RSS Feed

შევიდე სახლსა შენსა… ათი მცნება


პირველი მცნება
1 მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმრთნი უცხონი ჩემსა გარეშე.

მორწმუნემ უნდა იცოდეს, რომ არის ერთი ღმერთი, რომ მისი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთია და იგი არის ერთადერთი ღმერთი. იქვე იმიტომ არის განმარტება და „არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე“. უფლის გარეშე სხვა ღმერთის ღმერთად აღიარება პირველი მცნების დარღვევაა. ბუნებრივია, რომ სამყარო, ყოველივე ხილული თუ უხილავი, ერთი უფლის მიერ არის შექმნილი. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ უფალი არის ერთადერთი ღმერთი. ხშირად ადამიანები ივიწყებდნენ და დღესაც ივიწყებენ ამას და ქადაგებდნენ (ზოგიერთები დღესაც ქადაგებენ) მრავალღმერთიანობას. მათ თითქოს არ ჰყოფნიდათ ერთი ღმერთი და მრავალღმერთიანობისაკენ მიიდრიკებოდნენ. ეს ცდომილება მით უფრო აქტუალური იყო მოსეს თანამედროვე ისრაელისათვის, რომელიც ხშირად ვარდებოდა კერპთაყვანისმცემლობაში, უცხო ღმერთებისადმი თაყვანისცემაში და ამით ჭეშმარიტ ღმერთს ღალატობდა. ფსალმუნში გვიწერია: „ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან“ – რაც პირდაპირ მიგვითითებს, რომ სხვა, უცხო ღმერთები, გარდა ერთადერთი ჭეშარიტი ღმერთისა, ბოროტისგანაა.

როგორ გაჩნდა მრავალღმერთიანობა? თავიდან, პირველი ადამიანები, იგულისხმება ადამ და ევა, ასევე მათი შთამომავლები, მონოთეისტები იყვნენ და ბუნებრივია, მათ იცოდნენ ჭეშმარიტი ღმერთი. იცოდნენ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი ერთია და იგია ყოვლის გამგებელი ამქვეყნად. მაგრამ თანდათანობით, რაც უფრო მრავლდებოდა კაცობრიობა და რაც უფრო სუსტდებოდა მასში სულიერი ძალა, იგი ივიწყებდა ჭეშმარიტ ღმერთს, ყოველ შემთხვევაში, მათი ნაწილი მაინც. ასე ხდებოდა მათი ცნობიერების გაუკუღმართება. რა თქმა უნდა, ასეთი რამ ეშმაკის ზემოქმედების გარეშე არ ხდება, ვინაიდან იგია ყოველი ბოროტების წყარო სამყაროში. ბუნებრივია, ადამიანებს თანდათანობით ავიწყდებოდათ ცოდნა, შემეცნება ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისა და ისინი ახალ ღმერთებს, ახალ კერპებს იგონებდნენ, თუმცა ჭეშმარიტი სარწმუნოების, უფლის ხსოვნის სრული აღხოცვა მაინც არ ხდებოდა. ჭეშმარიტი რწმენის რაღაც მცირე ნაწილი მაინც შემონახული იყო მათში, ოღონდ გაუკუღმართებილი სახით. სწორედ ამიტომაა, რომ ხშირად უცხო რელიგიებში შესაძლებელია ჭეშმარიტების მარცვალი დავინახოთ, რამაც შეიძლება ადამიანები დააბნიოს და აფიქრებინოს, რომ სხვადასხვა რელიგიებს შორის არსებული საერთო მორალური ნორმები, გარეგნული თუ შინაგანი მსგავსება, თითქოსდა მათ თანასწორობაზე მეტყველებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის ჭეშმარიტი მარცვალი, ის ნაწილობრივი სიმართლე, რაც შეიძლება იყოს კიდეც სხვა სარწმუნოებაში, არის ანარეკლი იმ სამოთხისეული მეხსიერებისა, იმ პირველცოდნისა, რაც პირველ ადამიანებს ჰქონდათ, ანუ ყველა იმ ერის პირველ წინაპრებს, რომლებიც დღესაც არსებობენ. ჩვენ, ბუნებრივია, ყველას საერთო წინაპარი გვყავდა და ამ წინაპართაგან წამოსული ცოდნა შერყვნილი და გაუკუღმართებული სახით დღესაც არსებობს ყველა ხალხში და სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობაში. აი, ეს არის სწორედ მიზეზი იმისა, რომ სხვადასხვა, ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებულ რელიგიებს, რაღაც საერთო მაინც აქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სარწმუნოება იყოს ჭეშმარიტი, რომ ადამიანი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლად იწოდოს. თუ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი ხარ, მისი მოძღვრება მთელი სისავსით უნდა აღიქვა და დაემორჩილო, ვინაიდან რელიგიაში არ შეიძლება რაღაც ნაწილის მიღება და დანარჩენის უკუგდება. არ შეიძლება, მხოლოდ ნაწილი მივიღოთ, დანარჩენი კი უარვყოთ, როგორც ზოგიერთი არაეკლესიური ადამიანი აკეთებს. ისინი თითქოსდა სხვადასხვა რელიგიებიდან, ფილოსოფიური მიმდინარეობებიდან ამოკრებენ მათთვის მისაღებ მორალურ ნორმებს, ინტელექტუალურ თეორიებს, სხვადასხვა აზრებს და ქმნიან თავის პირად სარწმუნოებას, მსოფლმხედველობას, რომელიც მხოლოდ მისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის არის დამახასიათებელი. ეს არ გახლავთ ჭეშმარიტების, ღვთის ერთგულება. ასეთი ადამიანებისაგან ხშირად გაიგონებთ – „მე ჩემი თვალით ვუყურებ სახარებას“, „ჩემი თვალით ვუყურებ სარწმუნოებას“, „მე ჩემი შეხედულება მაქვს“. ეს „ჩემი“ და „მე“ მათთვის იმდენად ძვირფასია, რომ ღვთაებრივზე აღმატებული ხდება, მაშინ როცა ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა გამოცხადებითი რელიგიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც ჩვენ ვიცით ღმერთის შესახებ (რა თქმა უნდა, უფლის სრული შეცნობა შეუძლებელია, მაგრამ ის მცირედიც, რაც ვიცით), არის შედეგი იმისა, რომ ეს ცოდნა გამოცხადებით, ღვთის დაშვებით მოგვეცა. ოღონდ ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ჩვენგანს კი არ ჰქონია გამოცხადება, არამედ ღვთის რჩეულ ადამიანებს, წინასწარმეტყველებს, წმიდანებს უფალი თავისი თავის შესახებ უცხადებდა იმ მცირედს, რისი დატევნაც ადამიანებს შეეძლოთ, თუნდაც ყველაზე გამორჩეულებსა და წმიდანებს. სწორედ მათგან ვიცით უფლის შესახებ. სხვაგვარად უფლის შეცნობა აბსოლუტურად შეუძლებელია. მაგალითად, როგორ შეიძლება, ჭიანჭველამ შეიმეცნოს ყველაზე აღმატებული, რთული ფილოსოფია. ყველამ იცის, რომ მისთვის შეუძლებელია პლატონისა და არსტოტელეს ფილოსოფიის გაგება. ასევე ადამიანს, რომელიც შეზღუდული არსებაა, არ შეუძლია გონებით შეიმეცნოს უფალი, მას მხოლოდ შეუძლია უფლისგან დაშვებით შეიმეცნოს, ანუ ეკლესიისთვის მიცემული ცოდნა გაითავისოს, მხოლოდ მასზე იფიქროს და არა საკუთარ მიწიერ ლოგიკაზე დაყრდნობით შორსმიმავალი დასკვნები გამოიტანოს.

ასე რომ, პირველი მცნება, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა სხვა მცნებები, მარადიულია და დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ, როცა მოსე წინასწარმეტყველს მიეცა. სწორედ ჩვენი უფალია ჭეშმარიტი ღმერთი, სწორედ იგია ერთადერთი უფალი და არა უცხო სხვა ღმერთები, რომლებსაც არც უნდა ვემონებოდეთ და არც ვუჯერებდეთ, რადგან სხვაგვარად არ ვიქნებოდით არც ჭეშმარიტი ქრისტიანები და არც ჭეშმარიტი მორწმუნეები.

2 არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

3 არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.

უფლის მესამე მცნება, რომელიც კაცობრიობას მოსე წინასწარმეტყველის მეშვეობით მიეცა, ასე ჟღერს: „არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი მორწმუნეები ამ მცნებას, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ მცნებებს, ხშირად ვარღვევთ. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს კიდეც, რატომ არ შეიძლება უფლის ამაოდ, სიტყვის მასალად ხსენება. მაგრამ თუკი გავიხსენებთ იმას, რომ უფალი არის ცისა და მიწის, მთელი სამყაროს შემოქმედი და ჩვენ მის მიერ ვართ შექმნილნი; მან შეგვქმნა უდიდესი სიყვარულის გამო, რათა ჩვენი (ადამიანური) არსება თანაზიარი გაეხადა იმ სიკეთისა და ნეტარებისა, რომელშიც მარადიულად მყოფობს თავად. თუკი ჩვენ გავიხსენებთ იმასაც, რომ პირველქმნილი ცოდვის შედეგად, როდესაც ადამიანი, თავისივე დანაშაულის გამო, სამოთხიდან განიდევნა, ამ ცოდვის გამოსასყიდად უფალმა, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარულით უყვარს ყოველი ადამიანი, მთელი კაცობრიობა, მოგვივლინა თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც განკაცდა, ჩვენთვის ივნო, ჩვენთვის ჯვარს ეცვა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ცოდვა გამოესყიდა და სამოთხის კარი კვლავ გაღებულიყო ჩვენთვის. ბუნებრივია, თუ ყოველივე ამას გავიაზრებთ და გავიაზრებთ იმასაც, რომ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ვცოდავთ, უფალი მაინც არ წარგვწყმედს და არ გვსჯის, მაშინ, რა თქმა უნდა, მივხვდებით, თუ რატომ არ შეიძლება ამაოდ ღვთის სახელის ხსენება. არ შეიძლება მოვიხსენოთ უფალი სიტყვის მასალად, პირად საუბრებში, გულის გარეთ, სასხვათაშორისოდ. შეიძლება ვინმემ იკითხოს, თუ ეს ასეა, ლოცვისასაც ხომ ვახსენებთ უფალს? უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ადამიანი ლოცულობს, იგი ღმერთს ესაუბრება, თუმცა ლოცვის დროს უყურადღებობა, გონების გაფანტვა, სხვადასხვა საკითხებზე ფიქრი არ შეიძლება და ღვთის სახელის ამაოდ მოხსენების ცოდვად ითვლება. ისევე როგორც უბრალო საუბრებში უფლის წარამარა ხსენება. ხანდახან ზოგიერთ არაეკლესიურ ან სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელ ადამიანს ჰგონია, რომ დიდი მორწმუნე ისაა, ვისაც სულ ღმერთის სახელი აკერია პირზე. იტყვიან ხოლმე, აი, ესა და ეს კაცი ისეთი მორწმუნეა, რომ ყოველი სიტყვის შემდეგ უფალს ახსენებსო. ასეთი მოსაზრება, რა თქმა უნდა, მართებული არ არის. ზოგჯერ თვით არამართლმადიდებლებიც კი ერიდებიან უფლის სახელის ამაოდ, უპატივცემულოდ ხსენებას. ცნობილი ფიზიკოსი ისააკ ნიუტონი, რომელიც მორწმუნე იყო, უფლის ხსენებისას ფეხზე დგებოდა და ქუდს იხდიდა. თუკი არამართლმადიდებელს ასეთი მოწიწება ჰქონდა უფლის სახელის მიმართ, რაღა გვეთქმის ჩვენ, მართლმადიდებლებს, რომლებსაც უპირველესად გვეკუთვნის ღვთის თაყვანისცემა და მოწიწება.

უფლის სახელის ხსენება განსაკუთრებით არ შეიძლება მაშინ, როცა განრისხებულნი, გაღიზიანებულნი ვართ. ზოგჯერ გაბრაზებულები ლამის ყვირილით ვახსენებთ ხოლმე ღმერთს. უნდა მოვერიდოთ იმის თქმასაც, რასაც, სამწუხაროდ, ხშირად თუ არა, ხანდახან მაინც ყველანი ვიმეორებთ – „უფალი დასჯის“. თითქოს ჩვენ ზუსტად ვიცით, ვის როგორ დასჯის ღმერთი, ამით თავი საღვთო სამსჯავროს გადაწყვეტილების მცოდნეებად მოგვაქვს. როდესაც კატეგორიულად ვიტყვით, რომ ესა თუ ის ადამიანი უფლისგან დაისჯება, უნდა გავიხსენოთ ჩვენი აურაცხელი ცოდვები, რის გამოც ჩვენც შეიძლება დავისაჯოთ. თუ სხვას იოლად ვიმეტებთ, უფალმა შეიძლება ჩვენც ადვილად გაგვიმეტოს. სწორედ ამიტომ ღმერთზე საუბარი, მისი ხსენება დიდ სიფრთხილეს საჭიროებს. არ არის შემთხვევითი, რომ მოციქული გვირჩევს – ყველა ნუ დამოძღვრავთ. ეს ნიშნავს, რომ ყველამ არ უნდა დაიწყოს ხალხის დამოძღვრა და უფლის სახელის მოხსენიება.

როცა უფლის სახელს ვახსენებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვის თუ არა, ზოგჯერ მაინც, შეიძლება ღირსნიც კი არ ვიყოთ მისი სახელის ხსენებისა. გვახსენდება ერთი შემთხვევა ეკლესიის ისტორიიდან, როცა ერთმა მონაზონმა მძიმედ შესცოდა, სულიერმა მოძღვარმა ასეთი ეპიტიმია დაადო: ილოცე შემდეგი სიტყვებით: „რომელმა დამბადე, შემიწყალე მე ცოდვილი“. ესე იგი, უფლის სახელსაც ნუ წარმოთქვამო. ეს მონაზონი შემდეგ მართლაც ასე ლოცულობდა და ამ ლოცვით ისეთი სინანული მოიპოვა, რომ მისმა სინანულმა, მთლიანად აღხოცა ცოდვა და უფლის წინაშე იგი განმართლებული წარსდგა. ეს მაგალითი ყოველთვის თვალწინ უნდა გვედგას. თუ ეს გვემახსოვრება, უფლის სახელს უფრო მოწიწებით წარმოვთქვამთ.

4 მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.

5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.

6. არა კაც-ჰკლა.

7არ იმრუშო.

ჩვენ უფალმა მოგვცა მცნებები, რომელთა დაცვაც ყოველი ქრისტიანის ვალია. ბუნებრივია, თითოეული მცნების დარღვევა ყველა სხვა მცნების დარღვევას ნიშნავს, ვინაიდან ეს ერთი მთლიანობა, ერთიანი სწავლებაა, რომლის მიღება, გათავისება და მისდამი მორჩილება მთლიანობაში გვმართებს. ერთ-ერთი ამ მცნებათაგანია „არა იმრუშო“. ეს მცნება, ისევე როგორც დანარჩენი მცნებები, დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალურია, ვინაიდან გარკვეული მსოფლმხედველობა, საერთოდ აუქმებს სიძვის ან მრუშობის მცნებას და საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოს იგი მოძველდა და მისი დაცვა უკვე საჭირო აღარაა. სინამდვილეში ეს ასე არ არის. მაშინ, როცა კაცობრიობას მოსეს მიერ ათი მცნება მიეცა, თითოეულმა მათგანმა მარადიული მნიშვნელობა შეიძინა, ამიტომ დრო მათ შესუსტებას ან განქარვებას ვერ შეძლებს.

მრუშობის საკითხს თვით სახარებაც ეხება. თავად იესო ქრისტე ეუბნება ადამიანებს, რომ არათუ მრუშობა, არამედ გულისთქმით შეხედვაც კი უკვე ცოდვაა ადამიანისთვის. ვინაიდან თუ კაცმა გული, აზრი არ განიწმიდა, ვერც თავის სიტყვას და საქმეს განწმედს. ადამიანმა განწმედა თავისი გონებიდან უნდა დაიწყოს. ქრისტიანობაში ძალიან მკაცრად და მტკიცედაა ჩამოყალიბებული სწავლება უბიწოების შესახებ – ქორწინებაში არმყოფმა ადამიანმა სხვასთან ხორციელი ურთიერთობა არ უნდა იქონიოს.

მრუშობის ცოდვა უმძიმესია და იგი მომაკვდინებელ ცოდვათა რიგში შედის. ის, ვინც მეშვიდე მცნებას არღვევდა, სჯულის კანონით უმკაცრესად ისჯებოდა. ასეთ ადამიანებს გარკვეული ხნით ზიარებისგან აყენებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სიძვაც და მრუშობაც უმძიმესი ცოდვებია, მათ შორის მაინც არსებობს განსხვავება. სიძვას ჩადის ადამიანი, რომელიც ქორწინებაში არ იმყოფება, მრუშობა კი ის ცოდვაა, როცა სიძვას ქორწინებაში მყოფი ადამიანის ჩაიდენს. ორივე ცოდვა უმძიმესია, მაგრამ მათ შორის უფრო მძიმე მრუშობაა, იმიტომ რომ ქორწინებაში მყოფ ადამიანს უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, იგი უკვე ქორწინების საიდუმლოთი არის დაკავშირებული თავის მეუღლესთან, მათ შორის უფალია და როცა ადამიანი ამ საიდუმლო კავშირს, ჯვრისწერის კავშირს სხვა ადამიანთან ხორციელი ურთიერთობით შეურაცხოფს, რა თქმა უნდა, ეს უფრო მძიმე ცოდვაა, ვიდრე ქორწინებაში არმყოფი ადამიანის ცოდვა. თავისთავად ცოდვის ჩამდენი ადამიანი შეურაცხყოფს როგორც სულს, ისე სხეულსაც, რადგან იგი უკანონონდ ხორციელად უერთდება სხვა ადამიანს და, გარდა სულისა, თავის სხეულსაც შეურაცხყოფს; სხეული კი იცით, რომ ადამიანის სულის ჭურჭელია, და რაც უმთავრესია, მოწოდებულია, ღვთის ტაძრად იქცეს. ამიტომ იგი სუფთად, უბიწოდ უნდა შევინახოთ.

სამწუხაროდ დღევანდელ ეპოქაში ზოგიერთნი საქმის ვითარებას ისე წარმოჩინდნენ, თითქოს ეს ცოდვა, ცოდვა აღარაა. ბოლო დროს ყოველმხრივ ხდება შემოტევა დღევანდელ საზოგადოებაზე, პროპაგანდას უწევენ სიძვასა და მრუშობას. ეს პორნოგრაფიული და ეროტიკულ ლიტერატურის უხვი ნაკადი ცუდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, განსაკუთრებით, მოზარდებზე, და არა მხოლოდ მათზე. ასევე უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოებზე ის ფილმები, რომლებშიც უხამსობა და სიბილწეა ნაჩვენები.

მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, თითქოს ხდება ადამიანის მომზადება გარყვნისაკენ, მაგრამ უარესია, როცა გაზეთებში ვაწყდებით სტატიებს, ვუყურებთ სატელევიზიო გადაცემებს, სადაც ცდილობენ, დაამტკიცონ, თითქოს სიძვა და მრუშება ცოდვა არაა, თითქოს ეს იყოს ადამიანის თავისუფალი ნების გამოვლინება, ანუ თავისუფლების, დემოკრატიის მონაპოვარი. რა თქმა უნდა, ეს თავისუფლების მცნების დამახინჯებაა. ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს ცოდვისგან. როცა ადამიანი ცოდავს, იგი თავისუფალი აღარ არის, რადგან ეშმაკს ემონება. ის თავის თავში შეურაცხყოფს ხატებას და მსგავსებას უფლისა, რაც არაბუნებრივი მდგომარეობაა. ცოდვა საერთოდ არაბუნებრივია. იგი ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას, რადგან იგი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი. სამწუხაროდ, სწორედ ამას ივიწყებენ და ამ ცოდვის პროპაგანდას ცდილობენ.

ამავე დროს, ამ ცოდვაში, რა თქმა უნდა, სხვა სახის სექსუალური გაუკუღმართებებიც იგულისხმება მაგ. ჰომოსექსუალიზმი და ა.შ. დღეს კი ამ გაუკუღმართებების პროპაგანდაც ხდება. ზოგიერთებს სურთ საქმე ისე წარმოადგინონ, თითქოს მნიშვნელობა არა აქვს, როგორი სექსუალური ორიენტაცია ექნება ადამიანს – ბუნებრივი, ანუ მოპირდაპირე სქესის ადამიანის მიმართ თუ გაუკუღმართებული – თავისივე სქესის ადამიანის მიმართ. საზოგადოების წინაშე გამოდიან ადამიანები, რომლებიც ჰომოსექსუალისტთა უფლებებს იცავენ და ცდილობენ ეს პიროვნებები საზოგადოების წინაშე ისე წარმოჩინონ, თითქოს სხვებზე არაფრით ნაკლებები იყვნენ. ეს წმიდა წერილის, უფლის შეურაცხოფაა, ვინაიდან ეკლესიაში ყოველთვის ძალიან მკაცრად ისჯებოდა და დღესაც მკაცრად ისჯება ეს ცოდვა, ვინაიდან ეკლესიური სწავლებით იგი არაბუნებრივი ცოდვაა და ამიტომ გაცილებით მძიმე უნდა იყოს სასჯელი, ვიდრე, ვთქვათ, მრუშობის ცოდვაზე. ამასთან დაკავშირებით შეუძლებელია სხვა დამოკიდებულება არსებობდეს, არ შეიძლება ამ ცოდვას შეეგუოს ადამიანი. ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ამ ადამიანისადმი სიძულვილს. ეკლესიას არ სძულს ცოდვაში მყოფი ადამიანი, მას სძულს ცოდვა. ცოდვის ჩამდენი ადამიანი უნდა გვეცოდებოდეს. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე, რომ ტელევიზიით უჩვენებენ გადაცემებს, სადაც ხდება ამ ცოდვის ფაქტიური პროპაგანდირება. არის ფილმები ინცესტის სცენებითაც (ინცესტი – ახლო ნათესავებს შორის სქესობრივი კავშირი), ეს კიდევ უფრო მძიმე ცოდვაა. სამწუხაროდ, ფილმებზე უარესია ამ ფილმების განხილვები და შეფასებები, სადაც არის მცდელობა იმისა, რომ ადამიანებს სხვა კუთხით შეახედონ ამ ცოდვას. ფაქტიურად ეს არის ცდა იმისა, რომ ეს საშინელი ცოდვა როგორმე საზოგადოების თვალში ცოდვა აღარ იყოს. ეს განსაკუთრებით საშიშია მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ამგვარი ცნობიერებით იზრდებიან, შემდეგ ცოდვაში ვარდებიან, ცოდვაში ჩავარდნილი ადამიანი კი ეშმაკის მონა ხდება, თავის სულს ღუპავს და ჯოჯოხეთისათვის წირავს.

წმიდა ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებაში, რომელიც XVII საუკუნის ათონელი მამა გახლავთ, არის საოცარი სიტყვები, რომელიც ჩვენს თანამედროვე ეპოქას ეხება. მისი წინასწარმეტყველებათა ამ ეპოქაში ადამიანები ვერსაცნობნი შეიქმნებიან, ქალი კაცს დაემსგავსება, კაცი კი ქალს. წმიდა ნილოს მირონმდინარე ამბობს, რომ სექსი, გარყვნილება ანტიქრისტეს სულიერ საზრდოდ იქცევა. ანტიქრისტეს ეპოქაში იმდენად მოიმატებს ეს გარყვნილება (განსაკუთრებით ყევლაზე გაუკუღმართებული ფორმები), რომ ეს საყოველთაოდ მიღებული იქნება. წმიდა მამები იმასაც კი ამბობენ, რომ ადამიანები ურცხვად გაშიშვლდებიან, ქრისტიანებს კი იმითაც იცნობენ, რომ ჩაცმულობით სხვებს არ დაემსგავსებიან და გარეგნულადაც კი საცნობნი გახდებიან. დღეს თითქოს უკვე ვხედავთ ანტიქრისტეს ეპოქის წინასახეს, რადგან გაშიშვლება, არაქრისტიანული ჩაცმულობა, ადამიანისთვის ბუნებრივი გახდა. ადამიანებს უკვე ისიც აღარ რცხვენიათ, რაც ადრე მეძავებსაც კი ეკრძალებოდათ. ისინი გარეთ ჩაუცმელნი არ გამოდიოდნენ, არც სხეულის ნაწილებს აშიშვლებდნენ. საყოველთაოდ მიღებული გახდა ის, რაც ეკლესიური ცნობიერებისათვის მისაღები არაა. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ეს არაბუნებრივიცაა, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი ჩაცმულობა, დღევანდელი ცნობიერება ადამიანის ბუნების, ქრისტიანობის საწინააღმდეგოდ, ყველაფერი იმ კანონზომიერების წინააღმდეგ მიდის, რაც კაცობრიობის ცნობიერებაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. მართლაც რომ საშინელი სულიერი ატმოსფერო იქმნება. ამიტომ როგორც წმიდა მამები გვარიგებენ, როცა ადამიანს სიძვის სურვილი უჩნდება, უნდა ჯოჯოხეთის გეენა გაიხსენოს, ის ცეცხლი, რომელშიც ცოდვილი ადამიანები იტანჯებიან, მათ შორის მეძავები და მრუშები. ეს იქნება ამ საშინელ ცოდვის მუხრუჭი.

8არ იპარო.

უფლის მერვე მცნება ასე ჟღერს – „არა იპარო“. ამ მცნებაში ღრმა აზრია ჩადებული. რა თქმა უნდა, იგი უპირველესად ამ სიტყვების პირდაპირ გაგებას გულისხმობს. საკუთრების მითვისება, მოპარვა არ შეიძლება; მაგრამ უფლისათვის ქურდობის ყოველგვარი სახე საძაგელია, იქნება ეს ჩუმად მოპარვა, იარაღის ძალით წართმევა, ანუ ყაჩაღობა, ან როცა ადამიანი სიყალბეს ჩადის, მაგ., ყალბ ფულს, უახარისხო საქონელს ამზადებს და ამ სახით მიიტაცებს რამეს, ან დაბალი ღირებულების ნივთს შესთავაზებს ვინმეს მაღალ ფასად, მყიდველს ატყუებს. ამ საშინელი ცოდვის – ქურდობის ყველა სახე უფლისათვის მიუღებელია. მიუღებელია მაშინაც, როცა ის თითქოსდა, ერთი შეხედვით, სიკეთის გამო კეთდება. ქურდობას არანაირი შედეგი არ ამართლებს.

ზოგჯერ ადამიანები იპარავენ, მაგრამ შემდეგ იმისათვის, რომ თავისი ქმედება გაამართლონ, ნაქურდალის ნაწილს ეკლესიას სწირავენ. ეს ყოვლად დაუშვებელია. არსებობს ეკლესიური წესი, რომლის მიხედვითაც, ეკლესიაში ნაქურდალის, უკანონო გზით შეძენილის შეწირვა არ შეიძლება. ზოგიერთი ადამიანი ძალიან პრიმიტიულად, მიწიერად მსჯელობს და ფიქრობს, რომ მართალია, უკანონო გზით მოიპოვა ეს თანხები, მაგრამ თუკი მცირე ნაწილს ამ თანხიდან უფალს შესწირავს, მაშინ ეს უსჯულოება თავისთავად, ავტომატურად იქნება გამოსყიდული. ეს ასე არაა, უფალს არაფერი სჭირდება, ყველაფერი ხომ მის ხელშია, ყოველივე მას ეკუთვნის, მისი შექმნილია. იგი უყურებს არა შემონაწირის რაოდენობას, არამედ იმას, თუ რა გულითაა შენაწირი. მთავარი გულია. სახარებაში მოხსენიებულია, რომ ერთმა ღატაკმა დედაკაცმა ორად ორი ლეპტა შესწირა ღმერთს, უფალი კი გვეუბნება, რომ მისი შენაწირი სხვებზე მეტია, ვინაიდან სხვებმა შეწირეს ის, რაც მათთვის ზედმეტი იყო, ამ ქვრივმა კი შესწირა ყოველივე, რაც კი გააჩნდა. აქედან მკაფიოდ ჩანს, რომ უფალი უყურებს შემწირველის გულს და არა იმას, თუ რა რაოდენობით არის თანხა შეწირული. ჩვენ ვერ მოვატყუებთ უფალს. საშინელი სენია, როცა ადამიანები იტაცებენ, ქურდობენ და შემდეგ ცდილობენ მოპარულის მცირე ნაწილი ეკლესიას შესწირონ და ამით „გამოისყიდონ“ ქურდობის ცოდვა. ეკლესიის ტრადიცისთვის ამგვარი საქციელი სრულებით მიუღებელია. ეს თავის მოტყუებაა.

ქურდობისა და ძარცვის ყველაზე საშინელი ფორმა ისაა, როცა ადამიანი იპარავს ეკლესიაში. ეს კიდევ უფრო ამძიმებს ქურდობის ცოდვას. თუკი ქურდობა ცოდვაა, განუზომლად დიდი ცოდვაა ის, რომელიც უფლის სახლს – ეკლესიას, მონასტერს, ან ეკლესიასთან დაკავშირებულ დაწესებულებას ეხება. ამიტომ ასეთ ადამიანებს სრულებით არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ამ მოპარული ფულით რაიმეს გააკეთებენ, ამ ფულით ვერ შეძლებენ სიხარულისა და ბედნიერების მოპოვებას. თვალწინ ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ასეთი ადამიანის ოჯახში სიკეთის ნაცვლად იწყება უბედურებები, ავადმყოფობა, ტანჯვა, გაღატაკება. იმდენად ხშირია ასეთი შემთხვევები, რომ თითქმის ყველამ იცის, თუ რა დაემართათ იმ ადამიანებს, ვინც ეკლესიიდან ზარები ან სხვა ნივთები მოიპარეს ან ეკლესიის ფული აქვთ მითვისებული. ეს ყოველივე მათ მარადიულად ჩაუქრობელ ჯოჯოხეთის ცეცხლად ექცევათ. ასეთი ადამიანი შეიძლება ამქყვენადაც დაისაჯოს, თუმცა ეს სასჯელი ზოგს წყალობად გადაექცევა ხოლმე, რადგან შეიძლება მონანიების, მოქცევისა და ეკლესიისკენ მიბრუნების დასაწყისი გახდეს.

მერვე მცნების დარღვევაა აგრეთვე სიმონია – ცოდვა, როცა ადამიანი საეკლესიო თანამდებობას ყიდულობს. ეს იმდენად მძიმე ცოდვაა, რომ საეკლესიო სამართალი ორმაგ სასჯელს ითვალისწინებს, მაშინ როცა სხვა შემთხვევაში ქრისტიანი მხოლოდ ერთი სასჯელით ისჯება (ე.ი. მაგალითად, სასულიერო პირი არ შეიძლება უზიარებლობითაც დაისაჯოს და, ამავე დროს, სასულიერო დასიდანაც განიკვეთოს). აქედანაც ჩანს, თუ როგორი მძიმე ცოდვა ყოფილა სიმონია.

ქურდობა, პარვა, წაგლეჯა უმძიმესი ცოდვებია, რომლებიც ისევე, როგორც ყველა სხვა ცოდვა, სასუფეველს განგვაშორებს. სამწუხაროდ, დღევანდელობაში ამ ცოდვას ფესვები ღრმად აქვს გადგმული. ეს დაიწყო ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმიდან მოყოლებული, როცა ქურდობა და მოპარვა ცოდვად არ ითვლებოდა, რადგან ადამიანებისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ისინი თვლიდნენ, რომ ქონება სახელმწიფოსია და, შესაბამისად, არავის ეკუთვნის, ამიტომ მისი მოპარვა და მიტაცება ცოდვა არაა. ეს მცდარი აზრი ადამიანების ფსიქოლოგიაში გაჯდა და როცა ვითარება შეიცვალა, არ შეცვლილა ადამიანთა ზნე, უფრო მეტიც, ასეთი განწყობა კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგან ადრე შიშის ფაქტორი მაინც არსებობდა, დღეს კი ესეც მოიხსნა. შინაგანად ადამიანმა ვერ შეძლო თავის თავში ზნეობრივი სახის ჩამოყალიბება, რომელიც აუკრძალავდა მოპარვას, ამავე დროს, მოიხსნა შემაკავებელი – შიშის ფაქტორი (დაპატიმრების შიში). ამიტომ, ფაქტიურად, ეს საყოველთაოდ მიღებული ცოდვა გახდა, მით უმეტეს, ახლა, როცა ირგვლივ საყოველთაო გაჭირვებაა.

ადამიანთა რაღაც ნაწილი დღეს თავს იმართლებს იმით, რომ სიღარიბის გამო იძულებით უწევს ამ ცოდვის ჩადენა. ეს, რა თქმა უნდა, მცირედმორწმუნეობის გამო ხდება. ადამიანები ცდილობენ თავისი მოხერხებულობით, ქურდობით გადაჭრან მატერიალური პრობლემები. როცა ადამიანს უჭირს, იქნება ეს ხორციელი თუ სულიერი ავადმყოფობა, მატერიალური გაჭირვება, მისი მფარველი, პირველი შემწე არის უფალი. მას შეუძლია ჩვენი დახმარება, სასწაულებრივადაც კი. უამრავი ასეთი მაგალითი არსებობს. მაგალითად, გავიხსენოთ წმიდა ნიკოლოზის ისტორია. წმიდანმა გაიგო, რომ სიღარიბის გამო ოჯახის მამა აპირებდა, საშინელი ცოდვა ჩაედინა და თავისი ქალიშვილები საროსკიპოში გაეშვა, რათა სხეულით ევაჭრათ და ოჯახი ერჩინათ. წმიდა ნიკოლოზმა ჩუმად შესწირა ფული ამ ოჯახს და ამ ცოდვისაგან დაიხსნა ისინი. რა თქმა უნდა, ეს წმიდა ნიკოლოზის ხელით გაკეთდა, მაგრამ ეს გააკეთა უფალმა. ღმერთი დახმარებას ადამიანების ხელით გვიგზავნის. შეიძლება ეს უნებურად ისეთმა ადამიანმაც კი გაგვიკეთოს, ვინც საერთოდ თავისი ბუნებით არ არის მიდრეკილი მოწყალებისაკენ. გავიხსენოთ ერთი შემთხვევა. უწყალო პეტრე ძალიან მდიდარი ადამიანი იყო, მაგრამ საშინელი ანგარი და ძუნწი. მათხოვრებს არასდროს ეხმარებოდა, მაგრამ ერთმა მათხოვარმა მოახერხა და პური დასტყუა მას. პეტრე იმდენად შეაწუხა მათხოვრის თხოვნამ, რომ გაბრაზებულმა პური ესროლა. მართალია, ეს იძულებით მოხდა, მაგრამ მათხოვარმა ხომ მიიღო პური! უფალმა ხომ დაუშვა, რომ პური მის ხელში აღმოჩენილიყო! ნურასდროს შევხედავთ მხოლოდ მოვლენის გარეგნულ მხარეს, უფალს შეუძლია ჩვენი დახმარება და იგი ამ დახმარებას ყველაზე არაბუნებრივი სახითაც კი მოგვივლენს, თანაც არ გვეგონოს, რომ ასეთი რამ მხოლოდ ძველად ხდებოდა. ეს დღევანდელ დღესაც თვალსაჩინოა. თუკი ჩვენს ცხოვრებას გადავხედავთ, ყოველი ჩვენგანი თავის წარსულში იმ მაგალითს იპოვის, როცა გამოუვალი მდგომარეობიდან სრულიად მოულოდნელად ვინმეს მეშვეობით უფალს გამოუყვანია. ერთ ასეთ შემთხვევას მოგიყვებით: ერთ შვილმკვდარ ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა და ბევრი ვალი ჰქონდა. უკვე თითქოს არსაიდან იყო რაიმე თანხის მიღების საშუალება. მათ კი ძალიან სჭირდებოდათ ფული. ოღონდ არა იმიტომ, რომ კომფორტულად ეცხოვრათ, განშვება და განცხრომა მიეღოთ; ეს მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო სურდათ – მოახლოებული იყო ვაჟის გარდაცვალების დღე – უნდოდათ მისთვის პანაშვიდი გადაეხადათ და საკურთხი გაეკეთებინათ. მათ საოცარი სარწმუნოება გამოიჩინეს. უფალს შესთხოვეს: ვიცით, რომ გარშემომყოფთაგან ჩვენი დახმარება არავის შეუძლია, შენ კი, უფალო, ყოველივე ძალგიძს. შეგვაძლებინე ესოდენ სასურველი პანაშვიდის გადახდა და საკურთხის მომზადება, რათა ადამიანებს ვუწილადოთ იგი. წარმოიდგინეთ, მათ ლოცვაც კი არ ჰქონდათ დამთავრებული, რომ სახლში ზარის ხმა გაისმა და ერთმა ადამიანმა მოიტანა თანხა, რომელსაც უცხოეთში მცხოვრები ნაცნობი უგზავნიდა. თანაც, მას ერთადერთხელ ჰყავდა ისინი ნანახი. თანამედროვე ეპოქაში სხვა ბევრი ამგვარი სასწაული ხდება, ამიტომ ქურდობისას გაჭირვებით თავს ნუ გავიმართლებთ.

წმიდა მამები ამბობენ, რომ ქურდობის ცოდვაში, ადამიანი მაშინაც დამნაშავეა, როცა მას ბევრი ქონება აქვს და არ უყვარს მოწყალების გაცემა. ერთი შეხედვით, თითქოს როგორ შეიძლება, რომ ქურდობის, ძარცვის და ყაჩაღობის ცოდვაში დაადანაშაულო ადამიანი, რომელიც სულაც არ იპარავს, უბრალოდ თავისას არ გასცემს. წმიდა მამები ამბობენ, რომ ამგვარი საქციელიც ცოდვაა და იგი სასჯელს იმსახურებს, იმიტომ რომ ყოველივე უფალს ეკუთვნის. ადამიანს თუნდაც სამართლიანი გზით დაგროვილი ქონება რომ ჰქონდეს, მან აუცილებლად უნდა იფიქროს: ეს უფლისგან მომეცა, უფლის დაშვება რომ არ ყოფილიყო, ერთ გროშსაც ვერ შევიტანდი ოჯახში, ერთ აგურს ვერ დავდებდი ჩემი სახლის მშენებლობაზე, ერთ ნივთსაც ვერ შევიძენდი. უფალმა მომცა ყოველივე, უხვად გაიღო ჩემთვის, მაგრამ მომეცა არა იმიტომ, რომ განცხრომაში ვიცხოვრო, არამედ იმისათვის, რომ ეს ნამეტნავი იმას მოვახმარო, ვისაც სჭირდება. ზოგიერთი ისე დაავადდება ხოლმე ვერცხლისმოყვარეობით, რომ მის მოხმარებასაც კი ვეღარ ასწრებს. აგროვებს და ამ სიმდიდრის მონა ხდება. ქონება ადამიანს იმისთვის ეძლევა, რომ გასცეს. როცა არ გასცემს და ვერ ხედავს მის გვერდით მყოფ ღარიბ ადამიანს, იგი სულიერად ბრმავდება, უფლის წყალობის მიმტაცებელი და მიმთვისებელი, უფლის მიერ მიცემული ქონების უკანონო მფლობელი ხდება. ეს, რა თქმა უნდა, მძიმე ცოდვაა. განსაკურებით მძიმდება ეს ცოდვა, როცა ადამიანი გაჭირვებულ ქვეყანაში ცხოვრობს და ვერ ხედავს ათასობით გაჭირვებულს, რომლებიც სიღატაკის ზღვარზე ცხოვრობენ, შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ, მათი შვილები შეიძლება უსწავლელნი დარჩნენ, ისე დაავადდნენ, რომ მკურნალობის ფული არ ჰქონდეთ. ეს ადამიანი კი ფუფუნებაში ცხოვრობს და სრულებით არ არის დაინტერესებული ვინმეს გაჭირვებით, უფრო მეტიც, მას გაჭირვების შესახებ გაგონებაც კი არ სურს, რათა არ შეწუხდეს, რათა ბოლომდე დატკბეს ცხოვრებით. ამ ტკბობაში კი უაზროდ ხარჯავს უამრავ ფულს. ეს არის უფლის წყალობის გაფლანგვა. გავიხსენოთ სახარებისეული იგავი. ერთმა მდიდარმა დიდი მოსავალი მიიღო, იგი გახარებულია და ცდილობს მოსავალი დააბინაოს; ამ დროს უფალს მისი იმ ღამითვე ამქვეყნიდან გაყვანა აქვს გადაწყვეტილი. ქონება, რომლისთვისაც ესოდენ ზრუნავდა, მას ოხრად რჩება, რადგან იმქვეყნად ვერაფერს წავიღებთ. სამაგიეროდ მას რჩება თავისი ცოდვები, რომლითაც იგი უფლის წინაშე წარსდგება. იქ მას ვერც ამქვეყნიური სიმდიდრე, ვერანაირი ფული ვერ გაამართლებს. იქ არაფერში გამოადგება ქონება, პირიქით, მის სასჯელად, მის სამხილებლად გადაიქცევა. აი, ასეთი უგნურია უწყალო მდიდარი. თავისთავად სიმდიდრე ცოდვა არ არის, მაგრამ ცოდვა არის ის, როცა ადამიანი ამ სიმდიდრეს უგუნურად იყენებს, გულქვაა და სრულიად გულდახშულია ადამიანთა გაჭირვებების მიმართ.

ქურდობის ცოდვით ჩვენი ერი ძალიან არის დაზიანებული. ვევედროთ უფალს, რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. საყოველთაო სინანულით როგორღაც დავძლიოთ ქურდობის სენი, რათა უფლისაგან წყალობა მოვიპოვოთ.

9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.

10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: