუღლესთან დაგეკმაყოფილებინა. შენ კი უმადურობითა და უსირცხვილოდ თავს უფლებას აძლევ, გადალახო პატიოსნების საზღვრები და ფეხქვეშ გათელო საკუთარი ღირსება. რატომ გაგირბის თვალი სხვისი სილამაზისაკენ? რატომ აკვირდები მას, ვინც შენ არ გეკუთვნის? რატომ არღვევ და შეურაცხყოფ ქორწინების საიდუმლოს? იმისთვის შეირთე ცოლი, რომ მას დაეტოვებინა დედაც, მამაც, სახლიც და შენი უღირსობები ეთმინა? განა შენი მიზანი ეს იყო, რომ ცოლი მონად გექცია? ის ხომ თავისუფალი და შენი თანასწორია? სირცხვილი არა არის, მის მზითევს დაჰფოფინებ და უფრთხილდები, ხოლო უფრო მნიშვნელოვანი, ანუ სიწმინდე, პატიოსნება, ღირსება და საკუთარი სხეულიც კი, რომელიც სინამდვილეში ცოლს ეკუთვნის, არად გიღირს?!”
ყოველგვარი საცდურისა და განსაცდელის თავიდან ასაცილებლად დაოჯახებულ მამაკაცს არ უნდა გაურბოდეს თვალი ლამაზი ქალებისაკენ, არ უნდა აღეძრას ბილწი ზრახვები. “მაცხოვარმა ქალისკენ გახედვა კი არ აკრძალა, – არამედ ბილწი სურვილებისგან თავშეკავებისაკენ მოგვიწოდა: “ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა” (მათე 5,28). აქ საუბარია ვნებიან მზერაზე. სხვისი სილამაზის ავხორცული ჭვრეტისას შეურაცხყოფ შენს ცოლსაც და იმასაც, ვისაც უმზერ, რადგან ისე ეხები მას, რისი უფლებაც არა გაქვს. მართალია, ხელით არ შეხებიხარ, მაგრამ თვალის ამგვარი შევლებაც უკვე სიძვად ითვლება.

სხვისი ცოლისადმი აღძრული ვნების დასამარცხებლად იოანე ოქროპირი ურჩევს მამაკაცს: “თუ შეამჩნევ, რომ გათხოვილი ქალის დამორჩილების სურვილი გაგიჩნდა და შენი ცოლი აღარ მოგწონს, შედი შენს ოთახში, გადაშალე პავლე მოციქულის ეპისტოლე და ხშირად გაიმეორე შემდეგი სიტყვები: “სიძვისათვის კაცად-კაცადსა თვისი ცოლი ესვინ და თითოპეულსა თვისი ქმარი ესვინ” (Iკორ. 7,2).
სხვა ქალებთან მიმართებაში კაცი ისე უნდა იქცეოდეს, რომ ცოლს ეჭვიანობის საბაბი არ მისცეს და თავი აარიდოს ყოველგვარ საშიშ ურთიერთობას. “გაექეცი, – გვასწავლის ოქროპირი, – არა მარტო სიძვას, არამედ ყოვალგვარ გაუგებარ მოქმედებას. თუ ცოლი უმიზეზოდ ეჭვიანობს შენზე, დააწყნარე და მოელაპარაკე მას, შეეცადე, გაუგო, რადგანაც ეს საქციელი შენდამი მზრუნველობით არის გამოწვეული. მას უფლება აქვს, თავისი საკუთრების დაკარგვის ეშინოდეს, რადგან შენი სხეული მისია და ეს მისთვის ერთობ ძვირფასია. მით უფრო არ უნდა მოიქცეს ქმარი ისე, რომ მისდამი სიყვარული სამართლიანი იყოს. რატომ დადიხარ მთელი დღე შენს მეგობრებში და ცოლი მხოლოდ საღამოს გახსენდება? ასეთი საქციელით ხომ მას ეჭვიანობის სერიოზულ საბაბს აძლევ? თუ ის ამისთვის გისაყვედურებს, არ უნდა განაწყენდე. ეს მას შენდამი სიყვარულით მოსდის და არა თავხედობით. ეს მისი სიფრთხილის გამოვლინებაა, ჩანს, საფრთხეს გრძნობს. ეს შიში ბუნებრივია, მას ყველაზე ძვირფასი საუნჯის დაკარგვის ეშინია”. ცოლსაც და ქმარსაც იოანე ოქროპირი ჩააგონებს, რომ არ აჰყვნენ ჭორებს, ან რაიმე უმნიშვნელო მიზეზით არ დაადანაშაულონ ერთმანეთი. მით უმეტეს, დაუშვებელია ერთმანეთის თვალთვალი, ჩასაფრება, გამაღიზიანებელი კირკიტი, რათა ასეთი ქარაფშუტული და უგუნური საქციელით არ დაანგრიონ ოჯახური ბედნიერება.
ცოლის დანიშნულებისა და მოვალეობების შესახებ წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: “ცოლი ქმარს დადგენილი ჰყავს ცხოვრების თანამგზავრად, შვილების გასაჩენად და არა უწმინდურობისათვის. მისი ვალია, გაუფრთხილდეს ქმარს, შეინარჩუნოს პატიოსნება და არა – მიანიჭოს უწმინდური სიამოვნება. მან უნდა დაიცვას და შეინარჩუნოს ოჯახის სიმდიდრე, მოუფრთხილდეს ქმრის ნაშრომს, რადგან ღმერთმა კაცს ცოლი ყველა საქმეში შემწედ და დამხმარედ დაუდგინა. მაგრამ ცოლის უმთავრესი მოვალეობა ქმრის მორჩილებაა. წმიდა იოანე ოქროპირი განმარტავს პავლე მოციქულის სიტყვებს: “ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა”(ეფეს. 5,22) და ამბობს: “ცოლი ისე უნდა ემორჩილებოდეს ქმარს, როგორც უფალს. თუ ის, ვინც სამოქალაქო ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, ღვთის განჩინების წინააღმდეგ ილაშქრებს. მით უმეტეს დამნაშავეა ის, ვინც ეურჩება ქმარს, რადგანაც დასაბამიდან ასე დააწესა შემოქმედმა: მოციქულის თქმით, ქმარი ცოლის თავია ისე, როგორც ქრისტე – ეკლესიისა. როგორც ეკლესია ემორჩილება მაცხოვარს, ცოლებიც ისე უნდა დაემორჩილნონ ქმრებს”.
ცოლის ყველა კარგი თვისებების საფუძველი არის ქმრის მიმართ გონივრული სიყვარული. პავლე მოციქულის ტიტეს მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ, რომ ქალი უნდა იყოს: “წმიდა, უბიწო, სისხლის-მპყრობელ, სახიერ, დამორჩილებულ თვისთა ქმართა, რათა არა სიტყუა ღმრთისა იგმობოდეს” (ტიტე 2,5). ამ სიტყვებს იოანე ოქროპირი ასე განმარტავს: “ყველა ზემოთ აღნიშნულ სიკეთეს სიყვარული წარმოშობს. ქალი ასე მოიქცევა იმ შემთხვევაში, თუ უყვარს ქმარი და კეთილგანწყობილია მის მიმართ. ქმრის მოძულე არ ზრუნავს სახლისათვის. მოკრძალებაც ხომ სიყვარულისგან იშვება და ამ გრძნობითაა შესაძლებელი კამათისა და უთანხმოების აღკვეთა. თუ ქმარი წარმართია, მალე დარწმუნდება ქრისტიანობის ჭეშმარიტებაში, თუ ქრისტიანია, უკეთესი გახდება. როცა ოჯახში ყველაფერი რიგზეა, ადამიანი სულიერად წყნარდება. თუ ეს არა არის, ოჯახური ბედნიერება ხანმოკლეა. მეოჯახე ქალი მოკრძალებულია, კარგი დიასახლისი. ფუფუნების მოთხოვნილებაში ზომიერია, მომჭირნე – ფულის ხარჯვისას”.
იმისათვის, რომ ქალმა ქმრის სიყვარული მოიპოვოს და ამავე დროს ჰქონდეს მასზე ზნეობრივი გავლენა, მან არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც უნდა დაამტკიცოს, რომ უყვარს ყველაფერი კეთილი და სამართლიანი, ეცადოს, იყოს ღვთისმოსავი. “არა მარტო სიტყვით, – ამბობს ოქროპირი, – არამედ უფრო საქმით უნდა ეცადო ქმრის გამოსწორებას. რა საშუალებით, როდესაც ის დაინახავს, რომ არა ხარ მფლანგველი, სამკაულების გადამეტებულად მოყვარული, არ ითხოვ გაუთავებლად ფულს, ოქროს, არც მარგალიტს, არც ძვირფას შესამოსელს, არამედ გეყვარება მოკრძალება, უმანკოება და ამასვე მოითხოვ ქმრისაგანაც, სწორედ, მაშინ მოისმენს ის შენს რჩევებს სიამოვნებით”.
თუ კეთილგონიერ ცოლს შეუძლია, დადებითი ზეგავლენა მოახდინოს მეუღლეზე, ასევე შეუძლია ცუდად იმოქმედოს მასზე მანკიერი თვისებების მქონემ. სწორედ ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ ქმარი იწყებს გართობას, სიმშვიდეს ოჯახის გარეთ ეძებს. ასეთ შემთხვევებში, ცოლისგან განაწყენებული უფრო ადვილად ებმება ბოროტისაგან დაგებულ სხვადასხვა მახეში. იოანე ოქროპირი ამხელს “ფუფუნების მოყვარულ ქალებს: “ეჭვიც და ღალატიც ქმრებისა ისახება მაშინ, როდესაც თავად თქვენ არ აძლევთ მათ სიწმინდის სიყვარულის მაგალითს, მოგწონს ის, რითაც მეძავნი იმკობენ თავს, ამიტომ ქმრებიც ადვილად ებმებიან მათ მახეში, რადგან თავად შენ მიდრიკე მისი ყურადღება სიძვისაკენ, რაც გმობის ღირსია. მისთვის რომ სიმდაბლისა და ღვთისმოსაობის მაგალითი მიგეცა, ასე ადვილად არ აჰყვებოდა ბოროტ ხრიკებს. შენსავით შემოსვა მეძავსაც შეუძლია, მაგრამ სათნოებით ცხოვრება – არა. შენ თვითონ უნდა აიძულო ქმარი, მოიწონოს ის სამკაული, რასაც სხვა ქალში ვერ იპოვის. მაშინ ისიც მშვიდად იქნება და შენც დაფასებული იქნები, ხოლო ღმერთი – ორივეს მიმართ მოწყალე. ყველაფერი სიხარულს მოგანიჭებთ და ამქვეყნადვე იგრძნობთ მომავალ ნეტარებას”.
რა ბედნიერი იქნებოდა ყველა ოჯახი, ცოლსაც და ქმარსაც ამ წმიდა მამის დარიგებები რომ შეესმინა.
ასეთი იყო წმიდა იოანე ოქროპირის სწავლება ქრისტიანულ ქორწინებაზე. ჩვენ კი შევეცდებით, ჩვენი მხრივ, განვიხილოთ ოჯახის საფუძველი, მისი წყობა წმინდა საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით. ოჯახის მოწყობაში დიდ როლს თამაშობს ოჯახურინ საზრუნავი, ოჯახური ბედნიერება, ოჯახური სიხარული.

ოჯახური საზრუნავი

ყოველ ადამიანს, რაც უნდა ბედნიერი იყოს, თავისი პრობლემები აქვს, დალხინებული არავინ არის, რადგან ყველა თავისი ყოფის გასაუმჯობესებლად იღწვის. ეს მცდელობა რა ნაყოფს გამოიღებს, წინასწარ არავინ იცის, რაც უფრო უკეთ შეიმეცნებს ადამიანი გარეგანი, ანუ მატერიალური ბედნიერების წარმავლობას, მით მეტად გაიზრდება მისი საზრუნავი. ეს საზრუნავი გაცილებით ძლიერდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ეჩვევა და ეჯაჭვება ბედნიერების მატერიალურ მახასიათებლებს, მით უფრო, თუ მას საზოგადოების მაღალ ფენებთან აქვს შეხება.
საყოველთაოდ გავრცელებული აზრის თანახმად, ოჯახური საზრუნავი ყველაფერზე რთულია, რადგან ამ შემთხვევაში უნდა იფიქრო არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ ცოლ-შვილსა და ნათესავებზეც, უნდა იზრუნო მათ მატერიალურ უზრუნველყოფასა და ჯანმრთელობაზეც, ამიტომ ჩვენს დროში ბევრს ეშინია ამ პასუხისმგებლობის აღებისა და უქორწინებელ კავშირებს არჩევს. ცხოვრების ეს სტილი უფრო ქალაქშია გავრცელებული, სადაც განსაკუთრებით ბატონობს ფუფუნება.
ასეთი დამოკიდებულება ქორწინებისადმი არის მცდარი ცხოვრებისეული პოზიცია და ჭეშმარიტი ღვთისმოსაობის დეფიციტის შედეგი.
მართლაც, ოჯახში ბევრი საზრუნავია, მაგრამ პრობლემები სრულიად არ არის გადაულახავი სირთულე. უბედურება ის არის, როდესაც რამეს იძულებით ან შიშის გამო აკეთებ. პრობლემები შეიძლება დაუქორწინებელსაც ჰქონდეთ. ვინც ქორწინებას საზრუნავის სიმძიმის შიშით გაურბის, მაინც ვერ დაიზღვევს თავს მწუხარებისა და გასაჭირისაგან. როგორია დაუოჯახებულთა მდგომარეობა? მათ თანდათან უსუსტდებათ ჯანმრთელობა, რადგან მარტო უნდა გაუმკლავდნენ ყველა მწუხარებას, მარტო უნდა იყვნენ სიხარულშიც. ავადმყოფობის შემთხვევაში დაქირავებული, უცხო მომვლელი ეყოლებათ და, რაც ყველაზე საშინელია, მათი ხვედრი სიბერეში მარტოობაა, ახლობლების მზრუნველობის გარეშე.
ოჯახური ცხოვრება ადამიანს უფრო ღვთისმოსავს ხდის. რაც უფრო მეტია საზრუნავი, მით უფრო დიდი იმედი აქვს ადამიანს ღვთის შემწეობისა. ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, ის თანდათან ეჩვევა აზრს, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. რაც მეტად ვუკავშირდებით ადამიანს, მით უფრო ლმობიერნი ვხდებით მათი საქციელის შეფასებისას. სიყვარული არის სიკეთისკენ გზის მაჩვენებელი. მეუღლისა და შვილებისადმი მზრუნველობა თავიდან გვაცილებს უსაქმურობას. ხშირ შემთხვევაში სიყვარული წარმართავს ადამიანის იმედებს ზეცისაკენ, ანუ მარადიულობისაკენ. ის, ვისაც სწამს ღმერთი, ვინც მისი მცნებით ცხოვრობს, განა შეიძლება იყოს უბედური? რისი უნდა ეშინოდეს მას, როდესაც ყველაფერი მის ცხოვრებაში უკეთესი მომავლისათვის ხდება?
შრომა ჩვენი ცხოვრების, არსებობის საფუძველია, ვისაც არ აქვს საზრუნავი, მას არც რამის გაკეთების სურვილი უჩნდება. ადამიანს კი მოქმედების მოთხოვნილება სიკვდილამდე არ უნდა გაუქრეს. ეს თავიდან ააშორებს მას მომაკვდინებელ უმოქმედობას და სტიმულს აძლევს უკეთესის მოსაპოვებლად. ცხოვრებისეულ სირთულეებში ადამიანი საუკეთესო გამოსავალს კეთილგონიერების დახმარებით პოულობს, მაგრამ ნამდვილი სულიერი სიხარული მხოლოდ სათნოებით მიიღწევა.
საზრუნავი ამტკიცებს ოჯახურ ბედნიერებას, უმოქმედობა კი ანგრევს მას. ის, ვინც დღევანდელზე ფიქრობს, არ ანაღვლებს თავისი საქციელის Dშედეგები, დანაშაულებრივი ქარაფშუტობით მიექანება უფსკრულისაკენ.
რა მიანიჭებს ადამიანს უფრო დიდ სიხარულს, ვიდრე საქმეში წარმატება? ბედნიერება, სარგებელი, რომელიც მცდელობის გარეშე, საჩუქრად გვერგო, ვერც კი შეედრება იმ სიამოვნებას, რომელიც გამოწვეულია ჩვენი შრომის და აზროვნების შედეგად მოპოვებული გამარჯვებით. რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შევიცნობთ საკუთარ ძალასა და პატივისცემით განვისმჭვალებით საკუთარი თავისადმი. ჩვენ გვიყვარს ჩვენი შრომის ნაყოფი, რადგანაც ჩვენ მივეცით მას არსებობის დასაბამი. სწორედ ასევე უყვარს ღმერთს თავისი ქმნილება.
ასე რომ, რაც მეტია საზრუნავი ოჯახში, რაც მეტი განსაცდელისა და საშიშროების გადალახვა გვიხდება, რაც მეტია დაბრკოლება, რომელიც უნდა დავძლიოთ ოჯახის საკეთილდღეოდ, მით მეტია ჩვენი მცდელობის გამარჯვების, ჩვენი რჩევისა თუ ვარაუდის გამართლების ალბათობა. სწორედ, სხვადასვა საქმის მოგვარებით ხდება ჩვენი ცხოვრება ნაყოფიერი და საინტერესო. ჩვენი საქმეები მოწმობენ ჩვენს კეთილგონიერებასა და სიძლიერეზე. ათასი წვრილმანი, რომელიც უცხო თვალისთვის შეიძლება შეუმჩნეველიცაა, ჩვენთვის სიხარულის მიზეზი ხდება და თანდათან გვარწმუნებს, რომ, სწორედ საზრუნავს მოაქვს ნამდვილი ოჯახური ბედნიერება.
იესოს სწავლება – “ნუ იზრუნებ ხვალინდელი დღისათვის” – არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ის უმოქმედობისა და გულგრილობისაკენ მოგვიწოდებდა. მისი ცხოვრება იყო კაცობრიობის ბედნიერებისათვის ზრუნვა. უფალმა და მისმა მოსწავლეებმა, სწორედ შრომისმოყვარეობა გვიანდერძეს: “და არცაღა ცუდად პური ვისგანმე ჰსჭამდეთ, არამედ შრომითა და რუდუნებითა ღამე და დღე ვიქმოდით… თავნი თვისნი სახედ მიგცნეთ თქუენ, რათა მბაძვნიდეთ ჩუენ… ამასვე გამცნებდი თქვენ, ვითარმედ უკეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჰსჭამენ” (II თეს. 3,8-10).
მიწიერ საქმეებზე გადაჭარბებული ფიქრი აწუხებს ჩვენს სულს, სპობს მის სასიცოცხლო ენერგიას და უძლურს ხდის, ამაღლდეს ღვთის სასოებამდე.

ოჯახური ბედნიერება

ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვას მოაქვს ბედნიერება. განა სასიამოვნო არ არის იმ არსებაზე ზრუნვა, რომელიც გვიყვარს და რომელიც ღმერთმა გვაჩუქა? განა დედას საზრუნავის თავიდან ასაცილებლად შეუძლია, შვილზე უარი თქვას? ან რომელი მეუღლე იტყვის საზრუნავის შიშით უარს საყვარელ ადამიანზე? იქნებ, ცხოვრების მშვენიერი მუხტი, სწორედ, მზრუნველობაში მდგომარეობს! სასურველი არსების გვერდით ყველაფერი ადვილად გადასატანი ხდება. როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, სიტყვითაც და მზერითაც კი შეუძლიათ ერთმანეთის მხარდაჭერა. ბუნებაში ქარბუქის შემდეგ დიდი მყუდროება ისადგურებს. ასევე ოჯახშიც ყოველი დაძლეული უბედურების შემდეგ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობთ. ადამიანი დიდებულია, როდესაც ცხოვრების სიძნელეებს ერკინება. თუ რამეს ვერ დავძლევთ საკუთარი ძალისხმევით, არ უნდა აღვიქვათ უბედურებად, არამედ ღვთის მიერ დაშვებულ განსაცდელად, რომელიც ისევე ჩვენს საკეთილდღეოდ ხდება. ამიტომ ყოველგვარი შიში ამაოა. ჭეშმარიტი უბედურება არის ცოდვის, უღირსი საქციელის შედეგი. დაშვებული შეცდომის გამოსწორება გაცილებით ძნელია, ვიდრე ის, რომ წინასწარ ვიზრუნოთ, არ დავუშვათ შეცდომა. განსაკუთრებით მძიმეა ის შეცდომები, რომლებიც ჩვენი ოჯახის წევრების უბედურების მიზეზი ხდება. ამ შემთხვევაში ჩვენი მამხილებელი ჩვენი სინდისი ხდება, რომელიც მოსვენებას არ გვაძლევს. განა რა შვება შეიძლება მოგვიტანოს სხვებისაგან გამართლებამ, როდესაც შინაგანი ხმა გვკარნახობს, რომ ამის მიზეზი ჩვენი ვნებები, დანაშაულებრივი სურვილები და ღვთისა და ადამიანური კანონების დარღვევაა. ამ შემთხვევაში ნამდვილი ქრისტიანული მოთმინება უნდა გვეყოს, რომ მდგომარეობა გამოვასწოროთ. თუმცა, ყოველივე ამან შეიძლება გაცილებით მეტი ბედნიერება მოგვიტანოს, ვიდრე ჩვენ გვგონია. ოჯახურ კეთილდღეობაზე გაასკეცებული ზრუნვა გვაპოვნინებს ამ ბედნიერებას, რადგან ჯანმრთელობასაც მხოლოდ ის აფასებს და უფრთხილდება, ვისაც მისი დაკარგვის საშიშროება ემუქრებოდა. ჩვენ ბევრი რამის მიმართ დავრჩებოდით გულგრილნი, სიამოვნების განცდის უნარიც კი არ გვექნებოდა, მის მისაღებად რომ არ გვეზრუნა. დედამიწაზე უამრავი მცენარე იზრდება, მაგრამ ხე, რომელიც ჩვენ დავრგეთ და მოვუარეთ, უფრო დიდ სიხარულს გვანიჭებს, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი.

ოჯახური სიხარული

ყველა მიწიერ სიხარულს შორის არც ერთი არ არის უფრო ღრმა და ხანგრძლივი ვიდრე ოჯახური სიხარულია. ჩვენ ხშირად ვეძლევით ზღვარგადასულ მხიარულებას, შეიძლება, ესა თუ ის სიამოვნება ნეტარებაშიც გადაგვეზარდოს, მაგრამ ეს ყოველივე არ
შეიძლება იყოს ისეთი სუფთა და ხანგრძლივი, როგორც ახლობლების გარემოცვაში მიღებული სიხარული. ადამიანი გარკვეული თვალსაზრისით, კმაყოფილი შეიძლება, მარტოც იყოს, მაგრამ სიხარული ოჯახის წევრებთან ერთად გაცილებით ძლიერია. ცნობილია, რომ ყოველ ადამიანს ოჯახი, სახლი, სამშობლო სიმშვიდეს ანიჭებს. ვისაც ოჯახური ბედნიერება არ განუცდია, შეიძლება ითქვას, რომ მას ბედნიერება საერთოდ არ განუცდია.
