RSS Feed

ტერენტი გრანელის ლექსები


არ ვხედავ ღრუბელს… 

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს, 

ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში. 

და იმ ადგილას მივედი ისევ, 

სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ. 

აქაც გაისმის ქარის გოდება, 

ქარია გარეთ, ქარია სულში. 

დღესაც მეწვია და არ მშორდება 

ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ. 

დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს, 

რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის. 

და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ, 

არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა…  

არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა, 

ახლა იშლება სივრცე ნახული. 

ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა, 

აქ დავდიოდი მთელი ზაფხული. 

და იბადება ყოველთვის კითხვა: 

- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა! 

მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს, 

როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს. 

იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული, 

ისევ სივრცეა, არსებობს მიწა. 

აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში, 

მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა. 

არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა, 

ახლა იშლება სივრცე ნახული. 

ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა, 

აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

არ მახსოვს, მაშინ ვის დავუძახე… 

არ მახსოვს, მაშინ ვის დავუძახე, 

ვიცოდი, ეს დღე რას მიპირებდა. 

მე სკანდალისთვის დამატუსაღეს, 

ვზივარ ქურდებთან და ჯიბგირებთან. 

ეს იყო წინათ, წინათ, როდესაც 

ელოდნენ ცისფერ სიკვდილის წამებს. 

მე, როგორც ტუსაღს, ძილში მომესმა - 

სადღაც მღეროდნენ და იდგა ღამე.

არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს… 

არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს, 

შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს. 

ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ, 

ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე. 

მე ვგმობ ცხოვრების მონას და მორჩილს, 

ჩემი ფიქრები ისევ კივიან. 

ძვირფასო, ახლა ამ მიდამოში 

ყველაზე კარგი ეს ადგილია. 

შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი, 

ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია. 

გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის, 

ტყეა, მარტო ვარ და მეშინია. 

სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე, 

შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს. 

ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ, 

ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე!

ალბათ მოვა დრო . . . 


ალბათ მოვა დრო – შენც აინთები,

ახლა დარდების მძიმე წუთია.

მიწას ადგია ცა გარინდებით

და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.

არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,

ადამიანის ბედი კრულია.

დადუმებული კიდია ზარი

და თითქოს ზარი საყდრის გულია.

მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,

ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.

დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე

და ეკლესია თითქოს თოვლია.

ტერენტი გრანელი 

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About these ads

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 451 other followers

%d bloggers like this: