RSS Feed

ფერეიდნიდან გვესტუმრნენ ქართველნი


ფერეიდანში

ფერეიდანი ჩვენი თაობის ცნობიერებაში უმეტესად აღიქმებოდა მუხრან მაჭავარიანის ლექსით: ,,მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა…’’, სადაც შთამბეჭდავად არის წარმოდგენილი ტრაგედია და ამავე დროს ის საოცარი ქართული სული, რასაც უცხოეთში გადახიზნული ქართველობის ფენომენი ჰქვია…
,,თუკი წინაპარს შანთებით
ვერ დაავიწყეს ქართული,
თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით…
ამ ტაეპთან ერთად ყოველთვის თვალწინ გვიდგებოდა გადახრიოკებული უდაბნო და ტანჯული ქართული სახეები გურამ პატარაიას ცნობილი დოკუმენტური ფილმიდან ,,შორია გურჯისტანამდე.’’ ბავშვობის ამ წარუშლელი შთაბეჭდილებების შემდეგ 2004 წლის ზაფხულიდან ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ფერეიდანთან და საერთოდ, ირანის ქართველობასთან. მას შემდეგ რაც:
”ფერეიდნიდან გვესტუმრნენ ქართველნი,
სისხლით შეღებილი წითელი ვარდებით,
ოთხასი წლის მერე კიდევ დარდებით…”
ფერეიდნელი გურჯები აღარ არიან კომპაქტურად დასახლებულები მხოლოდ ისპაჰანის რეგიონის, დღეს უკვე ქალაქ ფერეიდუნშაჰრში, იგივე მარტყოფში. ისინი მიმოფანტულნი არიან ირანის სხვადასხვა ქალაქებში: ნაჯაფაბადში, ისპაჰანში, ბევრი თეირანშიც ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ მათი დაქსაქსვა მოხდა და ამის გამო უამრავი პრობლემა შეექმნა ირანის ქართველობას ქართველობის შესანარჩუნებლად, საოცრება მოხდა და ახალი ძლიერი მუხტით ამოხეთქა მათში ქართულმა სულმა. სასწაულია ის ფაქტი, რომ დღეს არსებობს ირანის ქართველთა საზოგადოება, მათი კულტურული ცენტრი, სადაც მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა კუთხით; ეწყობა გამოფენები, 14 აპრილს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ყრილობა იმართება. მიმდინარეობს სწავლების პროცესი საზაფხულო სკოლებში, სადაც ქართულ წერა-კითხვას ადგილობრივი თვითნასწავლი ფერეიდნელები ასწავლიან. ასე ცოცხლობს და ცოცხლდება ქართული გენი ირანის გურჯებში.

2005 წლის ივლისს საქართველოს ეწვია 25-კაციანი ირანის ქართველები, რომელთაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შუამდგომლობითა და უშუალო მონაწილეობით უმასპინძლა მცხეთის ხელისუფლებამ და ადგილობრივმა მოქალაქეებმა. სტუმრები 7 ოჯახში განთავსდნენ. ორი კვირის განმავლობაში მთელი საქართველო შემოვიარეთ მათი ჩამოტანილი სულის შემძვრელი სიმღერებით. სამშობლოში ცხოვრებითა და საქართველოს მიწა-წყლის ტკბობით განებივრებულს გულს გვიყუჩებდნენ და ცრემლს გვაღვრევინებდნენ ამ სიმღერებით. ასე მაგალითად:

,,ნამაი სიზმარი მინახავ
დაგუძახებს დედაო’’… (ნამაი კარგი)

,,ჰეი და ჰარი და ჰარალო…
სისხლის ფასია და სამშობლო…
ჰეი და, ჰარი და ჰარალო…
შენი ჭირიმე სამშობლო’’…

და ან:

