RSS Feed

ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, მლეთა, 15 ივნისი, 2011 წ


წმინდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, სიმბოლო ვაჟკაცობისა და ძლევისა. ბევრი სასწაული  მოუხდენია ამ ყოვლად წმინდა სამების ახოვან მხედარს. მეც განსაკუთრებულად ვლოცულობ წმ. გიორგის ხატთან და ვავედრებ ჩემს საყვარელ ადამიანებს. ყოველთვის მაძლიერებს და მანუგეშებს.

გუშინ მესამედ ავედი სოფელ ზემო მლეთის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ყოველ ასვლაზე ახალს ვგებულობ ამ არაჩვეულებრივ ტაძარზე. ლომისის ტაძრის ტრაპეზი ორსაფეხურიანია. მასზე შეწირული ხატებია დასვენებული. არავინ იცის, სად არის ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. ამბობენ, შიშიანობის დროს დეკანოზებს იგი გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაში არის დაბრძანებული. ეკლესიაშივე ინახება ლომისას ძველი ხატები, ჯვრები (ორ მათგანს XVII საუკუნის ხუცური წარწერა აქვს, სადაც ბურდულის გვარია მოხსენიებული). ლომისას ერთი ბავრაყი (საეკლესიო დროშა) და ალამიც აქვს. ბავრაყი წითელია და ზედ ზანზალაკები ჰკიდია, ალამი კი სამფეროვანია (წითელი, თეთრი და ლურჯი). ალამს წვერზე შუბიანი თითბრის ბურთი უკეთია.

ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „ლომისის მთის თხემსა არს ეკლესია წმინდა გიორგისა, წოდებული ლომისა (და ამის გამო ეწოდება მთასა ამას სახელი ესე), უგუნბათო. არნ მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქრო-ვერცხლისანი დახიზნულობით. უჭვრეტს სამხრით ქსანსა, ჩრდილოეთით – მთიულეთს. მთა ესე უტყეო არს და ბალახ-ყვავილიანი, კალთათა ტყიანი“

14 ივნისს, ღამის 2 საათზე, გავედით თბილისიდან მე და ჩემი მეგობრები. უზარმაზარი ყვითელი ფერის მთვარე მიგვაცილებდა,  გამთენიისას დავადექით აღმართს და ნისლში ჩაფლული მწევერვალებით მოხიბლულები შევისვენებდით ხოლმე პერიოდულად. თუ არ ვცდები 7 კილომეტრია ეკლესიამდე , რომელსაც დაახლოებით 3 საათში ვფარავთ ნელი სვლით, ვინც პირველად მოდის ყოველ წუთს კითხულობს “კიდევ ბევრი დარჩა?” მე სულ მეღიმება დაღლილ სახეებს რომ ვუყურებ და მიხარია, მიხარია იმ სიხარულით რასაც სასწაულის ნახვით აღფრთოვანებული ხალხის სიხარულია ჰქვია. ბევრი მორწმუნე იდგა რიგში, რიგს უფრო ვერ დავარქმევდი უწესრიგოდ შეგროვებულ ხალხის ბრბოს უფრო გავდა, რომელიც ხან მარჯვნივ გადაიხრებოდა, ხან მარცხნივ. ზოგი ძალიან წუხდა  ნუ მაწვებითო თხოვდა სხვებს,

მე გაღიმებული კი არა უფრო გახარებული ვიდექი და ვცდილობდი ეკლესიაში შესვლას, თან ხშირად ვამბობდი ამ ჭიდაობას არაუშავს მთავარია სხვაგან დავუთმოთ ერთმანეთს, ეს ჭიდაობა კი  ჩემთვის გამართლებულია. უფლის სახლში შესვლისთვის ვიბრძვით და გვეჩქარება, ყველას ჯაჭვის შემოტარება უნდა. სამი წლის წინ მე მარტომ შემოვატარე ჯაჭვი ძელს, შარშან მეგობართან ერთად, ასეთი კურთხევა იყო, ალბათ ხალხის სიმრავლის გამო, ხოლო წელს შვიდ კაცს მხრებზე უდებდნენ  და მხოლოდ ერთხელ შემოტარება იყო შესაძლებელი. ყოველ წელს მრავლდება ამ ეკლესიის ნახვის და ჯაჭვის შემოტარების მსურველთა რაოდენობა. ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოუტანია დიდად ცოდვილ დადიანის ქალს. არის სხვა თქმულებაც, წმინდა გიორგის სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია.
მეხატენი ამ ჯაჭვს ასე უმღეროდნენ:
„ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია;
მოვიდა, ქალმა შესტირა: ეგ ჯაჭვი ჩემი ძმისია,
ლაშქრიდან გამოტანილი, შავგრემანაის ყმისია.
დეეხსენ, ჟანგმა შეჭამოს, ლომისას საკადრისია“.

„ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს“, – ასე ილოცებიან მთიულნი. მათ დიდი რწმენა ჰქონდათ ალისფერ ცხენზე მჯდარი ლომისის წმინდა გიორგისა.
„წმინდა გიორგი ცხენზე ზის, ფეხთ უქრის ნიავქარია,
მხარზე ჰკიდია მათრახი სამოცდასამი მხარია,
ვისაც დაუქნევს, დაამჩნევს; მაგის დაკრული ცხარია“.

ლომისის მთავარმოწამეს შესთხოვდნენ ადამიანისა და საქონლის გამრავლებას, უშვილონი – წილიანობას (შვილიერებას); ვისაც ძუძუში რძე არ ედგა, დეკანოზი (ასე უწოდებენ მთიულეთში ხევისბერს) ტაძრის კედლიდან კირს ჩამოფხვნიდა, წყალში გახსნიდა და მაწოვარ დედაკაცს შეასმევდა. ბავშვსაც თმას პირველად აქ შეკრეჭდა დეკანოზი.

ყველას ვურჩევ, ვინც არ ყოფილა ავიდეს ამ ეკლესიაში და მოილოცოს. სასწაული სიმსუბუქე გეუფლება და ბედნიერი ხარ, ყველაფერში ლამაზს ხედავ, უბრალო მგზავრიც კი რომელიც შენს გვერდით მოაბიჯებს ძალიან გიყვარ და მის მიმართ მიმტევებელი ხარ, თუ ვინმეს დაეჯახე გაიხარეო გეუბნება, თუ ასვლა გიჭირს ხელს გიწვდის და გეხმარება, თუ გწყურია წყალს გაწვდის, რომელიც მასაც გამოელევა მალე და  შეგარგოსო გეუბნება.ასეთი ადამიანები მენატრება ხოლმე და მიხარია რომ არსებობენ და გაფანტულები არიან უბრალოდ. აქ კი ყველა კარგია, ყველას კარგი უნდა რომ იყოს.

ლომისის მთავარმოწამეს ვთხოვ შეეწიოს, გაახაროს ჩემი მეგობრები, ახლობლები და მთელი საქართველო

ნ.შ 16/06/2011


Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

P.S  ისიამოვნეთ ჩემს მიერ გადაღებული ფოტოებით

მლეთა


About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 451 other followers

%d bloggers like this: