RSS Feed

ქრისტიანის გარეგნობა


1. სამკერდე ჯვარი

ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა ატარებდეს კისერზე დაკიდებულ სამკერდე ჯვარს, რომელსაც არასდროს არ უნდა იხსნიდეს (არც ძილის წინ, არც სააბაზანო ოთახში). ეს არის ნიშანი ქრისტიანობისა. ჯვარი უნდა იყოს ნაკურთხი მფლობელის სახელზე; ნაკურთხი ჯვარი მის მფლობელს ხილული და უხილავი მტრებისაგან იცავს. იგი შეიძლება დამზადებული იყოს ხისაგან (ბზა, კვიპაროსი, მუხა, ვაზი და სხვა); ლითონისაგან (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თითბერი, რკინა, ალუმინი და სხვა), აგრეთვე პლასტმასისაგან.
ჯვარი შეიძლება იყოს მაცხოვრის ჯვარცმის გამოსახულებით, შეიძლება იყოს სადა, მაგრამ თუ ჯვარი გამოსახულებიანია, იგი შესრულებული უნდა იყოს კანონიკურად, ხატწერის წესების დაცვით. (მაგალითად ფეხები გადაჯვარედინებული არ უნდა ჰქონდეს და სხვა). ამრიგად, კუსტარული წესით დამზადებული ჯვრის შეძენა გაუმართლებელია. დასაშვებია ძვირფასი და ნახევრადძვირფასი, აგრეთვე, ორნამენტებით გამშვენიერებული ჯვრის ტარებაც.
ნათლობის ჯვარი ქრისტიანისათვის განსაკუთრებულ სიწმინდეს წარმოადგენს, რომელსაც დიდი გაფრთხილება სჭირდება. ამიტომ მისი ყოველდღიური ტარება საფრთხილოა, გირჩევთ, რომ იგი შეინახოთ ოჯახში სიწმინდეებთან ერთად და გაიკეთოთ განსაკუთრებულ დღეებში: დიდ დღესასწაულებზე, – საზეიმო განწყობილების გამოსახატავად, ან მწუხარებაში, – ნუგეშისათვის. ჩვეულებრივ კი, ქრისტიანმა მის სახელზე ნაკურთხი სხვა ჯვარი უნდა ატაროს.
ჯვრის შეძენა შეიძლება ეკლესიაში; შეიძლება მისი ინდივიდუალური დამზადებაც მღვდლის ლოცვა-კურთხევით. სამკერდე ჯვარი უნდა ვატაროთ დაფარულად, ტანსაცმლის შიგნით, რაც სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენ ქრისტიანული სარწმუნოება გულში გვაქვს დამარხული. ჯვართან ერთად ქრისტიანმა შეიძლება ატაროს ნაკურთხი მედალიონიც მაცხოვრის, ღმრთისმშობლის ან სხვა წმიდანის გამოსახულებით. ჯვრის და მედალიონის სამკაულად ტარება გაუმართლებელია.

2. 90-ე ფსალმუნი

მეტად სასურველია ქრისტიანმა გულის ჯიბით ატაროს ქაღალდზე დაწერილი 90-ე ფსალმუნი – წმ. დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნთა წიგნიდან, როგორც ავგაროზი (ეს სიტყვა დაკავშირებულია ერთ-ერთი პირველი ქრისტიანი მეფის – აბგარის სახელთან, რომელსაც გადმოცემით, იესო ქრისტემ მფარველად გამოუგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატი). ამ ფსალმუნს განსაკუთრებული ძალა აქვს და მიმართულია ხილული და უხილავი მტრების წინააღმდეგ. ადრე იგი ყველას დაჰქონდა, განსაკუთრებით ომში წასულ მებრძოლებს, რომელთაც დაღუპვის შემთხვევაში ხშირად გულზე უპოვიდნენ ხოლმე.
დღეისათვის, საქართველოში მცხოვრები ქრისტიანები, თან ვატარებთ მცირე ზომის “ლოცვანს”, დღეში შვიდგზის ლოცვებით, რომლებშიც შედის 90-ე ფსალმუნიც (ლოცვა დღის 12 სთ-ზე). ამ ლოცვანს გულის ჯიბით ატარებს კათალიკოს-პატრიარქი ილია II.

3. თავსაბურავი

ქრისტიანული ტრადიციით, მამაკაცი (თუ სასულიერო პირი არაა) ტაძარში უნდა იდგეს თავმოხდილი, დედაკაცი კი (მიუხედავად ოჯახური მდგომარეობისა), თავდახურული.
სიმბოლურად ეს ნიშნავს, რომ კაცის თავი არის უფალი ღმერთი, ქალის თავი კი – მამაკაცი. ეკლესიის გარეთ ადრე ქალიც და მამაკაციც თავდახურული დადიოდა. დღეს, როდესაც საზოგადოებაში თავსაბურავის ტარება აღარაა მიღებული, ქალისათვის თავსაფრით სიარული გარკვეულ უხერხულობასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ტაძარში, განსაკუთრებით კი საიდუმლოებებში მონაწილეობისას, აუცილებელია.

4. ტანსაცმელი

ზომიერება, რომელიც ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ქრისტიანის ცხოვრებისა, უნდა ვლინდებოდეს მის ჩაცმულობაშიც. თუ ერთის მხრივ, მიუღებელია გარეგნობისადმი გადაჭარბებული ყურადღების მიპყრობა, მეორეს მხრივ, არც დაუდევრობაა მოსაწონი. ადამიანი ხატია ღმრთისა და ამ ხატს მოვლა და შემკობა სჭირდება ჩვენგან; საეკლესიო ხატს შემკობა თავისთავად არ სჭირდება, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულების გამოსახატავად ვამკობთ ხოლმე სამკაულებითა და ყვავილებით. ამ აზრით, ქრისტიანისთვის სამკაულების ტარებაც დასაშვებია, ცხადია, ზომიერების ფარგლებში.
ზოგადად რაიმე ჩარჩოს დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ერთი კი შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანი არ უნდა გამოირჩეოდეს არც განსაკუთრებულად ძვირფასი თუ ზომაზე მეტად გახსნილ-დამოკლებული ტანსაცმლით, და არც ხაზგასმულად ჯარისკაცული გარეგნობით. საერთოდ კი, სისუფთავე და სისადავე ყოველთვის, ყველა დროისა თუ საზოგადოების მოსაწონი თვისებები იყო.
საკვირაო წირვაზე ადამიანი უნდა ეცადოს, შესაძლებლობის ფარგლებში, განსხვავებულად, საზეიმოდ შეიმოსოს, რათა ჩვენს შინაგან სულიერ სადღესასწაულო განწყობას გარეგნობაც შეესაბამებოდეს. რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის აღრევას, ეს შედეგია ემანსიპაციისა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ღრმადაა ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრილი და ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია უკანასკნელი დროისა. ტანსაცმლის აღრევას ქრისტიანი უნდა ერიდოს, განსაკუთრებით საზოგადოებასა და მით უმეტეს, ეკლესიაში.

5. პარფიუმერია და კოსმეტიკა

მოღვაწეობის მიზნით, ქრისტიანმა შეიძლება ყურადღება მოაკლოს თავის გარეგნობას, მაგრამ ამით სხვა არ უნდა შეწუხდეს. ასეთი დამოკიდებულება საკუთარი გარეგნობის მიმართ განმარტოებით მცხოვრები ადამიანისთვის უფროა გამართლებული, თუმცაღა აქაც ზომიერებაა საჭირო.
ერში მცხოვრებმა ქრისტიანმა კი სისუფთავეზეც უნდა იზრუნოს და გარეგნობაზეც. “ქრისტიანები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, – წერდა თავის დროზე მეგობარ დიოგნატეს II საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანი, – და არ განირჩევიან კაცთაგან არც ჩაცმულობით, არც ზნე-ჩვეულებებით, არც ყოფით, თუ დანარჩენი ცხოვრებით, ამასთან მოქალაქეობის საკვირველ და ჭეშმარიტად დაუჯერებელ წესს წარმოგვიჩენენ…”
ამავე აზრით, დასაშვებია კოსმეტიკის გამოყენებაც; ცხადია, გემოვნებით და ზომიერად. არსებობს გამოთქმა, რომ კოსმეტიკა მაშინ ალამაზებს ადამიანს, თუ იგი შეუმჩნეველია.
მაგრამ, მეორეს მხრივ, არის აზრი, რომ ღმერთის მიერ შექმნილ ადამიანს გალამაზება არ სჭირდება. ეს ნამდვილი სახეა. ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, თუ რატომ, რა აზრით მივმართავთ დამხმარე კოსმეტიკურ საშუალებებს. მაგალითად, შეიძლება ადამიანს სულიერად უჭირდეს და გარეგნული სისუფთავე თუ სიკოხტავე გარკვეულ ნუგეშს აძლევდეს.

6. თმის ვარცხნილობა

ჯერ კიდევ ასი წლის წინ, დღევანდელი მაქსიმალურად დამოუკიდებელი ვარცხნილობისაგან განსხვავებით ქრისტიანები ზომიერად გრძელ თმებს ატარებდნენ. ამასთან, თუ ქალისთვის თმების შეკვეცა არ იყო მიზანშეწონილი, მამაკაცისათვის, თუ ის სასულიერო პირი არ იყო, თმების შეუკვეცლობა არ შეიძლებოდა.
ყველა მართმადიდებელი ქრისტიანი მამაკაცი ატარებდა წვერს მსგავსად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მისთა მოწაფეთა, რომელნიც თავის მხრივ, აგრძელებდნენ უძველესი ბერების – ნაზორეველების ტრადიციას, რომელთაც თმის შეუკვეცელობის აღთქმა ჰქონდათ მიცემული.
დღეს ემანსიპაციის სულმა ამ საკითხშიც იჩინა თავი. ქალის თმის ვარცხნილობა იმდენად დაპატარავდა, რომ ხშირად მამაკაცისაზე მოკლეცაა; თავის მხრივ, მამაკაცმა თმები მოუშვა და წვერი გაიპარსა, რაც ადრე სასჯელის ერთ-ერთი ფორმა იყო. ამის გამო, ხშირად ქალის და მამაკაცის გარჩევა ძნელდება.
თმასა და წვერზე ამბობდნენ, რომ ეს მადლი იყო ღმრთის მიერ მოცემული (იმ აზრით, რომ მათი ტარება იყო სიკეთე და მათზე უარი არ უნდა გეთქვა, და არა იმ აზრით, თითქოს ვისაც თმა არ ამოსდიოდა, ან მოკლე წვერი ჰქონდა (მაგ.: წმ. იოანე ოქროპირს) ღმრთის მადლი აკლდა).
ქალის შესახებ წმ. მოციქული პავლე ამბობს, რომ გრძელი თმა დიდებაა ქალისა, რამეთუ იგი სამკაულად მიეცა მას.
ასე რომ, მიუხედავად გარკვეული დისკომფორტისა, რომელიც შეიძლება დღევანდელ საზოგადოებასთან შეხებისას წარმოიქმნას, ქრისტიანი უნდა ეცადოს ამ ძველი კეთილი წესის აღდგენას, როდესაც მამაკაცს თმა და წვერი ამშვენებდა, დედაკაცს კი – შეუკვეცელი ნაწნავი.

(ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი ნიკოლოზი. წესი ქრისტიანის ცხოვრებისა.
გამომცემლობა “კანდელი”, 1997)

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s