,,ცისარტყელაზე აღარ გავდივარ,
მართლა მოვდივარ’’…

ასე სიმღერ-სიმღერით მოვიარეთ აჭარა, იმერეთი, ქართლი, კახეთი, ხევი, სამეგრელო. საოცარი იყო შეხვედრა მარტყოფში, მათ ისტორიულ სოფელში. მარტყოფელებმა გულში ჩაიკრეს თანაფესვები (ასე უწოდებენ ფერეიდნელები თანამემამულეებს), გაძნელდა განშორება. როცა სტუმრები მარტყოფს ტოვებდნენ, ერთმა ფერეიდნელმა გვითხრა: ,,დედებო, თქვენ თქვით, რომ ჩვენი სოფლის სახელწოდება მარტო ყოფნიდან მოდის, მე კი დღეიდან ჩვენს სოფელს მინდა ერთად ყოფნა დავარქვა!’’ – და მწარედ ატირდა. აი, ასეთი გულის ამაჩუყებელი იყო ქართველების შეხვედრები.
გასაოცარია ის ფაქტი, რომ ჩამოსულებმა კარგად იცოდნენ საქართველოს ისტორია. კრწანისში კრწანისის ბრძოლის ისტორიას გვიყვებოდნენ. გაიხსენეს სამასი არაგველის, გიორგი სააკაძის, დავით აღმაშენებელისა და ჩვენი დიდებული წინაპრების სხვა საგმირო თავგადასავლები. საგურამოში, წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) სახლ-მუზეუმში, სათუთად ეფერებოდნენ ილიასდროინდელ კაკლის ხესა და ნივთებს. ერთმა ფერეიდნელმა ბუხარში დარჩენილი ნაცრის შეჭმა გადაწყვიტა. ჩათვალა, რომ ისიც ილიას დროინდელი იყო, რაშიც სტუმარი ძლივს გადავარწმუნეთ.
შეხვედრებითა და მოგზაურობებით მეტად გადატვირთულმა ორმა კვირამ სწრაფად გაირბინა. შთაბეჭდილებებითა და უძილობით გადაღლილები ერთმანეთს ასე ამხნევებდნენ: – საქართველოში ძილის დრო არ არის, აქ ვიფხიზლოთ, ხოლო ირანში კი დავისვენოთო.
დადგა განშორების მძიმე წუთები… უკვე ირანს დაბრუნებულები კი ასეთ წერილებს გვწერდნენ:
,,გულსა არ უნდოდა და მაინც დაგემშვიდობეთ დედებო და დებო. თურქების საზღვარზე გაგვაცალკევა ბედისწერამ და გულებიც დარდიანი და თვალები ცრემლიანი იყო… მაინც წამოვედით. ყველანი თავჩაბუჯებული წავედით. მივდიოდით… და მივდიოდით…’’
ამ ურთიერთობების შემდეგ მიმოწერა, რა თქმა უნდა, გახშირდა. ახლა ისინი გვპატიჟობდნენ ირანის ქართველების მოსანახულებლად. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ღვთის დიდი წყალობა დაეშვა ჩვენზე და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გავემგზავრეთ. თეირანში ჩასულებს 10-15-კაციანი ქართული დელეგაცია დაგვხვდა. წამოსვლამდე ვერც კი ვიგრძენით, უცხო ქვეყანაში რომ ვიმყოფებოთ. თეირანში დიდხანს აღარ გავჩერებულვართ, პირდაპირ ქართული სოფლებისკენ გავემგზავრეთ. იქ ჩვენმა მასპინძელმა საქართველოსა და განსაკუთრებით ირანის ქართველების ისტორიის კარგად მცოდნემ, შემოგვთავაზა, ჩვენც, ისევე როგორც პირველი ქართველი მოგზაური, ფერეიდანში ლადო აღნიაშვილი, თავდაპირველად ქართველებით დასახლებულ ტერიტორიაზე, სოფელ დაშქასანიდან შევსულიყავით. სადაც ჩვენი პირველი მასპინძელი ქართველებისთვის კარგად ცნობილი, საქართველოში ფეხით ჩამოსული ძმები არია და შაჰინ ხოსროშვილების ოჯახი იყო. ამის შემდეგ მარტყოფისაკენ გავეშურეთ.
ფერეიდუნშაჰრი არის ქალაქი, სადაც ქართული წარწერები აქვს მაღაზიებს, სახელოსნოებს, კაფე-ბარებს. მაგალითად, მაღაზია ,,სათვალი’’, ,,როზის კაფე-შოფი”, ,,ქვის მთლელი” და სხვა. ამ ქალაქის გამზირებში – ასე უწოდებენ იქაური გურჯები ქუჩებს, ქართულად ლაპარაკობენ. ჩვენი მასპინძელი კარგად რომ მოეხდინა ამ ფაქტის დემონსტრირება, აჩერებდა მანქანას და განგებ ქართულად უსვამდა შეკითხვებს გამლელ-გამომვლელთ. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ისინიც ასევე ქართულ ენაზე პასუხობდნენ.

მოვინახულეთ ქართული სოფლები: ჩუღურეთი, ჯაყ-ჯაყი, ვაშლოვანი იგივე სიბაქი, ახჩა, ბოინ-მიანდაშტი, იგივე თორელი. ამ სოფლებში ქართველები ქართულად ლაპარაკობენ და იციან, რომ ჩვენ მათი თანაფესვები და თანანერგები ვართ. იქვე ვნახეთ სოფელი აფუსი, სადაც ქართულად უკვე ვეღარ ლაპარაკობდნენ, მათ მხოლოდ იციან, რომ ოდესღაც გურჯები ყოფილან.
ქართულ სოფლებში, რომ შევდიოდით, გახარებული მასპინძლები გვეკითხებოდნენ: – გვითხარით, როგორ მოგწონთ ირანიო? ჩვენ ვპასუხობდით, რომ ასეთ საოცრად თბილ და მოსიყვარულე ქართველებით გარშემორტყმულნი, ვერც კი ვგრძნობდით, რომ სადღაც შორს, საქართველოდან 1000 კილომეტრით დაშორებულ უცხო ქვეყანაში, ვიმყოფებოდით.

საოცარია ის ფაქტი, რომ ირანში ვიყავით 26(13) სექტემბერს, როცა აღინიშნება წმიდა დედოფლის ქეთევან წამებულის ხსენების დღე. მასპინძლების დახმარებით შესაძლებლობა მოგვეცა ამ დღეს გვემოგზაურა შირაზში, სადაც წმიდა დედოფალი წლების განმავლობაში საპატიო ტყვე იყო და მოწამებრივად აღესრულა. ისპაჰანიდან შირაზამდე 600 კილომეტრზე მეტი გავიარეთ მანქანით. ცხელი და დამღლელი იყო მგზავრობა, მით უმეტეს, რომ ცნობიერებაში გვიცოცხლდებოდა ქეთევან დედოფლის მიერ განვლილი გზა ირანის უდაბნოში, რაც წარსულის ტკივილს უფრო გვიღრმავებდა. გზად მოვინახულეთ ანტიკური სპარსეთი, კიროსისა და დარიოსის ქვის ქალაქი, რომელიც მდუმარე მოწმობაა ძლევამოსილი სპარსეთის იმპერიისა.
ჩავედით შირაზში სპარსელებისათვის ვარდებისა და ბულბულების (ჰაფეზის, საადის) ქალაქში. ჩვენთვის კი ჩვენი მეფე-დედოფლის მოწამებრივ ქალაქში. მართალია, ვერავინ გვითხრა სად შეიძლება ყოფილიყო ჩვენი წმინდანების წამების ადგილი, მაგრამ ერთადერთ ძველ ქერიმ-ხანის სასახლეს მივაკვლიეთ, რომელიც სავარაუდოდ, იმ პერიოდის დიდებულთა საბრძანებელიც იქნებოდა. სწორედ ეს სასახლე ავირჩიეთ ჩვენი წმინდანების პატივმისაგებელ ადგილად. სავარაუდოდ, სადღაც იქ უნდა ყოფილიყო ტყვედ წმიდა დედოფალი ქეთევანი და იმ მიდამოებში უნდა მომხდარიყო წმიდა მეფე ლუარსაბის მოწამებრივი აღსასრული. ამდენად დიდი მოწიწებითა და მოკრძალებით მოვიარეთ ეს ადგილები.
მოგზაურობის მეორე დღეს მარტყოფსა და ჩუღურეთს შორის მდებარე მთაზე ავედით, რომელსაც ფერეიდანში ,,ციხე მთას” უწოდებენ და დიდ სიწმინდედ მიიჩნევენ. ქართული მიწა მოვაყარეთ ქერიმ-ხანის მიერ ამოწყვეტილ ათი ათასობით ქართველის საფლავს. გაგვახსენდა ლადო ასათიანის ლექსი, რომ ქართველებს, სადაც უნდა ყოფილიყვნენ: ,,სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან, საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ’’ და გული იმედით აგვევსო, რომ ჩვენს წმიდა და დიდებულ წინაპრებს მცირედ მაინც მივაგეთ პატივი.
ისპაჰანში მოვინახულეთ იმამის მოედანი, ყოფილი შაჰ-აბასის მოედანი, შაჰის სასახლით გარშემორტყმულნი, სადაც ყოველ ნაბიჯზე გიორგი სააკაძის პაატა გვახსენდებოდა. თითქოს პაატა სასახლის რომელიღაცა სარკმლიდან გვიყურებდა და როდესაც დაღლილები დასასვენებლად ჩამოვჯექით, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად პაატას სიმღერა ,,ლალე, ლალე, ჩემო ლამაზო სამშობლოვ, შენ კი გენაცვალე…’’ – წამოვიწყეთ.
ისპაჰანში ერთ ქუჩაზე 200 წლის წინანდელი კედელზე გამოსახული მოზაიკური ჯვარი ვნახეთ, რომლის წარმომავლობის შესახებ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. კედლის დასასრულს ანგლიკანური ეკლესიაა, ის გაცილებით ახალი აგებულია. ისპაჰანში ვიყავით ვანქის სომხურ ეკლესია-მუზეუმში. ეკლესიის ეზოში ვნახეთ ძველი ქართული საფლავები მხედრული წარწერებით. იმავე მუზეუმში ინახება უნიკალური ქართული ნუსხური დამწერლობის მღვდლის კონდაკი და სამღვდელმთავრო შესამოსელი. მუზეუმში სურათის გადაღება აკრძალულია, თუმცა ჩვენი გულშემატკივრების დახმარებით მღვდლის კონდაკს მაინც გადავუღეთ ფოტო.
შევნიშნეთ რამდენიმე ფარდაგი, ხალიჩა და საეკლესიო ნივთები, რომლებიც ძალიან განსხვავდებოდა წარმოდგენილი სხვა ექსპონატებისგან და ქართულს წააგავდა, მაგრამ სამწუხაროდ წარწერები სხვა წარმომავლობაზე მიუთითებდნენ.
30 სექტემბერს დავტოვეთ ისპაჰანის რეგიონი და თეირანს გავემგზავრეთ, რომ 2 დღეში სამშობლოში დავბრუნებულიყავით. გასაოცარია, მაგრამ მოულოდნელად გაუგებრობაში აღმოვჩნდით. თითქოს სრულიად განსვავებულ სამყაროში გადავსახლდით. საქართველოდან წამოსვლის შემდეგ აგვერია დღე და რიცხვი. როგორც ჩვენმა მასპინძელმა გაარკვია, თურმე მეორე დღეს კი არა იმავე საღამოს მოვფრინავდით შინ, საქართველოში. ერთი კი მოვასწარით, თეირანში მოვინახულეთ საქართველოს საელჩო და ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ვიყავით თეირანელი ქართველების ორ ოჯახში და ვნახეთ ირანის ქართველების ერთ-ერთი პირველი ხეში გამოთლილი ქართული ანბანი. თეირანი და იქ მცხოვრები ყველა ქართველის მონახულება ვერ შევძელით, მაგრამ ღვთის შეწევნით, ზედმეტი პრობლემების გარეშე, მშვიდობით დავბრუნდით სამშობლოში.

წერილის დასასრულს გვინდა ფერეიდნულად დავემშვიდობოთ ჩვენს თანაფესვებს: ღმერთს ებარებოდეთ ქართველებო!

მონაზონი ნატალია (ბოჩიკაშვილი)
სამონაზვნე პარასკევა (გოცირიძე)

* * *

საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი
ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები,
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, –
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.

ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,
ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.

სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, –
საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.

სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ –
სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.

სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით
მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, –
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.

შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით:
თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები,
ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ქედები!

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.

მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.

ლადო ასათიანი

* * *

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებით თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის ცოტნე,
შენ – ორგულობავ, აბა , გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.
წუხელის შოთაც დაბადებულა,
დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის
რა სიხარული გამოიმეტე.
წუხელ ცის კარი – ცხრავე გააღო
ყველა გმირმა და თავდადებულმა:
დაბადებულა თურმე ვახტანგი,
წუხელ თევდორე დაბადებულა.
საქართველოს ცა ისეც მაღალი
უფრორე მეტად ამაღლებულა,
დაბადებულა მთვარე – გიორგი,
თურმე ილია დაბადებულა.
წუხელის მტერი – ერთპირად ჩვენი
მოსპობის მდომი – დადარდებულა,
დაბადებულა თურმე სულხანი,
გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა,
დაბადებულა ბიჭი პაატა,
გათენებულა წუხელის თეთრად,
დაბადებულა სამასი გმირი,
ვით დაიხოცნენ, ისევე ერთად.
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
წუხელის გოგოც დაბადებულა,
ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,
ისეთი გოგო დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე თამარი.
დაბადებულა წუხელის ნინო
და ქეთევანი დაბადებულა,
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად
ღვთიურის ნათლით განათებულა.
დაბადებულა თურმე ნესტანი
და თინათინი დაბადებულა.
და გიხაროდენ… ქართველთა შორის
ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთიანი, ნანატრი დროის
ქართლი ხელახლა დაბადებულა!

ანზორ აბულაშვილი

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

2 responses »

  1. oh my dear nana, pic of sopeli, wonderfull, i love it

    Reply
    • i love u too my laliko. i miss u and hope u will visit Tbilisi soon
      მიყვარხარ და მენატრები. აკოცე ნიმას , რამინს და დედიკოს. მამას კი მოკითხვა დიდი პატივისცემით

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s