ყველაზე უხეში და უგემური საქციელი ის არის, რომ ზოგჯერ მამები თავიანთი ქონების დიდ ნაწილს სახლის გარეთ ფლანგავენ, დედები სიხარულს უცხო გარემოში ეძებენ, მაშინ როდესაც შინაურები მის სითბოს საჭიროებენ. მეგობრობა მეუღლეებს, მშობლებსა და შვილებს შორის იქ წყდება, სადაც ერთმანეთის საჭიროებას ვეღარ გრძნობენ. ის, ვისთანაც არ შეგიძლია, მეგობრულად გაიზიარო სიხარული და მწუხარება, ბუნებრივია, არ გიყვარს. ბედნიერება მხოლოდ იქ არის სრულყოფილი, სადაც ოჯახის წევრებს ურთიერთდახმარებით გამოწვეული სიხარული აერთიანებთ.
ქრისტიანი ვალდებულია, გულწრფელად განიცდიდეს თავისი ოჯახის სიხარულს, ოჯახის წევრები უფრო დიდი მონდომებით ასრულებენ თავის მოვალეობასა და ყოველდღიურ საქმიანობას, მხიარული სული სათნოებითა და კაცთმოყვარეობით გამოირჩევა. უკმაყოფილონი კი თავიანთ სულში გაუცნობიერებლად ბოღმას მალავენ.
მაცხოვარი და მისი მოწაფეები თავიანთ მიმდევრებს მოუწოდებდნენ, ყოფილიყვნენ ყოველთვის მხიარულები. ამიტომაც არ თქვა უფალმა უარი კანას გალილეაში, წყალი ღვინოდ შეეცვალა, რათა არ ჩაშლილიყო მხიარულება და მექორწინეები არ დამწუხრებულიყვნენ. როგორც ღმერთი ასაჩუქრებს სამყაროს ბედნიერებით, ჩვენც ასევე უნდა ვასხივებდეთ სიხარულს ჩვენი ახლობლების გარემოცვაში.
რა ცოტა მოგეთხოვება ამისთვის! საკმარისია ერთი მეგობრული მზერა, კეთილი სიტყვის განზრახვაც კი სიკეთეში ჩაგვეთვლება, როცა გვინდა, ოჯახში რაიმე უთანხმოება არ მოხდეს. სიხარული ადვილი მასაღწევია კეთილი ადამიანებისათვის, რადგანაც ისინი ამის საფუძველს ყოველ წვრილმანში ხედავენ. თუ გსურს, შენს სახლში მხიარული ატმოსფერო შექმნა, უწინარეს ყოვლისა შეეცადე, ოჯახის ყოველმა წევრმა განიცადოს სიხარული. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ ოჯახის წევრები ერთმანეთს პატივს სცემენ, თავიანთ მოვალეობას პირნათლად ასრულებენ. სუფთა გული, თავისთავად, უკვე არის სიხარულის სტიმული. ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა, ის გაურბის ადამიანებთან ურთიერთობას. მისი სიხარული ყალბია: იცინის ბაგე, მაგრამ მოწყენილია გული. მოჩვენებითი სიხარული კი ვერავის გაამხიარულებს.
მოვალეობის აღსრულება, ბოლომდე მიყვანილი საქმე, სიამოვნებით შესრულებული დავალება ყველაზე უფრო გულწრფელი ოჯახური სიხარულის საწინდარია. ბუნებრივია, ყოველი დღე არ გვექნება წარმატებული. შესაძლებელია, შეცდომებიც დავუშვათ. ყველაზე ბედნიერ ოჯახებშიც შეიძლება მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი გაუგებრობა, რაც არღვევს ოჯახურ მყუდროებას. ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეცდომის დამახსოვრება, მომხდარის წამდაუწუმ შეხსენება და გაუთავებელი მხილება დამნაშავისა შეცდომას კი არ გამოასწორებს, პირიქით – გამოიწვევს წყენას, ბრმა სიძულვილს, თუნდაც დამსახურებული შეგონების მიმართ ზიზღს.
არ არის ღვთის კურთხევა იმ ოჯახზე, სადაც სასჯელი და საყვედური სიყვარულით არ არის ნაკარნახევი. ამ გრძნობით გამთბარი სასჯელი არ იწვევს ტკივილს და მით უმეტეს წინააღმდეგობას. ნუ იტყვი, რომ შეუძლებელია ყველაფრის სიკეთითა და სიმდაბლით კეთება. როგორც მოექცევი ოჯახის წევრებს და როგორ მოპყრობასაც მიაჩვევ, ისე მოგექცევიან ისინიც. სიყვარული შობს სიყვარულს და Aშესაბამისად, მორჩილებას.
დასჯის შემდეგ შეცდომა დავიწყებას უნდა მიეცეს და უნდა აღდგეს ჩვეული კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. აღარ უნდა გავიხსენოთ განვლილი უსიამოვნება. დანაშაულის დავიწყების და მიტევების უნარი გამოიწვევს დამნაშავის გულში ჭეშმარიტ სინანულს, აღდგება უწინდელი ბედნიერება. მშვიდობის ანგელოზს ხომ არც ერთი კარგი ოჯახის დატოვება არ სურს.
როგორც ყველა სახელმწიფოს, ხალხს და ყოველ ქალაქს აქვს თავისი განსაკუთრებული დღესსწაულები, კარგი იქნება, თითოეულ ოჯახსაც ჰქონდეს ტრადიციული დღესასწაულები, მაგალითად, ოჯახის წევრთა დაბადებისა და ანგელოზის დღეები, არც გარდაცვლილები უნდა დავივიწყოთ, ისინი ხომ ყოველთვის ჩვენთან არიან. ასეთი ოჯახური დღესასწაულები ყველა საშუალებებზე უკეთ აერთებს შინაურების გულებს და კრავს მათ ერთ მთლიანობად. უცხოც კი ამ გარემოში თავს შინაურად გრძნობს. სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი ავლენს ერთის მიმართ, აორმაგებს სიყვარულსა და ურთიერთნდობას. თუ სადღესასწაულო სუფრაზე მიცვალებულებს მოვიგონებთ, მაშინ მათი მონატრებით გამოწვეული ცრემლიც გააერთიანებს ოჯახს და ერთად ყოფნით მიღებული სიამოვნება კიდევ უფრო გაიზრდება. გულის აჩუყება კიდევ უფრო აახლოვებს სულს ზეციურსა და მარადიულთან. ისიც აღსანიშნავია, რომ ასეთი დღესასწაულის მოსაწყობად არ არის აუცილებელი ძვირადღირებული სუფრის მომზადება. მხოლოდ სიყვარულმა და ურთიერთპატივისცემამ უნდა მიანიჭოს ბრწყინვალება ოჯახურ დღესასწაულს. გადაჭარბებული დანახარჯი არღვევს ოჯახური კერის უბრალოებასა და მიმზიდველობას. როდესაც სიხარული ადვილად მიიღწევა, ის გაცილებით სრილყოფილია. თუ მაინც გვაქვს სურვილი, განსაკუთრებულად ავღნიშნოთ დღესასწაული, ეს ბრძნული გაანგარიშებით უნდა გავაკეთოთ. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ არსებობენ გაჭირვებული ოჯახებიც, რომლებსაც პურის ფულის შოვნა უჭირთ, ამიტომ წადი და ისინიც გაახარე მოულოდნელი დახმარებით. მათაც უწილადე შენი სუფრიდან, რათა მათი ლოცვაც შეეწიოს შენი ოჯახის ბედნიერებას. ეს იქნება ჭეშმარიტი ზეიმი, რომელიც აუცილებლად გამოიღებს სასურველ შედეგს ამქვეყნადაც და ზეცაშიც.
შეეცადე, ყველა ოჯახურმა დღესასწაულმა ღირსეულად ჩაიაროს. მოიძულე ყოველი ხუმრობა, რომლის საფუძველიც უწმინდურია. დაცინვითა და გამასხარავებით შეიძლება გამოიწვიოთ მხოლოდ სიცილი და არა ნამდვილი სიხარული. უადგილო ხუმრობამ შეიძლება, ტკივილიც მიაყენოს ადამიანს. თუ შენთვის ოჯახი არის ბედნიერების საფუძველი, დაიცავი ის ასეთი იაფფასიანი სიამოვნებისაგან, რომელიც სრულიად მარტივად შეიძლება იქცეს ბოროტებად, თავი აარიდე ისეთ ქმედებებს, რომლებიც შეიძლება, გადაიზარდოს ჩხუბში, მრისხანებაში, შურში. თავი შეიკავე ასეთი საჩუქრისაგან, რომელმაც შეიძლება გაახაროს ის, ვისთვისაც განკუთვნილია, მაგრამ უბიძგოს ქარაფშუტობისაკენ, ამპარტავნებისა და სიამაყისკენ. შენი ეს საქციელი დაემსგავსება შხამის ჩასხმას თაფლში. სიამოვნების ნიღბით შენს საკუთარ სახლში უთანხმოებას და მწუხარებას შეიტან.
Uუხეშ ადამიანებს ზოგჯერ მწუხარება და უბედურება აყენებს სწორ გზაზე და უღვიძებს კეთილშობილურ გრძნობებს, მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანს მხოლოდ სიხარული აღამაღლებს. ეს გრძნობა ადამიანს უფრო ლმობიერს ხდის სხვისი შეცდომებისა და სისუსტეების მიმართ. სიხარულით აღვსილი ადამიანი მოწინააღმდეგის მიმართ უფრო მიმტევებელი ხდება და მადლიერებით განეწყობა იმის მიმართ, ვინც სიამოვნება მიანიჭა.
დასასრულს, გვინდა ვთქვათ, რომ ოჯახი უქმნის ადამიანს სათნო ცხოვრებისა და ქრისტიანული, ზნეობრივი ქცევის საფუძველს. ყოველი ადამიანი ოჯახში ითვისებს ქცევის ნორმებს, აქ ყალიბდება მისი კარგი თუ ცუდი ხასიათი. თითოეულ ჩვენგანს სმენია ხალხის მსჯელობა: “ეს ადამიანი კარგი ოჯახის შვილია და თვითონაც კარგი იქნება” და პირიქით -“ცუდი ოჯახის შვილი უღირსი იქნება”. ეს არც არის გასაკვირი. ჯანსაღ ატმოსფეროში ბავშვებიც კეთილად იზრდებიან. მშვიდი ოჯახური ცხოვრება ქრისტიანული ზნეობის საფუძველია. ვერსად ისე კარგად ვერ ითვისებს ადამიანი ქრისტიანულ მცნებებს, როგორც ოჯახში. უმაღლესი მცნებაა მოყვასის სიყვარული. განა შეგვიძლია, ვინმე გვიყვარდეს, თუ ჯერ დედ-მამის, და-ძმის სიყვარული არ შევისისხლხორცეთ? მოთმინება უდიდესი სათნოებაა. ოჯახი მის შესათავსებლად საუკეთესო პირობებს გვთავაზობს: აქ ხომ ყოველ წამს გვჭირდება მოთმინებისა და სულგრძელობის გამოვლენა. განსაკუთრებით სჭირდებათ მოთმინება მშობლებს შვილების აღზრდის საქმეში. თვითუარყოფას, ამ მაცხონებელ უნარსაც, ოჯახი აძლევს ადამიანს. შვილებზე ზრუნვისას მშობლები ივიწყებენ საკუთარ საჭიროებას, ცოლ-ქმარი ერთმანეთის ცხოვრებით მეტად ცხოვრობს ვიდრე საკუთარით. სულგრძელობა, სიმშვიდე, თავმდაბლობა – შესანიშნავი სათნოებებია, რომლების შეთვისება მხოლოდ ოჯახშია შესაძლებელი. ერთი სიტყვით, ადამიანის ხასიათი ყველაზე უკეთ ოჯახურ გარემოში ყალიბდება და ვლინდება. უცხოსთან ურთიერთობაში ჩვენ ყოველთვის ვახერხებთ საკუთარი ქცევის კორექტირებას, ოჯახში კი ნამდვილი სახე ჩანს.
მართლაც, მნიშვნელოვანი და არსებითია ქრისტიანის ოჯახური ცხოვრება. სახლი ჩვენთვის მეორე ეკლესია უნდა იყოს, სადც ღვთისმოშიშებითა და სიწმიდით უნდა ვიცხოვროთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ყოველ სიტყვასა და საქმეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით ეს ეხება მშობლების მიმართებას შვილებთან, რადგან, სწორედ ეს არის თესლი, რომელმაც მომავალში ნაყოფი უნდა მოგვცეს. კარგ ოჯახებში მშობლები განსაკუთრებით ზრუნავენ შვილების აღზრდაზე, საკუთარი მაგალითით უნერგავენ სიყვარულისა და პატიოსნების გრძნობას, რადგან იციან, რომ კარგად აღზრდილი შვილები სიბერეში ნუგეშად მოევლინებიან, შვილებს კი ყოველთვის ემახსოვრებათ მშობლების დარიგება და მომავალში თვითონაც კარგი მეუღლეები და მშობლები იქნებიან. მათ ყოველთვის ემახსოვრებათ, რომ მშობლების კურთხევის გარეშე ვერ მიაღწევენ ნანატრ ბედნიერებას.

საქართველოს საპატრიარქო, თბილისი 2002 წ.

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: